რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა... - კვირის პალიტრა

რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა...

სოციალურ ქსელში ანალიტიკური გვერდის World Military-ზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ნაპირთან გამორიყული დაზიანებული დრონის ფოტო, რომელსაც ახლდა შემდეგი კომენტარი - "ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფ.ყულევთან, სოკარის ტერმინალის სიახლოვეს, სანაპირო ზოლზე, ზღვამ გამორიყა უცნობი დრონი.ჩემი პირველადი შეფასებით, ეს უნდა იყოს რუსული Gerbera-ს ტიპის კამიკაძე დრონი, რომელიც ან ტექნიკური ხარვეზის გამო ან უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ზემოქმედების შედეგად, ზღვაში ჩამოვარდა და დინებამ ის ყულევთან გამორიყა“- წერს ამ გვერდის ავტორი.

gerbera2-1775234273.png
ქართულ სანაპიროზე,ყულევთან გამორიყული დაზიანებული რუსული "გერბერა“, რომელმაც შავ ზღვაში თვეზე მეტი იტივტივა ...

დრონის ფოტოს(რომელიც არცთუ მაღალი ხარისხისაა) დეტალურად დათვალიერების შემდეგ, შეიძლება დასტური, რომ ეს მართლაც რუსული წარმოების «Гербера» -ს ტიპის მრავალფუნქციური რუსული უპილოტო საფრენი აპარატია, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის წინააღმდეგ 2024 წლიდან იყენებენ, ძირითადად სამი დანიშნულებით.

პირველი -კამიკაძე - დრონის როლში, თუმცა მას მხოლოდ 5 კგ-მდე მასის საბრძოლო ქობინის წაღება თუ შეუძლია და საბრძოლო ეფექტიანობით ბევრად ჩამოუვარდება ძირითად რუსულ/ირანულ «Геран-2/Shahed-136»-ებს.

მეორე-სადაზვერვო მიზნებისთვის, რისთვისაც მას საბრძოლო ქობინის ნაცვლად უყენდება ოპტიკური კამერა და 3G/4G მოდემი SIM ბარათით, ორმხრივი ვიდეოკავშირის დასამყარებლად ოპერატორთან.

მესამე- ცრუ-სამიზნედ, როდესაც საბრძოლო ქობინისა და ვიდეოკამერის გარეშე მფრენი „გერბერა“ ახდენს უფრო საშიში „გერანისა“ და „შაჰიდის“ ფრენის იმიტირებას და შესაბამისად, მის ჩამოსაგდებად უკრაინელი მეზენიტეები ძვირადღირებულ საზენიტო რაკეტასაც აღარ ინანებენ.

ოღონდ აქ არის ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანასი-რუსული „გერბერას“ კორპუსი მზადდება პენოპლასტისა და ფანერის გამოყენებით, რაც მის თვითღირებულებას ძალზე აიაფებს და ამასთანავე რთულად აღმოსაჩენს ხდის მოწინააღმდეგის რადიოლოკატორებისთვის,რადგან პენოპლასტი და ფანერა,ლითონების კონსტრუქციებისგან განსხვავებით, თითქმის არ აირეკლავენ რადიოტალღებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც „გერბერამ“ ცრუ-სამიზნისა და „გერანი/შაჰიდის“ იმიტაცია უნდა გასწიოს, მის კორპუსში აყენებენ „ლუნბერგის ლინზას“, რომელიც ბევრად აძლიერებს რადიოტალღების არეკვლას და მოწინააღმდეგის რადიოლოკატორის ეკრანზე ჩანს როგორც მსხვილი საჰაერო სამიზნე, რომელიც აუცილებლად ჩამოსაგდებია, შესაბამისად ხდება მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვა ასეთი ცრუ-სამიზნეების მასობრივი გამოყენების დროს.

.

gerbera3-1775234409.jpg
მოლდოვაში ჩამოვარდნილი რუსული "გერბერა"...

„გერბერას“ სიგრძე 2 მ-ია,ფრთაგაშლილობა 2,5 მ და ის მხოლოდ 18 კგ-ს თუ იწონის იმის გამო, რომ პენოპლასტისგანაა დამზადებული.

სწორედ ეს ტექნიკური ნიუანსი-პენოპლასტისგან დამზადებული „გერბერას“ კორპუსი გახდა ის მთავარი მიზეზი, რომ ის ქართულ სანაპიროზე გამოირიყა, რადგან პენოპლასტი კარგად ტივტივებს წყალზე და მიუხედავად იმისა,რომ გამორიყულ დრონის უკანა ფრთასხმულობა მომტვრეულია, ის მაინც არ ჩაიძირა.

საქმე ის არის, რომ ეს კონკრეტული "გერბერა“ რუსმა ოკუპანტებმა თავის დროზე უკრაინის საჰაერო სივრცისკენ გაუშვეს (გერბერას“ კუდის ნაწილში დაყენებული პროპელერიანი შიდაწვის ძრავა და ბენზინის მარაგი მას 300 კმ-ზე შორს ფრენის საშუალებას აძლევს), მაგრამ ის ტექნიკური მიზეზის გამო შავ ზღვაში ჩავარდა ( „გერბერას“ ქართული სანაპიროდან ფრთხილად ამოღებისა და განაღმვის შემდეგ, თუკი უყენია საბრძოლო ქობინი,კარგი იქნებოდა მისი ახლოდან დეტალური დათვალიერება,აქვს თუ არა კორპუსზე ნატყვიარები), რის შემდეგ ზღვის დინებამ, რომელიც უკრაინის სანაპიროდან დაწყებული საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოდის რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, საქართველოსა და რუსეთის სანაპიროების გამოყოლებით, ეს რუსული დრონი ქართულ სანაპიროზე გამორიყა, ზღვაში ჩავარდნიდან ერთი-ორი თვის შემდეგ ...

ანუ მან ასე ტივტივით "გაირა“ იგივე საზღვაო გზა, რაც მანამდე,2023 წლის 13 თებერვალს ბათუმის პლაჟთან აფეთქებულმა საზღვაო ნაღმმა, რომელიც მოსწყდა ოდესის სანაპიროსთან დამაგრებულ ღუზას, სადაც ასობით "თანმოძმესთან“ ერთად წარმატებით შეასრულა "ანტისადესანტო დავალება“- არ დაუშვა რუსული საზღვაო დესანტის გადასხმა უკრაინის ოდესა-ნიკლაევის სანაპირო ზოლზე...

ის დამთხვევა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან საზღვაო ნაღმისა და დრონის "დაუპატიჟებელი სტუმრობები" ქართულ ნაპირთან სწორედ თებერვალ-მარტში მოხდა,შემთხვევითი არ არის, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა შავ ზღვაში დინებების გაძლიერება საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ ...