ვომბატი - სიხარული ზოოპარკებისთვის
ვომბატი შორეული ავსტრალიის ბინადარია. ეს სიმპათიური არსება მიწაში გრძელ გვირაბებს თხრის და იქ დიდ დროს ატარებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვომბატი თავისი საქმის ოსტატი და გამოცდილი "მშენებელია". ამ უცნაური ჩანთოსნის შესახებ გვიამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დავით თარხნიშვილი.
დავით თარხნიშვილი:
- ავსტრალია სხვა კონტინენტებისგან განსხვავებული ადგილია, რომლის ფაუნა უაღრესად საინტერესო და ორიგინალურია. თითქმის ყველა იქაური ცხოველი, გარდა ღამურებისა, ჩანთოსანია. სწორედ ასეთი ჩანთოსანი ცხოველია ვომბატი, რომელიც ვომბატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ეს ოჯახი ჯერ კიდევ დინოზავრების ეპოქაში გამოეყო სხვებს და დღეს ან ავსტრალიაში ბინადრობს, ან ახალი გვინეის კუნძულზე, თუ არ ჩავთვლით ერთ პატარა ჯგუფს - ოპოსუმებს, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობენ. ჩანთოსნები იმით განსხვავდებიან პლაცენტარული ძუძუმწოვრებისგან, რომ მათი ემბრიონი დედის სხეულში დიდხანს არ ვითარდება, ამიტომ მათი მაკეობა ცოტა ხანს გრძელდება. ამ მხრივ ჩანთოსნები გამორჩეულები არიან: ნაშიერი რომ ჩაისახება, მალევე იბადება და დედის ჩანთაში გადადის. სწორედ ასეთ ჩანთაში იზრდება და ვითარდება პატარა ვომბატი, ძუძუსაც ამ ჩანთიდან წოვს.

- სწრაფად მრავლდებიან ვომბატები?
- პირიქით, ნელა მრავლდებიან. მდედრი ვომბატის მაკეობა მხოლოდ ორ კვირას გრძელდება. ის ერთ ნაშიერს ბადებს, რომელსაც ეხმარება, რომ თავის ჩანთაში ანუ კანის ნაკეცში გადავიდეს. ისიც, პატარა კენგურუს მსგავსად, ჩანთას მიეკრობა და ძუძუს მანამ წოვს, სანამ ზრდასრულობას არ მიაღწევს. შთამომავლობაზე მხოლოდ დედა ზრუნავს, რადგან ვომბატები მარტოხელა ცხოველები არიან. ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ მდედრი და მამრი ერთმანეთს შორდებიან და პატარა ვომბატს დედა ზრდის. როგორც წესი, ეს ცხოველები ერთ ნაშიერს აჩენენ, რომელიც ზრდასრული 1,5 წლის შემდეგ ხდება, ამიტომ, მათი გამრავლების ტემპი ძალიან დაბალია. აღსანიშნავია, რომ კენგურუსგან განსხვავებით, რომლის ჩანთა მუცელზეა მიმაგრებული და კარგად ჩანს, ვომბატის ჩანთა უკანა მხრიდან იხსნება და იქ პატარა ვომბატი საიმედოდ არის დამალული.
- რომელი ცხოველი ენათესავება ვომბატს?
- მისი უახლოესი ნათესავია კოალა, რომელიც პოპულარული ცხოველია. მათ ნათესაობას გენეტიკური ანალიზიც ადასტურებს. მეცნიერების აზრით, ვომბატისა და კოალას წინაპრები ერთმანეთს დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ გამოეყვნენ. ამიტომაა, რომ დღეს კოალა ხეებზე ცხოვრობს, ხოლო ვომბატი - სოროში. ვომბატთან შორეული ნათესაობა აკავშირებს ძილგუდასაც.
ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია ვომბატების სამი სახეობა. ერთი მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში და ტასმანიის კუნძულზე ცხოვრობს, ხოლო ორი - ავსტრალიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში. მათი სახელები ქართულად ასე ჟღერს: ტასმანიური ვომბატი, ავსტრალიური ვომბატი და კუნძულის ვომბატი. ცნობილია კიდევ ორი სახეობა, რომელიც "მოძმეებისგან" იმით გამოირჩევა, რომ ცხვირი ბეწვით აქვს დაფარული და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიის ბინადარია.

- ბატონო დავით, რა არის ამ ცხოველებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი?
- საკმაოდ დიდი ჩანთოსანია: მისი სიმაღლე 50 სანტიმეტრია, ხოლო სიგრძე - საშუალოდ, ერთი მეტრი. ამ სიმპათიურ ჩანთოსანს ძალიან განვითარებული გრძელი კლანჭები აქვს, ხოლო კბილები ისე აქვს მოწყობილი, როგორც მღრღნელებს: მისი ორი წინა კბილი განსაკუთრებით ბასრი და მჭრელია. ამ ორი კბილით ვომბატს შეუძლია ფესვებიც დაღრღნას, ხის ქერქიც და ნებისმიერი მცენარეული საკვებიც. მისი "მენიუ", ძირითადად, ისეთი მცენარეებისგან შედგება, რომლებიც ნაკლებად კალორიულია და ამ საკვების გადამუშავების პროცესი შეიძლება ორ კვირამდეც გაგრძელდეს.
- რამდენად საიმედო თავშესაფარია გვირაბი, რომელსაც ვომბატი თხრის და საცხოვრებლად იყენებს?
