ირანის ცაში კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების ძებნა-გადარჩენას ქართველის მოიერიშე და ორი "ჰერკულესიც" შეეწირნენ ... - კვირის პალიტრა

ირანის ცაში კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების ძებნა-გადარჩენას ქართველის მოიერიშე და ორი "ჰერკულესიც" შეეწირნენ ...

"ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მის გამოსაყვანად გაგზავნეს ათობით თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილი იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ლეტალური იარაღით. მან მიიღო დაზიანებები, თუმცა კარგად იქნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ემატება გუშინ წარმატებით განხორციელებულ კიდევ ერთი მამაცი პილოტის გადარჩენას, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ დაგვიდასტურებია, რათა საფრთხე არ შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის. სამხედრო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს“, -ამის თაობაზე სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

2blofi-1775383075.png
3 აპრილს ირანის ცაში საერთო ჯამში სამმა ამერიკელმა მფრინავმა განახორციელა კატაპულტირება და გადარჩა ...

და მართლაც, ეს ბოლო ორი დღე-ღამე ძალზე დრამატული სიტუაცია ვითარდებოდა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ერაყის საზღვართან ახლოს, სადაც 3 აპრილს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი F-15E Strike Eagle ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი ჩამოაგდეს, რაც ამ ომში ირანის საჰაერო სივრცეში პილოტირებული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების პირველი შემთხვევა გახლდათ, რის თაობაზე დაწვრილებით ვწერდით ამავე ბლოგის 3 აპრილის სტატიაში "ირანმა მართლაც ჩამოაგდო, ოღონდ არა მეხუთე თაობის ამერიკული "პინგვინი", არამედ - წინა თაობის "არწივი“. ირანის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებული ამერიკული "არწივის“ ეკიპაჟის ორივე წევრმა-მფრინავმა და საბორტე შეიარაღების ოპერატორმა, მოასწრეს კატაპულტირება და პარაშუტებით მიწაზე დაშვება, რის შემდეგაც დაიწყო დიდმასშტაბიანი სამძებრო-საევაკუაციო ოპერაცია მათი სასწრაფოდ და უხიფათოდ გამოსაყვანად მტრის ტერიტორიიდან, რადგან თავის მხრივ ირანელი სამხედროები. პოლიცია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მათ გაფაციცებით ეძებდა, ხოლო ირანელ ბიზნესმენთა ჯგუფმა 100 მლრდ ირანული რიალის ჯილდოც კი დააწესეს,მათთვის, ვინც ამ კატაპულტირებულ ამერიკელ მფრინავებს ხელში ჩაიგდებდა - ეს თანხა კი 50 ათას დოლარზე მეტია, რაც წარმოუდგენელი სიმდიდრეა უბრალო ირანელისთვის...

3-blogi-1775383194.jpg

ჩამოგდებული ამერიკული "არწივიდან“ კატაპულტირებული ორი მფრინავის სამძებრო-საევაკუაციო ოპერაციის დროს პენტაგონმა ისე გარისკა, რომ უშუალოდ ირანის ცაში, შედარებით დაბალ სიმაღლეზე ფრენისას HC-130J Combat King II მოდიფიკაციის "ჰერკულესი“ ჰაერში დამატებითი საწვავით ერთდროულად აწყობდა HH-60G Pave Hawk სამძებრო-სამაშველო მოდიფიკაციის ორ „შავ ქორს“, რის დროსაც მათი დაზიანება/ჩამოგდება მიწიდან გახნილი ცეცხლით ძალიან ადვილი გახლდათ...

ირანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ორი ამერიკელი მფრინავის სასწრაფოდ მოძებნასა და გამოყვანას პრეზიდენტ ტრამპისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა,რადგან თუკი მათ ირანელები დაატყვევებდნენ,შეეძლოთ ისინი პოლიტიკური ვაჭრობისა და პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ და ამერიკელი ტყვეები ტელეკამერების წინ მონანიებითა და ტრამპის პოლიტიკის კრიტიკით გამოეყვანათ...

