“გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება: საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ“ - შალვა პაპუაშვილი
გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება- საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ირანის ელჩის განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ხელისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით, სასურველ მიზანს აღწევს და დღეს საქართველო არის წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“.
„იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა. რა თქმა უნდა, ამაზეც იყო საუბარი. შეგიძლიათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხოთ, კონკრეტულად რაზე ჰქონდათ საუბარი. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო არ არის მოედანი, სადაც შეიძლება ქვეყნებმა ერთმანეთთან ურთიერთობები არკვიონ. გასაგებია, რომ არის ამის სურვილი თუ ამოცანაც, გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება- საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ იქნას იმისთვის გამოყენებული, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ. საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა ყველასთვის ცხადია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი არის ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებობს, საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს.
„ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა, თუ სხვა კრიზისები და ომები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ხშირად ხდებოდა, ხდება და ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალშიც იქნება, ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს ყველა ეს პროცესი. შესაბამისი ინსტრუმენტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით, საუბრებით ხედავთ, რომ ამას ვაღწევთ და დღეს ვართ წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, დიპლომატებთან ურთიერთობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრავს.