“გამოცდებზე რეგისტრაცია ორშაბათიდან დაიწყება და აბიტურიენტებს შეეძლებათ, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულება აირჩიონ“ - გივი მიქანაძე
ორშაბათიდან გაიხსნება სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც აბიტურიენტებს 11 მაისის 18:00 საათამდე მისცემს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ ეროვნულ გამოცდებზე და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ, სულ მცირე, 3 პროფესიული მიმართულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული სექტორის განვითარებისთვის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბათუმში, ღია კარის დღეზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, პროფესიულ სასწავლებლებში იქნება 10 600 უფასო ადგილი, ჯამში კი, წელს, უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით, სახელმწიფო 32 ათასზე მეტ ადგილს დააფინანსებს.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დღეს ბათუმიდან აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწყო ღია კარის დღეები, რომლის მიზანია, საზოგადოებას, განსაკუთრებით, აბიტურიენტებს და მათი ოჯახის წევრებს მაქსიმალურად დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კავშირშია ეროვნულ გამოცდებთან და იმ შესაძლებლობებთან, რომლებსაც წელს გამორჩეულად და პირველად ვთავაზობთ ჩვენს აბიტურიენტებს. მოგეხსენებათ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ის ახალგაზრდები, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სწავლას სრულიად უფასოდ შეძლებენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს 100%-იან დაფინანსებას, ამასთან კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში განისაზღვრა ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენ სამინისტროსა და ბიზნესსექტორთან ერთობლივი ძალისხმევით ჩავატარეთ. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის დღეზე გვაქვს სტენდები ყველა იმ პროფესიული სასწავლებლის, როგორც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების, ასევე კერძოსი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ სახელმწიფოს დაფინანსებით, სრულიად უფასოდ, დამატებით, 10 600 ადგილს ვთავაზობთ აბიტურიენტებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაგროვილი ქულებით ვერ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს. ორშაბათიდან გაიხსნება სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც აბიტურიენტებს 11 მაისის 18:00 საათამდე მისცემს შესაძლებლობას, რომ დარეგისტრირდნენ ეროვნულ გამოცდებზე და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, მათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, რომ აირჩიონ სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული სექტორის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა და პირველად ხორციელდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო სთავაზობს აბიტურიენტებს სრულ დაფინანსებას, 21 600 ადგილზე უმაღლეს სასწავლებლებში და ამას ემატება 10 600 უფასო ადგილი პროფესიულ სასწავლებლებში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯამში 32 ათასზე მეტი ადგილის დაფინანსებას ვახორციელებთ წელს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ცხადი მაგალითი იყო იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების მიმართ, ასევე პროფესიული სასწავლებლების მიმართ...