“რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს“ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც მან მონაწილეებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვა წაუკითხა.
მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს.
„რუსეთ-აფხაზეთის პარტნიორობა ყოვლისმომცველია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პერსპექტიულ სფეროში ენერგიულად მუშაობის გაგრძელება და პროექტების განვითარება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გულწრფელად ცდილობს, რომ აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ თანამედროვე, კომფორტული ქვეყანა იყოს“, - აღნიშნული იყო მიმართვაში.
ამასთან, კირიენკომ, ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის რეგიონები აფხაზეთს კოლეჯების რემონტსა და სოხუმში სკოლის ფილიალის მშენებლობაში დაეხმარებიან.
„სანქტ-პეტერბურგის მთავრობა თავის თავზე იღებს აფხაზეთის დედაქალაქში, კოლეჯების რეკონსტრუქციაში დახმარების გაწევას, მოსკოვის ოლქის მთავრობა კი იღებს ვალდებულებას, ააშენოს ცნობილი პრიმაკოვის სკოლის ფილიალი აფხაზეთის დედაქალაქში“, - განაცხადა კირიენკომ.
მისი მტკიცებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობა სისტემური და სტრატეგიული ხასიათისაა და პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა აფხაზეთისთვის დახმარების გაწევა, მათ შორის „რესპუბლიკის მოქალაქეების“ სოციალური უზრუნველყოფის კუთხით.