"-შეგიძლიათ თუ არა, უახლოეს პერიოდში მედიკამენტებზე ფასების დაკლება?“ - დაპირისპირება პარლამენტში
ბატონო შოთა, სულ ტყუილად შემოგაჩეჩათ ეს ბუღალტერია კობახიძემ. გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი არ გამოდის - ასე მიმართა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ, კომისიის თავმჯდომარეს, შოთა ბერეკაშვილს.
- როგორც მან აღნიშნა, „ირაკლი კობახიძე ცდილობს, წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე“.
“ბატონო შოთა, სულ ტყუილად მიიჩეჩეთ კობახიძის ბუღალტერია, მერწმუნეთ. სულ ტყუილად შემოგაჩეჩათ ეს ბუღალტერია კობახიძემ. ბატონო შოთა, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი არ გამოდის და უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. კობახიძე ცდილობს წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე. ხომ ბრძანა კალაძემ, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ 99% არის ჩვენი დამფინანსებელი და ჩვენი მხარდამჭერიო. ახლა რა გინდათ თქვათ, რომ ამ თქვენს მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს, ფასებს დააკლებინებთ? თქვენ დარდობთ მოსახლეობაზე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს დაბალი ფასები? ეს არის სრულიად ტყუილი. გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით, რომ არაფერი გამოდის. ხალხსაც გაუხარდება და თქვენც უფრო მამაცი გამოჩნდებით“,- განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.
დეპუტატის კითხვას კომისიის სხდომაზე უპასუხა შოთა ბერეკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის მიზანია, რეფერენტული ფასების მუშაობაზე ინფორმაციის მიღება.
„შეხვედრის მიზანია, რომ დავრწმუნდეთ, რეფერენტული ფასები მუშაობს. ეს თუ ვრცელდება დღეს 7 ათას მედიკამენტზე, ჩვენი მიზანი არის, რომ ეს გაფართოვდეს და გავრცელდეს 11 ათას მედიკამენტზე“,- განაცხადა ბერეკაშვილმა.
ამასთან, კომისიის სხდომაზე დაჯი კოვზირიძემ „პე ეს პე ჯგუფის“ წარმომადგენელს, გუგა რამიშვილსაც მიმართა დაინტერესდა, თუ არის შესაძლებელი მედიკამენტებზე ფასების 10 და 15%-ით შემცირება.