"მე და დათოს მოგვბეზრდა ერთმანეთი, გადავიღალე ოჯახური ვალდებულებებით... განქორწინების შემდეგ ბინა მე გადმომიფორმა" - დათო დარჩიას ყოფილი ცოლის გულახდილი ინტერვიუ
ცნობილი მსახიობის, დათო დარჩიას ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ბუხნიკაშვილი გულახდილად საუბრობს ჟურნალ "სარკესთან" თავის ცხოვრებაზე. ოჯახი, ორი შვილი, თითქმის 25-წლიანი თანაცხოვრება და მოულოდნელი განქორწინება - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ამბისა, რომელსაც ქალბატონი ვიქტორია მკითხველს უზიარებს. წლების განმავლობაში მისი განსაკუთრებული ტორტები ამშვენებდა თბილისის ელიტურ წვეულებებს, ახლა კი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და ძმასთან ერთად საკუთარი საკონდიტროს გახსნას გეგმავს. ინტერვიუში ვიქტორია იხსენებს დათო დარჩიასთან გაცნობის ისტორიას, საუბრობს მათ ურთიერთობაზე განქორწინების შემდეგ და იმ მოტივებზე, რამაც მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე
- თითქმის 25 წელი იყავით ერთად, საუკეთესო წყვილად ითვლებოდით, ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო თქვენი განქორწინების ამბავი...
- წლებთან ერთად რაღაცები იწურება, მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის დედასთან ცხოვრობს, მე ცალკე ვარ. ეს ბინა დათომ მე მაჩუქა.
- თქვენ თუ შვილებს?
- არა, პირადად მე მაჩუქა. ადგა და ბინა გადმომიფორმა.

- მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ხართ, მაინც გკითხავთ, როგორი იყო თქვენი გაცნობის ისტორია...
- ჩვეულებრივი, თეატრალურის ბუფეტში გავიცანით ერთმანეთი. თავიდანვე მომეწონა, ჩანდა, რომ ნიჭიერი ბიჭი იყო. მერე მისი სპექტაკლი ვნახე და გადავირიე. ერთმანეთი რომ გავიცანით, ისე აეწყო, სიყვარულიც მოვიდა. ბოლოს ერთ მშვენიერ დღეს დავრჩი დათოსთან სახლში. მაშინ 20 წლის გოგონა ვიყავი, დათო 24 წლის იყო. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ურთიერთობაში პრობლემა არ გვქონია. თავიდან რატომღაც ასე გადავწყვიტე, რომ დათოსთვის ხელი შემეწყო.
- მაგრამ ამ წლების განმავლობაში აკეთებდით იმ საქმეს, რომელიც გიყვარდათ...
- კი ასეა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩარჩოში მოქცეული ვერ ვიმუშავებდი. დილით სამსახურში წავსულიყავი და საღამოს სახლში მოვსულიყავი, ეს ჩემი სტილი არ იყო. 7 წელი ვაცხობდი ტორტებს. ორი დღე ვუნდებოდი. პირველ დღეს ბისკვიტებს ვაცხობდი, მეორე დღეს ვაფორმებდი.