4-blogi-1775383544.jpg
ქართველის A-10C Thunderbolt II მოიერიშემ ფაქტობრივად თავი "გასწირა" -ჭურვების ჯერებით ირანელ სამხედროებს გზა "ჩაუხერგა“ კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების დევნისას, რის დროსაც საზენიტო ცეცხლის მსხვერპლი შეიქმნა...

ამიტომაც, პენტაგონმა ორ ათეულამდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი ჩართო კატაპულტირებული თანამებრძოლების სამძებრო-საევაკუაციო ოპერაციაში,რომელიც დაახლოებით იმ სცენარით წარიმართა, როგორც ეს ნაჩვენებია 2001 წელს გამოსულ ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმში Behind Enemy Lines, რომელშიც აღწერილია1995 წელს ბოსნიის თავზე ჩამოგდებული ამერიკული F/A-18F Super Hornet -ის ტიპის თვითმფრინავიდან კატაპულტირებული მფრინავების გადარჩენისთვის განხორციელებული ოპერაციის დეტალები.

2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული საჰაერო ოპერაციის განმავლობაში აშშ-მა(ისრაელის გარეშე) 15 ათასზე მეტი საჰაერო დარტყმა მიაყენეს ირანის ტერიტორიაზე არსებულ სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებს, რისთვისაც ამერიკელ მფრინავებს არანაკლებ 7-8 ათასი საბრძოლო გაფრენის განხორციელება მოუწიათ და პირველი პილოტირებული თვითმფრინავის დაკარგვა ამ ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაციის მხოლოდ 35 დღეს, მეტყველებს ამ საჰაერო რეიდების კარგ დაგეგმვასა და განხორციელებაზე, თუნდაც იმიტომ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი თვის თავზე, რუსეთს უკვე დაკარგული ჰყავდა არანაკლებ სამ ათეულამდე თვითმფრინავი და შვეულმფრენი...

კატაპულტირებული მფრინავების გადარჩენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს, რომელიც უშუალოდ ირანის საჰაერო სივრცეში და თანაც დაბალ სიმაღლეზე მიმდინარეობდა,ერთმა ამერიკულმა "შავი ქორის“ ტიპის შვეულმფრენმა მიიღო დაზიანება მას შემდეგ,რაც მიწიდან ავტომატებით ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მის ბორტზე მყოფნი გადარჩნენ.

5-blogi-1775383823.jpg
4 აპრილს ირანის მიწაზე დამწვარი HC-130J Combat King II მოდიფიკაციის "ჰერკულესის“ ფრაგმენტები...

თუმცა, ამერიკული F-15E Strike Eagle-ს ჩამოგდებიდან მალევე, როდესაც კატაპულტირებული მფრინავების სავარაუდო ადგილსამყოფლის სიახლოვეს ირანელი სამხედროების კონცენტრაცია დაფიქსირდა, ამერიკულმა სარდლობამ სასწრაფოდ გააგზავნა A-10C Thunderbolt II ტიპის მოიერიშეების წყვილი მათ დასაბომბად,რათა ირანელებს ხელში არ ჩაეგდოთ პარაშუტებით მიწაზე დაშვებული ამერიკელი მფრინავები.

ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) მიერ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ კონსტრუირებულმა ამ მრისხანე მოიერიშემ დღევანდელ ირანის ომშიც გამოავლინა თავისი უნიკალური საბრძოლო შესაძლებლობები და დაბალ სიმაღლეზე მოცელვით ფრენისას 30 მმ-იანი საბორტე ავტომატური ქვემეხიდან ჯერებით სროლით ირანელებს ამერიკელი მფრინავების დადევნების სურვილი გაუქრო...

მაგრამ, საზენიტო ცეცხლის შედეგად ირანელებმა მაინც მოახერხეს დაბალ სიმაღლეზე მფრენი ქართველის ერთი მოიერიშე თვითმფრინავის დაზიანება, რომლის მფრინავმა შეძლო ქუვეითისკენ გეზის აღება და შემდგომ კატაპულტირება-დაზიანებული A-10 Thunderbolt II -ი სპარსეთის ყურეში ჩავარდა, ხოლო პარაშუტით დაშვებული მფრინავი კი მალევე მოძებნეს და გადაარჩინეს...

