ზელენსკის დილემა: რა მოხდება, თუ უკრაინა დონბასიდან ჯარს გაიყვანს - "მივიღებთ უფრო სასტიკ ომს, რაც შეიძლება უკრაინისთვის უფრო კატასტროფული შედეგებით დ - კვირის პალიტრა

ზელენსკის დილემა: რა მოხდება, თუ უკრაინა დონბასიდან ჯარს გაიყვანს - "მივიღებთ უფრო სასტიკ ომს, რაც შეიძლება უკრაინისთვის უფრო კატასტროფული შედეგებით დამთავრდეს"

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიით, აშშ იმ პირობით გამოდის, თუ კიევი დონბასის რეგიონს რუსეთს დაუთმობს.

"თითქმის გამორიცხულია, დონბასიდან ჯარის გაყვანაზე უკრაინა დათანხმდეს, იმიტომ, რომ ეს არანაირ ლოგიკას არ ეფუძნება. ის, რომ უკრაინა სერიოზულ გარანტიას მიიღებს, შეიძლება იყოს ომის ახლო მომავლისთვის გადადება, რის შემდეგაც მივიღოთ უფრო მძიმე ომი, რომელიც შეიძლება უკრაინისთვის გაცილებით მძიმე რეალობით დამთავრდეს", - გვეუბნება ინტერვიუში ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე.

- უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იქნება, ამერიკის კი ტრამპი, ომი არ შეწყდება. ასევე, საუბრობენ ზელენსკიზე ტრამპის ზეწოლაზე, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ოფიციალური კიევისგან დაჟინებით ითხოვს დონბასიდან ჯარების გაყვანას და რუსეთისთვის უკრაინული მიწების უბრძოლველად დათმობას.

- არა მგონია, ეს ომი მარტო პუტინის ომია, ეს რუსეთის ომიცაა. კრემლში პუტინზე გაცილებით რადიკალებიც არიან, მაგალითად, ნიკოლაი პატრუშევი, შესაბამისად, ასე მარტივად არ არის საქმე, რომ ვთქვათ, მხოლოდ პუტინს უნდა ომი და ის რომ აღარ იქნება, ომი დამთავრდებაო. ომი დამთავრდება მაშინ, როცა რუსეთი დამარცხდება. რაც შეეხება ტრამპს, კი, ის ნამდვილად არაპროგნოზირებადი ლიდერია და მისი გადაწყვეტილებები ირიბად უფრო რუსეთს არგებს და ამასთანავე, პუტინისადმი მისი ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ გადახრილი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის სასურველი უკრაინისთვის.

ამ ომის მიმდინარეობაში ტრამპის ფაქტორმა ორ ფაქტორს შეუწყო ხელი: 1. ევროპამ ძალიან სწრაფად დაიწყო მილიტარიზაცია და ის კიდევ უფრო მეტად და დაჩქარებული წესით ეხმარება უკრაინას; 2. თავად უკრაინელები ძალიან გააქტიურდნენ უკრაინული დრონების წარმოებაში, რასაც კრიტიკული როლი შეაქვს ამ ომის მიმდინარეობაში. სანამ რუსეთს ომის გაგრძელების თავი აქვს, ის იომებს (რუსეთში სანამ არსებობს პოლიტიკური ნება, სანამ სამობილიზაციო რესურსი ამოეწურება, მისი ეკონომიკა კატასტროფულად თუ დაზიანდება, გინდა პუტინი იყოს და გინდა სხვა). ომის დასრულება-დაწყება არ არის ერთი კაცის ახირება, ეს მთელი კრემლის დიდი ძალების თავმოყრის სურვილია, რომლებიც იმპერიულ განწყობებზე არიან ორიენტირებული. რაც შეეხება ტრამპს, მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია, ის უფრო მეტად ცდილობს ამ ომის იმგვარად დასრულებას, რომელშიც რუსეთი იქნება უკეთეს მდგომარეობაში.

- ტრამპის ზელენსკიზე პერმანენტულ ზეწოლას რითი ხსნით?

