“ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება“, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო“ - პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციაზე
ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება". მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე, დაკითხვისას განაცხადა.
ასევე, პაატა ბურჭულაძემ იკითხა თუ რატომ არ დააკავეს აქციამდე რამდენიმე ხნით ადრე, თუ „მშვიდობიან დამხობაში" ძალადობრივი ნიშნები იკითხებოდა.
„მე აქ თავის გასამართლებლად არ მოვსულვარ, ეს იყო ისტორიული დღე. მივიღეთ დეკლარაცია. ასევე, ვუყარეთ კენჭი ადამიანებს. ისინი არიან ეჭვმიტანილები, კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო. აქციაზე შვილიშვილთან ერთად ვიყავი აქციაზე, რა ძალადობაზეა საუბარი.
რაც შეეხება ორგანიზებას, ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება". მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემს დაძახებულზე ხალხი გამოსულიყო.
რაც შეეხება ვიდეოს, სადაც ჩვენ ყველანი ვჩანვართ, ძალიან დიდი ალბათობა იყო, რომ რაიმე პროვოკაცია შეიძლება მომხდარიყო. მინდოდა ხალხისთვის მეთქვა, რომ სხვებისთვის არ დაეჯერებინათ და იქვე იდგნენ ეს ადამიანები და დავუძახე.
რაც შეეხება სცენაზე ასვლას, იქ ყველას შეეძლო ამოსულიყო და ვისაც რაც მოესურვებოდა, ის ეთქვა. სასახლისკენ გადასვლა აღვიქვი ისე, რომ იქ უნდა გაგვეგრძელებინა მიტინგი. რომ მივედით, ღობე ჩამოგდებული დაგვხვდა. მაგრამ, რადგან მე ნათქვამი მქონდა, რომ მე ვიღებდი პასუხისმგებლობას, გადავედი ეზოში და სპეცრაზმელებს ვუთხარი, რომ ხალხზე ხელი არ აეწიათ, მათ არ აუწევიათ ხელი ხალხზე, მაგრამ გოჩა პატარიძემ 2 მეტრიდან სპრეი შემასხა. გამოვედი გარეთ, როგორც კი მოვსულიერდი ხელმეორედ გადავედი და ისევ მოვუწოდებდი, რომ ხელი არ აეწიათ ხალხზე და მეორეჯერ შემასხეს სპრეი. ამის შემდეგ გადავედი რუსთაველის გამზირზე, თვალები დამწვარი მქონდა...“