“ირანის ელჩი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ „ქართული ოცნება“ აბედინებს - ეს არის სახიფათო თამაში, რომელიც „ოცნებას“ ძვირი დაუჯდება“ - გიორგი სიორიძე
მაშინ, როდესაც ირანის ელჩმა რამდენიმე დღის წინ სტატუსი დაწერა, სადაც მუქარა იკითხებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმდა - ირანის ელჩი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ „ქართული ოცნება“ აბედინებს, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა“ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულ ოცნება“ სახიფათო თამაშს თამაშობს, რომელიც „ძვირი დაუჯდება“.
„გვახსოვს, როდესაც ბრიტანეთმა პროპაგანდისტული არხები დაასანქცირა, როგორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება - ელჩი დაიბარეს. როდესაც ირანის ელჩი ამ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით იმუქრება - მათგან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. ვხედავთ, რომ ირანის ელჩი თავისი ინიციატივით მიდის სამინისტროში, ამით კი ყველაფერი ნათელია. აშშ-ს მტერთან მეგობრობა და ის სახიფათო თამაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამდენი ხნის განმავლობაში თამაშობს, ასეთ რაღაცებში ვლინდება. ირანის ელჩი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ „ქართული ოცნება“ აბედინებს. ელჩი გამოხატავს თავისი ქვეყნის პოზიციას და არა თავიანთ აზრს. „ოცნება“ აგრძელებს მავნე პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან სახიფათო თამაშს გულისხმობს, მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და აშშ-ს გზავნილი და პოზიცია მკაფიოა. ეს თამაში კი „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ძვირად დაუჯდეს. პარალელურად ვხედავთ, რომ „ოცნება“ მოლდოველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მასპინძლობს, ეს პირდაპირ რუსული პროექტია, ამით კარგად ჩანს, თუ ვინ არის მათი მეგობარი, მაგრამ აშშ-ის პერსონალური სანქციების ეშინიათ. ვხედავთ, რომ ტრამპმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციები გაახანგრძლივა, მათ შორის არის ივანიშვილიც. ზოგიერთი „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდა. აშშ-ს სანქციები კი ვინმეს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ მისცემს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.