რუსეთის მოქალაქეებთან მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად მისულმა პირებმა დაზარალებულებს ფული, მობილური ტელეფონი და ლეპტოპი წაართვეს, შემდეგ კი ავტომანქანებით მარნეულის მიმართულებით გაიტაცეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ.
„ბრალდებულებმა, ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე საათის შემდეგ, დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს.
სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს.