თევზი, რომელიც ჰაერში ნადირობს
თევზებს, რომლებიც წყალს ისვრიან (თოხოტეს), ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "მშვილდოსანს". სხვა თევზებისგან ის არაერთი უჩვეულო თვისებით გამოირჩევა, თუნდაც იმით, რომ მანგროს ტყეების უძველესი ბინადარია. ამ პატარა ყოჩაღ არსებაზე გვესაუბრება კოტე ფხაკაძე, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის განყოფილების ხელმძღვანელი.
კოტე ფხაკაძე:
- წყლის მსროლელი თევზი, პირველ ყოვლისა, ნადირობის უცნაური ხერხით გამოირჩევა: ის წყალს ლაყუჩებს შორის აგროვებს და თავის საკბილოს ესვრის. ჭავლი იმდენად ზუსტია, რომ მსხვერპლს 2-3 მეტრის სიმაღლიდანაც აგდებს წყალში, რის შემდეგაც მოხერხებული მონადირე გემრიელად და სწრაფად ჭამს. სანამ პატარაა, ნადირობის ამ ხერხს არ იყენებს. ამ დროს ის საკვებს ჩვეულებრივად მოიპოვებს, მაგრამ როცა ზრდასრულ ასაკში გადადის, თევზაობას წყლის ჭავლით იწყებს.
- მაინც როგორ ახერხებს წყლის ჭავლით მსხვერპლის მონადირებას?
- წყლის მსროლელს ამ ჭავლით შეუძლია ძირს ჩამოაგდოს ნებისმიერი მცირე ზომის ცხოველი, მაგრამ ყველაზე მეტად მწერებს ეტანება. დავუშვათ, თუ ჭავლს მიზანს ვერ მოახვედრებს, ამის გამო საკვების მოპოვებაზე უარს არ ამბობს და კვლავ და კვლავ შეეცდება მსხვერპლის მონადირებას. სროლის წინ აუცილებლად ჟანგბადსაც მოიმარაგებს და თუ პირველივე ცდაზე ვერ ჩამოაგდებს, მეორედ და მესამედ ცდის ბედს. წყლის ჭავლის გამოსროლის შემდეგ თევზი ზუსტად იმ ადგილს მიაშურებს, სადაც თავისი საკბილო ეგულება - მან თითქოს წინასწარ იცის, მსხვერპლი სად უნდა ჩამოვარდეს.

- როგორია ამ თევზის საყვარელი საბინადრო?
- წყლის მსროლელი თევზი უმეტესად ტროპიკულ წყლებში გვხვდება, ხშირად ბინადრობს იქ, სადაც მანგროს ტყეებია, სადაც ტოტები ძალიან ახლოსაა წყლის ზედაპირთან. მანგროს ტყეები ტროპიკულ და სუბტროპიკულ სანაპიროებზე იზრდება როგორც მტკნარ, ასევე მარილიან წყლებში. ალბათ, მკითხველი დასვამს კითხვას - რა არის მანგროს ტყე? - ეს მარილგამძლე ხეებისა და ბუჩქების ჯგუფია, რომელიც სანაპირო ზოლს ამაგრებს და ეროზიისგან იცავს. ის ერთგვარი ბუნებრივი ბუფერია ქარიშხლისა და ცუნამის დროს. წყლის მფრქვეველი თევზებიც ხშირად სწორედ მანგროს ტყეებში ცხოვრობენ, რადგან ტოტებზე მსხდომი მწერები მათთვის იდეალური საკვებია. მათი ბუნებრივი ჰაბიტატი სწორედ მანგროს ზონაა. ეს არ ნიშნავს, რომ წყლის მფრქვეველი თევზი ზღვაში არ შეგვხვდება - იმ მონაკვეთებში, სადაც მდინარეები ზღვას უერთდება, ამ თევზს ხშირად ხედავენ.Mიქვეა მანგროს ხეები, რომლებიც ზღვაშიც კარგად იზრდება და მტკნარ წყალშიც. ეს ტყეები ყველგანაა, სადაც დაბალი წყლებია. როდესაც შტორმი ან ცუნამი იწყება, მათ სწორედ მანგროს ტყის ფესვები აკავებს, რითაც სანაპიროებს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს. კუნძულები, სადაც მანგროს ხეები არ არის, ირეცხება, რადგან მათ მცენარეთა ფესვები არ იცავს.
- რა ზომისაა ზრდასრული წყლის მფრქვეველი?
- ამ თევზის ზომა დაახლოებით 30 სანტიმეტრია, თუმცა არის სახეობები, რომლებიც მხოლოდ 7-8 სანტიმეტრამდე იზრდება. ყველაზე პოპულარულია მისი ორი სახეობა - კოპლებიანი და ზოლიანი. ზოლიანს სხეულზე 4-5 მუქი ზოლი აქვს, ხოლო კოპლებიანს - წერტილები ამშვენებს. ორივე მათგანი ერთნაირად თევზაობს და მსხვერპლსაც ერთნაირად იჭერს. წყლის მსროლელ თევზს ზედა ყბა უფრო დიდი აქვს, ვიდრე ქვედა. ამის წყალობით, წყლის ჭავლის გამოტყორცნის დროს, თევზი ზუსტად ახვედრებს მიზანში - თითქოს ყბების მოყვანილობაც ხელს უწყობს, რომ კარგად ინადიროს. ეს თევზები ბინადრობენ ინდონეზიასა და ფილიპინებზე, ძირითადად იქ, სადაც მდინარეები ზღვას უერთდება და ნახევრად მტკნარი წყლის ნაკადი იქმნება. წყლის მფრქვეველი თევზი ამ შენაკადებს მიჰყვება და იქ საიმედო თავშესაფარს პოულობს. ზღვაში გასვლა ამ თევზებისთვის პარაზიტების მოშორების კარგი საშუალებაა. კანის პარაზიტები წყლის მსროლელი თევზის კანზე გროვდება მტკნარ წყალში ყოფნისას. ხოლო მლაშე წყალში ეს პარაზიტები იხოცებიან და თევზიც გაჯანსაღებული ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ეს ვერცხლისფერი, ეფექტური არსებები გუნდურად ცხოვრობენ და დიდ დროს ატარებენ წყლის ფსკერზე.

