“ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი“ - „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის, პატრიცია გრჟებიკის ინტერვიუ - კვირის პალიტრა

“ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი“ - „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის, პატრიცია გრჟებიკის ინტერვიუ

შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ - საქართველოში არსებული სიტუაციის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის რეკომენდებით, არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჩემი მიზანი იყო მისიის შესრულება და სხვადასხვა შესაძლო გზის ჩვენება, - ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გრჟებიკმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ არაერთ კრიტიკულ განცხადებას უპასუხა და რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადა, რომ მომხსენებლად დანიშვნისა და მისიის შესრულების პროცესში არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არ მოუღია, ანგარიში კი ეუთოსთვის მოამზადა და არა პოლონეთის [პატრიცია გრჟებიკი წარმოშობით პოლონეთიდანაა] ხელისუფლებისთვის.

ექსპერტმა გულწრფელად აღიარა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ მისიის შესასრულებლად განსაზღვრული 14 დღე „ძალიან შეზღუდული დროა“, ამიტომ, როგორც განმარტა, „მოცულობითი სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობის დაწყება დილით ადრე, 05:00 საათზე უწევდა“.

როგორ აფასებს საქართველოში ჩატარებულ სამუშაოს და როგორ აღიქვამს კრიტიკას მათ შორის რეკომენდაციების მიმართ, ვრცლად ინტერვიუში....

- „ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის“ ფარგლებში არსებული ექსპერტთა სია საკმაოდ ვრცელია, მასში 18 ქვეყნის ათეულობით პირია წარმოდგენილი, თუმცა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად მანდატი თქვენ მოგენიჭათ. რა პროცედურებითა და რა კრიტერიუმებით მოხდა თქვენი შერჩევა საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი ანგარიშის მოსამზადებლად?

- როგორც ექსპერტი, მე არ ვმონაწილეობდი მომხსენებლის პოზიციაზე ჩემი შესაფერისობის შეფასების პროცესში. „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა სიაში ვარ ჩემი სამართლებრივი და აკადემიური წარსულიდან გამომდინარე. არ შემიძლია მომხსენებლის პოზიციაზე ჩემი დანიშვნის უკან მდგარ მოტივებზე კომენტარის გაკეთება, რადგან დანიშვნის პროცესში ჩართული არ ვყოფილვარ. იმის შესახებ, რომ ამ პოზიციაზე დავინიშნე ელექტრონული ფოსტით მეცნობა ეუთო/ოდირის დირექტორის, მარია ტელალიანის მიერ 2026 წლის 3 თებერვალს, რომელშიც ჩემი მანდატის არეალი იყო განსაზღვრული. სხვა დამატებითი ინსტრუქცია არავისგან არ მიმიღია, არც სახელმწიფოსგან, არც ეუთოსგან.

- როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტის არჩევის შესაძლებლობა, რაზეც უარი განაცხადა. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ ეს თქვენ მიმართ ნდობის გამოცხადებად აღიქვით. ახლა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ცნობილია, რომ „ექსპერტის არჩევას აზრი არ ჰქონდა, რადგან ცნობილი იყო ამ პროცესის საწყისი“, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას და რამდენად ჩანდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ექსპერტული მუშაობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება?

- 13 თებერვალს ჩემთვის გამოგზავნილ წერილში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და ხაზი გაუსვა „მკაცრი ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, ასევე სათანადო და გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობის საჭიროებას“. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მთელი ვიზიტი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ასევე, მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩემი აზრით, შეხვედრები კონსტრუქციული იყო, მქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა, მივიღე პასუხები და ქვეყნის დატოვების შემდეგაც კი მივიღე დამაზუსტებელი პასუხები. ვეცადე, სახელმწიფოს პოზიცია ანგარიშში წარმომედგინა. შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ. ასევე, ჩემი აზრით, ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია სამართლიანად, სხვადასხვა ჩართული პირის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებით. არც ერთი შეხვედრის დროს მე არ მიგრძნია სკეპტიკური დამოკიდებულება, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება და საქართველოში არსებული სიტუაციის გარკვევის სურვილი.

იხილეთ სრული ინტერვიუ