„სოფლის მეურნეობა საუკეთესო გზაა, არავინ გეუფროსებოდეს“
"ამ ფერმაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ქალაქს ეკუთვნის, ტყის პირას, ლანჩხუთიდან ოთხიოდე კილომეტრზეა. ეს შესაძლებელს ხდის ტურისტი უფრო ადვილად მოვიდეს", - ამბობს კორნელი ჭყონია, რომელმაც საჯარო სამსახურზე უარი თქვა, ფერმა შეიძინა და იქ ყოველდღიურად შრომობს.
- ქალაქ ლანჩხუთში დავიბადე და გავიზარდე, სოფლის მეურნეობასთან შეხება არ მქონია, რადგან ნაკვეთი კი არა, პატარა ბოსტანიც კი არ გვქონია.
ახლობლებმა რამდენიმე ოჯახი ფუტკარი მაჩუქეს და მათი მოვლა იმდენად მომეწონა, რომ პატარა მიწის ნაკვეთი შევიძინე, თხილნარით, სადაც ფუტკარი მყავდა. პატარა კოტეჯის აშენებაც მსურდა აგროტურისტული გარემოსთვის, რადგან ამ სფეროთი ჩვენი პატარა ქალაქი ვერ დაიკვეხნის. მერე ეს ფერმა აღმოვაჩინე, ბანკის დახმარებით შევიძინე და იქ გადავსახლდი. ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი უპირველესი საქმე ეს ფერმა გახდა. სულ ამ აზრის ვიყავი: თუ არ გინდა ადამიანს სამსახურში უფროსი გყავდეს, გქონდეს რუტინული გარემო, სადაც ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სხვის საქმეს აკეთებ და ამ საქმით ბედნიერი არა ხარ, ასეთ შემთხვევაში სოფლის მეურნეობა იდეალური გამოსავალია. საკუთარ თავს, საკუთარ საქმეს ემსახურები, თავად ხარ შენი თავის უფროსიც, ბუღალტერიც, ეიჩარიც და ყველაფერიც. მენეჯმენტიც შენია და თავად აგებ პასუხს შენს ყოველ ნაბიჯზე. სოფლის მეურნეობის ეს უპირატესობა ყოველთვის მომწონდა.

- როგორ მდგომარეობაში იყო ფერმა, რომელიც შეიძინეთ?
- მიტოვებული იყო, დამხვდა ხეხილი, შენობა-ნაგებობები, მაგრამ მოუვლელი. მას შემდეგ ბევრი რამ ავაშენე. ყოველდღიურად ვარ ჩართული ფერმის განვითარებაში, ვცდილობ ცხოველი, ფრინველი შევმატო. დამხვდა აუზიც, სადაც შესაძლებელია თევზის მოშენება. კარგი იქნება, ტურისტმა თავისი ხელით მოამზადოს, გარდა იმისა, რომ თავად ისიამოვნოს თევზის დაჭერით. იქვე შენივე მოყვანილი უსასუქო კიტრი და პამიდორი მიართვა, გურული სურნელი დაახვედრო და დაუვიწყარი გახადო მისთვის შენთან ვიზიტი.
ფერმა ბანკის დახმარებით კი შევიძინე, თუმცა 40%-ით თანადაფინანსებამ მომიწია. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლები ემიგრაციაში მყავს, ხოლო ძმა ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, მარტოს ბევრი სირთულე მხვდება. მართალია, არსებობს ტექნიკა გასაქირავებლად, მაგრამ ძვირია. ძირითადად, მარტოს მიწევს მუშაობა, რაც ძნელია, თუმცა არა იმდენად, ადამიანმა წინსვლა ვერ შეძლო.
სირთულეების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობისთვის მცირე დაფინანსებებია, მით უმეტეს, გურიაში. თითქმის არასოდეს არაფერი ცხადდება და თუ ცხადდება, რატომღაც ძალიან გვიან ვიგებთ. ადამიანს, ასაკის მიუხედავად, თუ სოფლის მეურნეობაშია ჩართული და განვითარების სურვილი აქვს, ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვინაიდან არანაირი ხელშეწყობა არ არის, მთლიანად საკუთარი ხარჯებით მიწევს საქმის განვითარება. მინდა ამ ქალაქს სარეკლამო იერი მივცე, ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყოს არა მხოლოდ აგროკუთხით, არამედ ტურიზმის განვითარებისთვისაც. ახლა ფერმაში ღორები გვყავს, იხვებიც შევუკვეთე. ხეხილი მაქვს და უშაქრო ხილის არაყს ვხდი. ესეც მსურს ბრენდი იყოს, საქართველოში ხილის უშაქრო არაყი არსად შემხვედრია. შერეული ტიპის მეურნეობა მექნება, მეყოლება კამეჩები, ცხენებიც ტურისტებისთვის, ლამაზი ადგილების დასათვალიერებლად.
ყოველდღიურად ახალ რაღაცას ვსწავლობ ღორის, თევზის, ფუტკრის მოვლისთვის. თუნდაც ხეხილის გასხვლა-ფორმირებისთვის მიწევს ვინმე აგრონომს დავურეკო, ან ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიო. კურიოზიც შემემთხვა: მეგობარმა თესლი მომცა, დავთესეთ და თურმე კიტრის ნაცვლად ყაბაყი დაგვითესავს. სანამ არ გაიზარდა და ფოთოლი არ დაეტყო, ვერც მივხვდი. ასეთი კურიოზები ახლავს სწავლას.

- თქვენი ყოველდღიურობა როგორია?
- ყოველი სეზონი განსხვავებულია, თუნდაც სიმინდის მარცვლის ჩაგდებიდან მის მოტეხამდე. არანაირი სიმძიმე ამ ყოველდღიურობას არ ახლავს იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ყველაფერს ოჯახისთვის ვაკეთებ და ამას სიამოვნება უფრო ახლავს, ვიდრე დაღლა. თუნდაც საღამოს შინ ბრუნდები და შენივე შრომით მოწეული ხილის არაყით დაილოცები მეგობრებთან ერთად, ვინც გეხმარებოდა, ეს დიდი სიხარულია. საკუთარი თავისთვის შრომის უპირატესობაც ეგ არის, იღლები, მაგრამ სასიამოვნოა.
- დამწყებ მეურნეებს რას ურჩევთ.
- ყველას ვუსურვებ ემსახურონ საყვარელ საქმეს, რაც უყვართ და გამოსდით. მთავარია, სიამოვნებდეთ საქმის კეთება და არა იძულებით მუშაობდნენ. გულის სიღრმეში ჩვენ ყველა ამას ვნატრობთ. სოფლის მეურნეობაში რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება, ქვეყანას წაადგება, ამდენი პროდუქტი აღარ შემოვა. სოფლის მეურნეობის განვითარება დაეხმარება სოფლის აღორძინებას. გული მისკდება, როცა მიტოვებულ სახლებს ვხედავ. ადამიანები ქალაქში იმისთვის მიდიან, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ და სოფლები მიტოვებულია.