6blogi-1775383908.jpg
შედარებისთვის-იმავე ირანის მიწაზე, ოღონდ 1980 წლის 24 აპრილს ჩაფუშული ამერიკული სპეცოპერაციის "არწივის ბრჭყალების“ სავალალო შედეგი-დამწვარი და მიტოვებული RH-53D Sea Stallion-ის ტიპის ამერიკული შვეულმფრენები...

ასე, რომ 3 აპრილს აშშ-ა ირანთან ომში ფაქტობრივად ორი საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა და ერთ შვეულმფრენი დაუზიანდა...

P.S. როგორც ახლა ხდება ცნობილი, ამერიკული მხარის დანაკარგები ამ ორი კატაპულტირებული მფრინავის საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს, თურმე ბევრად მეტი ყოფილა, ვიდრე ერთი შეწირული,ქართველის A-10 Thunderbolt II - ი ...

პარასკევს ჩამოგდებული F-15E Strike Eagle გამანადგურებელ-ბომბდამშენის მეორე პილოტის სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო ასობით სპეცრაზმელმა, მათ შორის NSWDG-მ და სხვა სამხედრო პერსონალმა, ასევე ათობით საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავმა, იუწყება The New York Times.

ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა სამაშველო ოპერაცია შეაფასეს, როგორც "აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული“, მთიანი რელიეფის, პილოტის დაზიანებების და სამხრეთ ირანის მთებში ირანის ძალების სწრაფი წინსვლის გამო. პილოტი 24 საათზე მეტხანს გაურბოდა ირანელების დევნას, ერთ მომენტში კი ფეხით ავიდა 2 100 მეტრზე მეტ სიმაღლეზე. ამერიკულმა თვითმფრინავებმა ირანელთა კოლონებს შეუტიეს, რათა პილოტის ადგილსამყოფელთან მიახლოება არ შესძლებოდათ.

როდესაც აშშ-ის სპეცრაზმი პილოტის ადგილსამყოფელს მიუახლოვდა, მათ ცეცხლი გახსნეს, რათა ირანის ძალები სამაშველო ადგილიდან განდევნილიყვნენ, მაგრამ ირანელებთან სროლა არ განუხორციელებიათ.

ოფიცრის გადარჩენის შემდეგ, ორი HC-130J Combat King II სატრანსპორტო თვითმფრინავი , რომლებიც სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გადარჩენილი პილოტის ევაკუაციას აპირებდნენ, ირანში მდებარე დროებით ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ჩარჩნენ. სარდლობამ გადაწყვიტა ჯარისკაცების ევაკუაციისთვის სამი ახალი თვითმფრინავის გაგზავნა და ეს ორი ავარიული თვითმფრინავი ააფეთქეს,ისევე როგორც მსუბუქი სპეცდანიშნულების შვეულმფრენი MH-6 Little Bird -ი, რათა ისინი ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის ხელში არ ჩავარდნილიყო.

P.S.S. 2026 წლის 3-5 აპრილს ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული აშშ-ის სამაშველო-საევაკუაციო ოპერაცია კატაპულტირებული მფრინავების გადასარჩენად არ შეიძლება არ შევადაროთ 1980 წლის 24 აპრილს იმავე ირანში წარუმატებლად განხორციელებულ ამერიკულ სპეცოპერაციას "არწივის ბრჭყალები“, რომლის მიზანი გახლდათ თეირანში ამერიკულ საელჩოში მძევლად აყვანილი 53 დიპლომატისა და მათი ოჯახების წევრების გამოხსნა, თუმცა ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმის „დელტას“ მონაწილეობით დაწყებული ეს ოპერაცია პირველივე წუთებში ჩაიფუშა, მას შემდეგ რაც ირანის მიწაზე მოწყობილ დროებით ასაფრენ-დასაფრენი ზოლზე ერთმანეთს შეეჯახნენ ამერიკული შვეულმფრენი და სატრანსპორტო "ჰერკულესი“ და აფეთქებამ ორივეს ეკიპაჟი იმსხვერპლა. ამერიკელმა სამხედროებმა ოპერაცია შეწყვიტეს, დარჩენილი ექვსი შვეულმფრენი თავადვე დაწვეს, რომ ირანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში და სამი "ჰერკულესით“ სასწრაფოდ დატოვეს ირანის ტერიტორია...