რუსეთის დაზვერვის კურიოზული და არაპროფესიონალური სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ - როგორ გახდა კრემლის მტერი პატრიარქი ბართოლომეუსი - კვირის პალიტრა

რუსეთის დაზვერვის კურიოზული და არაპროფესიონალური სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ - როგორ გახდა კრემლის მტერი პატრიარქი ბართოლომეუსი

უკვე ოცდათხუთმეტი წელია, რუსეთის სატელევიზიო არხებსა და პრესაში, ასევე, სოციალურ ქსელებში, სისტემატურად ვრცელდება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული დეზინფორმაცია საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ. ანტიქართული პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება აქამდე რუსეთის სპეცსამსახურების ფარული “დირიჟორობით” მიმდინარეობდა, უკანასკნელ პერიოდში კი „კრემლის“ დაგეშილი „ცერბერები“ უკვე საკუთარ ვებგვერდებზე თავად ავრცელებენ ტყუილსა და მონაჩმახს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ამ სპეცოპერაციების მთავარი მიზანი საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებაა. ადრე რუსეთის სპეცსამსახურების „ყურები“ შორიდან ჩანდა, ახლა კი ისინი უკვე აღარ ინიღბებიან „სამხრეებიანი ჟურნალისტ/ექსპერტ/ანალიტიკოსების“ სტატია/ოპუსებით და თავად ავრცელებენ დეზინფორმაციას. რა არის ეს: ახალი ტაქტიკა თუ სრული უმეცრება და არაპროფესიონალიზმი? ამ დროს რამდენადაა გათვალისწინებული დეზინფორმაციის პროცესის სპეციფიკა? რამდენად ეფექტიანია „ჩეკას“ მემკვიდრეების ეს სიახლე?

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურის საქმიანობა ადამიანების მანიპულირებასა და ტყუილზეა აგებული, რაც ეროვნული ინტერესების დაცვით მართლდება. დეზინფორმაცია “ფსიქოლოგიური ომის” მთავარი იარაღია. სოციალურ ქსელებში ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში აბსოლუტური ლიდერია. ჩვენი ქვეყანაც მრავალჯერ გამხდარა მათი დეზინფორმაციული შეტევების მთავარი ობიექტი.

ერთ-ერთი ამგვარი, ჩემი აზრით, სრულიად უსუსური ტყუილი და პროფესიული თვალსაზრისით მცდარი „ინფორმაცია“, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესსამსახურმა 31 მარტს ოფიციალურ ვებგვერდზე (!!!) განათავსა (http://svr.gov.ru/smi/2026/03/varfolomey-zabylsya-v-svoem-vysokomerii.htm). საქართველოში ზოგიერთი ვერ იჯერებს ამ ფაქტს, ამიტომ ეს ფოტო მათთვისაა განკუთვნილი.

1-1775205861.png

საქართველოს „გულშემატკივარ“ რუსეთის საგარეო დაზვერვას, თურმე, ინფორმაცია მიუღია, თუ „როგორ ცდილობს“ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შიდასაქმეებში „ჩარევას“ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევაზე ზეგავლენის „მოხდენას“. რუსეთის საგარეო დაზვერვის კაბინეტებში დაწერილი ტექსტის ქართული თარგმანი ამგვარია:

„რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, საგარეო დაზვერვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის დაყოფის მზაკვრული პოლიტიკის გატარებას და „გაყავი და იბატონეს“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ამჯერად, ის ცდილობს, ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და სურს, თავის გავლენას დაუქვემდებაროს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია“.

აქ დროებით შევწყვეტ რუსი „შტირლიცების“ მიერ შეთხზული დეზინფორმაციის ციტირებას და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობის რამდენიმე ფაქტს გაგახსენებთ. 2004 წლის 8 ივლისს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ერთ-ერთ ბერძნულ გაზეთს განუცხადა: „კომუნისტური ეპოქის დროს ადგილი ჰქონდა რუსული ეკლესიის აუტანელ პოლიტიზაციას... ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ იმ საშინელი სისტემის დაცემის შემდეგ სიტუაცია შეიცვლებოდა. თუმცა ჩვენს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთის ამჟამინდელი მთავრობა ყოყმანის გარეშე აგრძელებს ჩარევას და წმინდა საეკლესიო საკითხების პოლიტიზირებას“. ბუნებრივია, ეს სიტყვები რუსეთის ხელისუფლებას არ მოეწონებოდა, თუმცა მაშინ მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერა სჭირდებოდათ და კრიტიკა „გაატარეს“.

2008 წლის 5 დეკემბრის საღამოს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა რუსეთის პატრიარქის, ალექსეი II-ის გარდაცვალების გამო მწუხარება ამგვარად გამოხატა: „კონსტანტინოპოლის დედაეკლესია იზიარებს ჩვენი რუსი ძმების მწუხარებას ჩვენი ძმის, მოსკოვის პატრიარქის, ალექსის გარდაცვალების გამო“. ის ჩავიდა მოსკოვში და 9 დეკემბერს რუსეთის პატრიარქის, ალექსი II-ის წესის აგების ცერემონიას ხელმძღვანელობდა.

