ირანმა მართლაც ჩამოაგდო, ოღონდ არა მეხუთე თაობის ამერიკული "პინგვინი",  არამედ წინა თაობის "არწივი“ - კვირის პალიტრა

ირანმა მართლაც ჩამოაგდო, ოღონდ არა მეხუთე თაობის ამერიკული "პინგვინი",  არამედ - წინა თაობის "არწივი“

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენშტაბი ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ირანის ცენტრალური ნაწილის თავზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალებით ჩამოაგდო მეხუთე თაობის ამერიკული მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი F-35 Lightning II...

ირანის სამხედრო პროპაგანდას (ისევე, როგორც ომის პირობებში მყოფი რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა თუ აშშ-ის) სჩვევია მოწინააღმდეგის მხარის დანაკარგების „მოგონება და გაბერვა“. ირანი ერთხელ უკვე იტყობინებოდა ამერიკული F-35-ის ჩამოგდების შესახებ და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოპტიკურ-ელექტრონულ სამიზნეში ამოღებული ამ თვითმფრინავის ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომლის სიახლოვესაც რაკეტა ფეთქდება, მაგრამ მაშინ დაზიანებული ამერიკული F-35-ის მფრინავმა (რომელიც საზენიტო რაკეტის აფეთქების შედეგად ნამსხვრევებით იყო დაჭრილი) შეძლო ავარიული დაშვების განხორციელება, საუდის არაბეთის ერთ-ერთ აეროდრომზე.

1-saze-1775205235.png
ამერიკული „დამრტყმელი არწივი“- F-15E Strike Eagle, პირველი დადასტურებული საბრძოლო დანაკარგია პენტაგონისთვის, რომლის ფრაგმენტები ირანის მიწაზე დაეცა...

ამჯერად კი ირანული მხარე ავრცელებს აფეთქებული თვითმფრინავის მიწაზე დაცემული ფრაგმენტების ფოტოვიდეოკადრებს, რომლებზეც გამოსახული დეტალები, თავისი წარწერებითა და ნახატებით, ადასტურებს ირანელი მეზენიტეების წარმატებას -მათ მართლაც ჩამოუგდიათ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი, ოღონდ ის არა მეხუთე თაობის F-35 Lightning II-ია (რომელსაც „საბრძოლო პინგვინსაც“ ეძახიან), არამედ - მეოთხე თაობის, ოღონდ მოდერნიზებული F-15E Strike Eagle, „დამრტყმელი არწივი“...

ამას მიუთითებს ირანული მხარის მიერ გავრცელებული ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრაგმენტების ფოტოებიც - ეს ფრაგმენტი თავისი წარწერით, არწივის ნახატითა და მოწითალო ზოლით, ზუსტად შეესაბამება ევროპაში დისლოცირებული ამერიკული F-15E Strike Eagle-ის მარცხენა ვერტიკალური საჭის (კილის) ზედა ნაწილს...

2-saz-1775205235.jpg
ირანის მიერ გავრცელებულ ამ ფოტოზე გამოსახულ თვითმფრინავის ფრაგმენტზე არსებული წარწერა, ნახატი და მოწითალო ზოლი შეესაბამება ამერიკული F-15E Strike Eagle-ის მარცხენა ვერტიკალური საჭის (კილის) ზედა ნაწილს...

ამ ომში ამერიკულ „არწივებს“ რაღაც ძალიან არ უმართლებთ - ჯერ იყო და ქუვეითელმა პილოტმა თავისი F/A-18 Hornet-დან გაშვებული „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტებით ერთმანეთის მიყოლებით სამი ამერიკული F-15E Strike Eagle „ჩამოხსნა“, ქუვეთის ციდან (დიდი ალბათობით, შეგნებულად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში ქუვეითი აშშ-ის მოკავშირედ ითვლება), ახლა კი მეოთხე „არწივიც“ გამოაკლდათ ამერიკულ საჰაერო ძალებს, არადა თითოეული ასეთი „დამრტყმელი არწივი“, არც მეტი და არც ნაკლები 100 მლნ დოლარადაა შეფასებული...

არადა, დღე არ გავა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების წინაშე არ წაიტრაბახოს, რომ ამერიკულმა ავიაციამ „სრულად გაანადგურა ირანის საჰაერო თავდაცვა“ და ახლა ამერიკელი პილოტები ირანის ცაში, როგორც მოესურვებათ, ისე დაფრინავენ და აღარავითარი საფრთხე არ ემუქრებათო...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის ულტიმატუმი, რომელმაც შესაძლოა, უკრაინაში კატასტროფა გამოიწვიოს?! - "ნატო დაგვეხმაროს ჰორმუზის სრუტის გახსნაში, თორემ..."

ომების პლანეტიდან მთვარისკენ - 54-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანები დედამიწის თანამგზავრს შემოუფრენენ

ირანთან ომში პრეზიდენტი ტრამპი „პრეზიდენტმა ფორდმა“... გაჭედილი ტუალეტების გამო მიატოვა ...

როგორ აღვიძებენ ფრენისას ჩაძინებულ რუს სამხედრო პილოტებს?

ტრამპის ტრაბახს, ირანის საჰაერო თავდაცვის „სრული განადგურების“ თაობაზე, ასევე ნაწილობრივ აქარწყლებს სხვა სტატისტიკაც - ამ ომის ერთ თვეში ირანმა შეძლო არანაკლებ 17 ერთეული ამერიკული MQ-9 Reaper-ის ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება, რისი დამადასტურებელი ფაქტები, საზენიტო რაკეტების მოხვედრისა და მიწაზე ჩამოცვენილი ფრაგმენტების ფოტოვიდეოკადრების სახით, ირანულმა მხარემ გაავრცელა.

3-saz-1775205235.png
ამერიკული F-15E Strike Eagle-ის მარცხენა ვერტიკალური საჭის (კილის) ნაწილი...

თითოეული ამერიკული MQ-9 Reaper-ის ფასი 30 მლნ დოლარს უტოლდება ანუ, საერთო ჯამში, პენტაგონმა 17 ასეთი საბრძოლო დრონის დაკარგვით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მატერიალური ზარალი ნახა...

ამერიკული MQ-9 Reaper-ის ასეთი დიდი დანაკარგები განპირობებულია იმით, რომ ისინი დღე და ღამე „ჩამოკიდებულნი“ არიან ირანის ცაში და თავისი ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობებით გამუდმებით ზვერავენ - როგორც კი მიწაზე გამოჩნდება რომელიმე ირანული სარაკეტო დანადგარი თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რაზმი, მაშინვე მიზნისკენ უშვებენ „ჰაერი-მიწის“ კლასის მართვად რაკეტებსა და ლაზერული დამიზნების მცირეგაბარიტიან საავიაციო ბომბებს...

იმის გამო, რომ ამერიკული MQ-9 Reaper-ების ჰაერში ბარაჟირების სიჩქარე მხოლოდ 400 კმ/სთ-მდეა და, ამასთან, ისინი 6-7 კმ სიმაღლემდე ეშვებიან სახმელეთო სამიზნეების უკეთესად აღმოსაჩენად და დასაფიქსირებლად, ირანელ მეზენიტეებს შედარებით უადვილდებათ მათი დაზიანება/ჩამოგდება საზენიტო რაკეტების გამოყენებით.