- პირველ რიგში იმით, რომ ტრამპს არ უყვარს უკრაინა, მას ბაიდენს უკავშირებს. ცნობილია, რომ მისი მეორე იმპიჩმენტი კონგრესში იმის გამო იყო, რომ ზელენსკისთან საუბარი შედგა, რა დროსაც ტრამპი უკრაინას იარაღს დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ ის ბაიდენის წინააღმდეგ ინფორმაციის შეგროვებაში დაეხმარებოდა (ბაიდენის შვილს უკრაინაში ბიზნესები ჰქონდა და აქედან გამომდინარე). გარდა ამისა, ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ანტიუკრაინულად და პროიზოლაციონისტურადაა განწყობილი, ზოგიერთი მათგანი პრორუსულადაც, ჰგონიათ, რუსეთი ევროპის მხსნელია. ესეც გავლენას ახდენს ტრამპზე. ამასთან, ტრამპს აქვს პერსონალური სიმპათია პუტინისადმი, მოსწონს ძლიერი ლიდერის კულტი. ტრამპის ადმინისტრაციაში არიან პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრამპის ანტიუკრაინულ შეხედულებებს და აქედან გამომდინარე, რაღაც ბალანსი ამ ეტაპზე მიღწეულია. ვერც იმას ვიტყვით, რომ ტრამპი ცალმხრივად, ერთმნიშვნელოვნად პრორუსია, მის გარემოცვაში სხვადასხვა განწყობაა, ზოგჯერ ის მათ პროუკრაინულად გადახრის, ზოგჯერ ანტიუკრაინულად. ჯონ ბოლტონმა (ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი) ტრამპის პოლიტიკა დაახასიათა როგორც ქაოსური. ეს და არაპროგნოზირებადობაა სწორედ ის, რაც ქმნის ტრამპის ადმინისტრაციაში რთულ ვითარებას უკრაინის საკითხში და არა ის, რომ ის პრორუსია. ტრამპის დახასიათების ასე დავიწროება, ჩემი აზრით, არასწორია.

- ის, რომ უკრაინის ომზე პუტინსა და ტრამპს შორის ფარული შეთანხმება არსებობდა, ამის თაობაზე ხმები ისედაც დადიოდა და ახლა ზელენსკიც საუბრობს ამაზე. როგორ მოიქცევა უკრაინა აშშ-ის ულტიმატუმთან დაკავშირებით?

- დავიწყოთ ძალიან ნათელი და არაორაზროვანი განმარტებით: 1. გარანტიებს სჭირდება კონგრესის და სენატის ოფიციალური თანხმობა. ეს გარანტიები თუ ტრამპმა დაადგინა, ის 2 წელიწად-ნახევარში აღარ იქნება, იქნება სხვა პრეზიდენტი და ომი რომ განახლდეს, მერე ვინ მიეხმარება უკრაინას? 2. აშშ-ს გარანტიები თუ უნდა, საუკეთესო გარანტია უკრაინის ნატოში შეყვანაა; 3. გარანტია თუ არ მოიაზრებს ცოცხალი ძალის ადგილზე მობილიზებას, არამედ შორეულ პერიმეტრზე ყოფნას, ეს გარანტია არ არის; 4. ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია ის არის, რომ თავად უკრაინას აგებული აქვს საუკეთესო ფორტიფიკაციები დონბასის რეგიონში. მათი დათმობა ნიშნავს, რომ ისინი რუსების ხელში გადავა და პოლტავასა და დნიპროპეტროვსკის რეგიონი სრულიად დაუცველი დარჩება. ამიტომაც

დონბასის დათმობა ბუნდოვანი გარანტიების სანაცვლოდ არასერიოზული განცხადებაა, მით უმეტეს, როცა პუტინს სჩვევია შეთანხმების დარღვევა, ტრამპი კი არასერიოზული ფიგურაა, ხშირად არ ასრულებს პირობას. ამას მისი ადმინისტრაციის თითქმის ყველა ყოფილი წევრი ამბობს, მისი პარტნიორებიც ხშირად ამიტომაც უყურებენ მას ეჭვით. შესაბამისად, არა მგონია, ამ გარანტიებს სერიოზულად უყურებდეს უკრაინა.

თითქმის გამორიცხულია, ამაზე უკრაინა დათანხმდეს. ის, რომ უკრაინა სერიოზულ გარანტიას მიიღებს, შეიძლება იყოს ომის ახლო მომავლისთვის გადადება და მივიღებთ უფრო სასტიკ ომს, რაც შეიძლება უკრაინისთვის უფრო კატასტროფული შედეგებით დამთავრდეს, თანაც ძალიან ახლო მომავალში.

წაიკითხე ვრცლად