22-1775205905.jpg

ცენტრში ბართლომეოსი, მისგან მარცხნივ – ილია II, მარჯვნივ – ალექსი II-ის მოსაყდრე კირილი, რუსეთის მომავალი პატრიარქი. მოსკოვი, 2008 წლის 9 დეკემბერი.

ალექსი II-ის დაკრძალვის ცერემონია რუსეთის ხელისუფლებამ „პოლიტიკურ შოუდ“ აქცია და 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარებული სეპარატისტების: კოკოითისა და ბაღაფშის „პრეზენტაცია“ მოაწყო.

33-1775205934.jpg

მარჯვნიდან მარცხნივ: ედუარდ კოკოითი, სერგეი ბაღაფში, სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და მისი მეუღლე ლუდმილა, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და მისი მეუღლე სვეტლანა, მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, მოსკოვი, 2008 წლის 9 დეკემბერი.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი რუსეთს 2010 წელსაც სტუმრობდა.

44-1775205962.jpg

რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, 2010 წლის მაისი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების განზრახვის გამო, 2018 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის პატრიარქატმა გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის პატრიარქტთან. 2019 წლის 5 იანვარს კი მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი მოაწერა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. სწორედ ამის შემდეგ გახდა ის რუსეთის სპეცსამსახურების დეზინფორმაციული ოპერაციების სამიზნე.

სანამ 2026 წლის 31 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ოპუსი-ტექსტის ანალიზს გავაგრძელებთ, მინდა, მკითხველს დეზინფორმაციის პროცესის სპეციფიკა შევახსენო.

დეზინფორმაციას (შემოკლებით “დეზას”), როგორც “ფსიქოლოგიური ომის” ძირითად კომპონენტს, ერთი, მეტად საინტერესო თვისება აქვს: რაც უფრო დიდია სიცრუე და არარეალურია ფაქტები, მით უფრო სწრაფად და დიდი ხნის მანძილზე იპყრობს ის ადამიანის გონებას. დეზინფორმაცია უხსოვარი დროიდან გამოიყენება საკუთარი ნამდვილი მიზან-გეგმების დასაფარად და მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად. “დეზინფორმაციული ოპერაცია” – სპეცსამსახურების ოპერატიული საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დანიშნულებაა, მოწინააღმდეგისთვის წინასწარ მომზადებული, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით.

“დეზა” - ესაა აშკარა ტყუილი ინფორმაციის ფაბრიკაცია (შექმნა ან გადაკეთება) და გავრცელება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. “დეზას” მიზანია, მოწინააღმდეგის დეზორგანიზება და რეალური პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, რელიგიური, ეთნიკური და ა.შ. ინფორმაციის მაგივრად, ყალბი ნარატივების გავრცელება. „დეზას“ იყენებენ მკაფიოდ განსაზღვრული, ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. საბოლოო მიზნებიც შესაბამისი პერიოდით განისაზღვრება: რაც უფრო მცირე ვადებშია მისაღწევი დასახული მიზანი (მაგ. მეზობელ ქვეყანაში კარსაა მომდგარი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები და საჭიროა რომელიმე პოლიტიკოსის კომპრომეტირება), მით უფრო არარეალურ და დაუჯერებელ, მაგრამ სუპერსენსაციურ “ფაქტებსა” და “დოკუმენტებს” ავრცელებენ სპეცსამსახურები. “დეზას” მიზანი, რაც უფრო ხანგრძლივ პერიოდზე ვრცელდება, მით უფრო მეტად დამაჯერებელი უნდა იყოს “დოკუმენტები” და “ფაქტები”. ასე რომ, დეზინფორმაციული ოპერაციები სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი და, ამავე დროს, “ჰიბრიდული ომის” მძლავრი იარაღია.

დეზინფორმაციული ოპერაცია სამ, ურთიერთდაკავშირებულ ეტაპს აერთიანებს: 1. „დეზას“ მაქსიმალურად დამაჯერებელი ტექსტის შედგენა; 2. „დეზას“ გავრცელება ისეთი არხებით, რომ თავად სპეცსამსახური არ გაიშიფროს და ბოლოს - 3. „კუდების დამალვა“.

„დეზას“ ტექსტი მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა იყოს. თუ 90% სიმართლეს 10% ტყუილთან შევაზავებთ, დეზინფორმაციის დამაჯერებლობის ხარისხი ძალზე მაღალი იქნება.

“დეზას” გავრცელების არხები (გაზეთები, ტელეარხები, სოციალური ქსელები, საინფორმაციო სააგენტოები და ა.შ.) მაქსიმალურად სოლიდური, ფართოდ პოპულარული და დიდტირაჟიანი უნდა იყოს. საბჭოთა სპეცსამსახურების დეზინფორმაცია, როგორც წესი, მესამე სამყაროს რომელიმე ქვეყნის ნაკლებად ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა, შემდეგ კი ხელახლა - პროსაბჭოთა და/ან საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ ფარულად დაფინანსებულ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების მედიაში ქვეყნდებოდა.

55-1775205999.jpg

ვითომ ორთავიანი არწივი უშველის რუსეთის საგარეო დაზვერვისა და მისი შეფის, სერგეი ნარიშკინის გასაჭირს?

რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ამ დეზინფორმაციული ოპუსი-ტექსტის გავრცელების არხი პირდაპირ შიფრავს ავტორს, რომელიც რატომღაც არც ცდილობდა დამალვას. რუსმა მზვერავებმა საკუთარი თავი და „ბნელი ზრახვები“ თავად გაშიფრეს. ადრე საბჭოთ კა-გე-ბესა და გე-ერ-უსთვის, ისე, როგორც ყველა ტოტალიტარული სახელმწიფოს სპეცსამსახურისათვის, დეზინფორმაციული ღონისძიებები გაცილებით იოლი გასატარებელი იყო, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნების სპეცსამსახურებისათვის, რადგანაც საბჭოთა კავშირში საინფორმაციო წყაროებზე არსებული სახელმწიფო კონტროლი ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევდა, ნებისმიერი შინაარსის “დეზა” გაევრცელებინა ნებისმიერი საინფორმაციო არხით. დღეს კი რუსეთს აქვს ეს „ბედნიერება“. დღევანდელ რუსეთში დეზინფორმაციული “ფეიკ ნიუსების” შექმნა სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და უშუალოდ ხელისუფლების პირველი პირი, "კა-გე-ბეს" პოდპოლკოვნიკი აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ: საგანგაშო ინფორმაცია - რას გეგმავდა აზერბაიჯანში "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“?!

სტრატეგიული სამიზნე - რამდენად მოსალოდნელია ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკვიდაცია?!

"შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო" ანუ დონალდ ტრამპის "საბჭოური წესები" - რისი უნდა ეშინოდეს სინამდვილეში მსოფლიოს?!

პლანეტარული კატასტროფის საფრთხე ანუ როდესაც არავინ აპირებს დანებებას - როგორ გაგრძელდება დიდი ომი საქართველოს მეზობლად?!

ამიტომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ეს სპეცოპერაცია მით უფრო გასაკვირია: მათ თავისუფლად შეეძლოთ საქართველოს შესახებ დეზინფორმაცია რომელიმე სატელიტი ქვეყნის მასმედიაში გამოექვეყნებინათ, შემდეგ კი რუსეთის „თავისუფალ“ მასმედიაში გადაეტანათ. როდესაც დეზინფორმაციის თავად დაინტერესებული სპეცსამსახური საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს, ეს უკვე, რბილად რომ ვთქვათ, კურიოზია, უფრო მეტიც: სრული არაპროფესიონალიზმია! იმიტომ, რომ ნებისმიერი სპეცსამსახურის მიერ გავრცელებული ამგვარი ინფორმაცია უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს, დაეჭვებას იწვევს.

კიდევ უფრო კურიოზულია საქართველოში არასტაბილურობის პროვოცირების მიზნით გამოქვეყნებული ამ დეზინფორმაციული ტექსტის მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ: „ფანაროიტი (იგულისხმება ბართლომეოსი - ბ.ა.) საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის (ტექსტში ამგვარადაა - ბ.ა.) ვაკანტურ თანამდებობაზე იმ კანდიდატის დახმარებას ცდილობს, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს. ბართლომეოსი ამ თანამდებობისთვის კანდიდატებად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) განიხილავს“.

ზოგადად “დეზას” გადამოწმების დროს, რაც უფრო ძნელდება სიმართლის დადგენა, მით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებენ ამ ოპერაციის შემსრულებლები. ამ შემთხვევაში კი არაპროფესიონალიზმის „ზეიმია“. რუსეთის საგარეო დაზვერვამ კარგად უნდა იცოდეს, რომ

1995 წელს მიღებული “საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების” თანახმად:

„ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი; უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არა უმეტეს სამოცდაათისა; უნდა იყოს ბერი“. რუსეთის საგარეო დაზვერვამ ისიც უნდა იცოდეს, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) 1948 წლის 15 ნოემბერს დაიბადა სოხუმში და ამჟამად 77 წლის ბრძანდება. აქედან გამომდინარე, ის კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი ვერ იქნება. ხოლო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) 1956 წლის 18 ივლისს დაიბადა თბილისში და ისიც ფაქტობრივად ზღვრულ ასაკსაა მიღწეული.

ამ დეზინფორმაციული ტექსტის შემდგენელს და მის უფროსებს ელემენტარული ანალიზიც არ ჩაუტარებიათ, რომ ქართველი მღვდელთმთავრების ბიოგრაფიები მაინც შეესწავლათ და სიმართლესთან ოდნავ მიახლოებული ტყუილი შეეთხზათ. ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც რუსეთის საგარეო დაზვერვას ისევ ის „დაჩაგრული“ სერგეი ნარიშკინი ხელმძღვანელობს, რომელიც 2022 წლის 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე გამართულ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, ვლადიმერ პუტინმა ოროსანი მოწაფესავით საქვეყნოდ დატუქსა და დაამცირა. როგორც ჩანს, ბატონი ნარიშკინი, რომლის გარეშეც ეს დეზინფორმაცია არ გამოქვეყნდებოდა, ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ღრმა დეპრესიიდან.