- ცნობილია, რომ აკვარიუმებში ეს თევზი საკმაოდ პოპულარულია, ძნელია ტყვეობაში მისი მოვლა?
- წყლის მსროლელ თევზს დიდი სივრცე და სათანადო პირობები სჭირდება, თავი რომ კარგად იგრძნოს. ამავე დროს, მის საბინადრო არეალს ზემოდან მცენარეები და მათი ტოტები უნდა დაჰყურებდეს, რათა ამ ტოტებზე მწერები დახვდეს. ხუთი-ექვსი წლის წინ წყლის მფრქვეველი თევზები თბილისის ზოოპარკშიც გვყავდა. ტოტებზე მწერებს დავუსვამდით და ისინიც მოინადირებდნენ. ზოოპარკის სტუმრები და განსაკუთრებით ბავშვები, ამ სანახაობის ცქერისას ძალიან ერთობოდნენ. იმავდროულად, საკვებს წყალშიც ვუყრიდით და ჩვეულებრივადაც იკვებებოდნენ, ოღონდ კარგად რომ დანაყრდეს, მოტივტივე საკვები უნდა ჩაუყარო, რომელიც არ იძირება. ზოოპარკში ყოფნისას წყლის მსროლელი თევზი თვითონაც ნადირობს და წყალში ჩაყრილი საკვებითაც კარგად იკვებება. როცა საკვებს ვერ ხედავს, ეს თევზი ერთ ადგილასაა გაჩერებული და ელოდება, ხის ტოტებზე მწერები როდის დასხდებიან. ის მოთმინებით, გაუნძრევლად ელის და ამ დროს საინტერესო სანახავი ნამდვილად არ არის. სანამ ხის ტოტებზე მწერებს არ დაინახავს, ადგილიდან არ იძვრის და მისი შემჩნევა ძალიან ძნელია.
- თბილისის ზოოპარკის თევზებს ბოლოს რა ბედი ეწია?
- წყლის მსროლელები დიდხანს არ ცოცხლობენ, სამწუხაროდ, ჩვენი თევზებიც დაბერდნენ და დაიხოცნენ, თუმცა ისევ ვაპირებთ მათ ჩამოყვანას და იმედია, გამოგვივა.

- რა რაოდენობითაა ეს თევზი დედამიწაზე და საფრთხე ხომ არ ემუქრება?
- საბედნიეროდ, წყლის მსროლელ თევზებს საფრთხე არ ემუქრება, ისინი საკმაო რაოდენობით არიან თავიანთ საცხოვრებელ ჰაბიტატში და მოწყვლადი სახეობების რიცხვს სულაც არ მიეკუთვნებიან.
- დასასრულ, რას გვეტყოდით თევზებზე, რომლებიც წყლიდან ხტებიან და საკვებს ასე მოიპოვებენ?
- ამ თევზების სახელებია: არავანა და არაპაიმა - ორივე წყლიდან ხტება და ასე იჭერს თავის მსხვერპლს. ეს თევზები ზედაპირთან ახლოს დაცურავენ და წყლის ზედაპირიდან 1-2 მეტრის სიმაღლეზე ხტებიან მწერების, ბაყაყების ან პატარა ფრინველების დასაჭერად. სხვათა შორის, არაპაიმა ერთ-ერთი დიდი მტკნარი წყლის თევზია, რომელსაც მაიმუნის დაჭერაც კი შეუძლია. წყლის მსროლელ თევზებს არავანა და არაპაიმა იმით ჰგვანან, რომ საზრდოს წყლის ზემოთ მოიპოვებენ, ოღონდ ამისთვის წყლიდან ამოხტომა ისწავლეს.
ხათუნა ჩიგოგიძე