- ვომბატი თხრის ძალიან დიდ სოროებს, რაც მისთვის საიმედო თავშესაფარია. ის რაღაცით წააგავს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ მაჩვს. სწორედ ამიტომ ავსტრალიაში გვხვდება ასეთი სახელები: მაჩვის ხეობა, მაჩვის კანიონი და სხვა, სინამდვილეში კი ეს სახელი მაჩვის გამო კი არ დაარქვეს, არამედ ვომბატის გამო, რომელიც მაჩვში აერიათ. ამ ცხოველს სხვებისგან კიდევ ერთი საინტერესო თვისება გამოარჩევს: მისი ექსკრემენტები მართკუთხედის ფორმისაა. ეს უცნაურობა რისი ბრალია, ჯერ არავინ იცის.
ის ბუნებით აგრესიული არ არის, მაგრამ თუ ველურ ვომბატს ვინმე დაეტაკება, რა თქმა უნდა, თავს დაიცავს. უმეტეს შემთხვევაში, თუ ამის საშუალება მიეცემა, გარბის და თავდაცვის მიზნით თავის უზარმაზარ გვირაბში იმალება. როგორც გითხარით, ვომბატი ძალიან ნელი, უვნებელი ჩანთოსანია, მაგრამ ამის მიუხედავად, შეუძლია ადამიანი თავისი უზარმაზარი კლანჭებით გაკაწროს, რაც სასიამოვნო სულაც არ არის. ცხოვრობს ყველგან: მთებსა და ნახევრად უდაბნოებში, ტყეებსა და სტეპებში, მაგრამ ძალიან ცხელ, ტროპიკულ კლიმატს ერიდება. მისი საცხოვრებელი არეალი ზუსტად ემთხვევა გადაშენებული ჩანთოსანი მგლის არეალს. იმ ადგილებში, სადაც ვომბატი ცხოვრობს, ადრე ჩანთოსანი მგელი ბინადრობდა.
- ყველაზე მეტად რომელი ცხოველი ემტერება ვომბატს?
- ტასმანიური ეშმაკი, რომელიც ვომბატზე ნადირობს - ის მისთვის ყველაზე საშიში მტერია. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა, როგორ ცხოვრობს ვომბატი ტყვეობაში? - ის ტყვეობას კარგად უძლებს. ავსტრალიის ზოოპარკებშიც ხშირად ჰყავთ, რადგან მისი მოვლა იოლია. ვომბატს სპეციფიკური საკვებიც არ სჭირდება. მაგალითად, თუ კოალა მხოლოდ ევკალიპტის ფოთლებით იკვებება, ვომბატი ამ მხრივ უპრეტენზიო ცხოველია - ის სხვადასხვა მცენარეულ საკვებს ჭამს, ოღონდ მკაცრად ვეგეტარიანელია - გარდა მცენარეებისა, სხვა სახის საკვებს არ ეტანება. ავსტრალიის კონტინენტის გარეთ ვომბატი იშვიათად გვხვდება, ზოოპარკებშიც კი. იმის გამო, რომ მხიარული, მიმზიდველი ცხოველია, ადამიანებსაც ადვილად ეჩვევა და ეთამაშება, ის ნებისმიერი ზოოპარკის სასურველი ბინადარია. ზოოპარკში თავს კარგად გრძნობს და კარგადაც მრავლდება. თავის სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში ვომბატი ძალიან პოპულარულია, მულტფილმებშიც გვხვდება, მისი გამოსახულება ფულის კუპიურებსა და საფოსტო მარკებზეცაა აღბეჭდილი. განსაკუთრებით სასიამოვნო და ხალისიანი პატარა ვომბატთან თამაში და ურთიერთობაა.
- როგორია ამ ცხოველის რაოდენობა მსოფლიოში?
- ვომბატი მრავალრიცხოვანი ცხოველი არ არის. განსაკუთრებით მოწყვლადია მისი ჩრდილოური სახეობა, რომელიც კრიტიკული საფრთხის წინაშეა. XXI საუკუნეში ვომბატის ყველა სახეობა დაცულია, რადგან მას ადრე დაუზოგავად ხოცავდნენ იმის გამო, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს აფუჭებდა. საქმე ის არის, რომ ვომბატისთვის ღობე დაბრკოლება არ არის: ბასრი ბრჭყალებით ღობის ქვეშ მიწას მარტივად თხრის და ნებისმიერ ნაკვეთში ადვილად აღწევს. ამის გამო XX საუკუნის დამდეგს ვომბატის მოკვლისთვის პრემიაც იყო დაწესებული. ამგვარი მოპყრობის მიზეზით მისი რიცხოვნობა კატასტროფულად შემცირდა და XX საუკუნის მეორე ნახევარში უკვე დაცული ცხოველების სიაში შეიტანეს. ადრე მას საკვებადაც იყენებდნენ, ძირითადად, ავსტრალიელი აბორიგენები. ვომბატის ხორცი საკვებად გამოსადეგია, როგორც დიდი მღრღნელებისა - კურდღლის ან კაპიბარასი. მოგვიანებით, როცა ავსტრალია ბრიტანელების კოლონია გახდა, ვომბატის ხორცს საკვებად ინგლისელებიც იყენებდნენ, თუმცა ახლა, როგორც ვთქვით, ვომბატზე ნადირობა და მისი მოკვლა სასტიკად აკრძალულია. ამ აკრძალვებისგან დამოუკიდებლადაც, ვომბატი ძალიან ნელა მრავლდება, რის გამოც საგანგებო დაცვასა და ყურადღებას საჭიროებს.
ხათუნა ჩიგოგიძე