"პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...“ - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. „მათ იმსჯელეს ორმხრივი ინტერესის სფეროებზე, მათ შორის კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ტომი პიგოტმა, ირაკლი კობახიძემ კი სოციალურ ქსელ X (Twitter)-ში დაწერა, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო. "ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ჩვენ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის ერთგულნი ვართ", - აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მას შემდეგ მმართველი ძალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვისა და „"სუფთა ფურცლიდან" დაწყებისთვის. „"ხელისუფლება ინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მმართველი ძალა რუბიო-კობახიძის სატელეფონო საუბარს წარმოაჩენს როგორც ურთიერთობის გადატვირთვის საწყის წერტილს, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ზარი უფრო მეტად ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ვფიქრობ, მარკო რუბიოს ზარის გასაანალიზებლად უნდა გავიხსენოთ ამერიკული პრაგმატიზმი. დღეს რუბიოს დასჭირდა და დაურეკა კობახიძეს; ხვალ არ დასჭირდება და შესაძლოა საერთოდაც დაივიწყოს საქართველო. არ ვიცი, ჩვენს ხელისუფლებაში ამერიკასთან ურთიერთობის "გადატვირთვაში" რას გულისხმობენ, თუმცა ეს ზარი დაახლოებით იმ მასშტაბის გადატვირთვად შეიძლება შეფასდეს, სადღაც საწყობში 80 ტონა ტვირთი რომ იდოს და მისი მცირე ნაწილი მსუბუქ ავტომობილში გადაიტანონ.
ჩვენ წლების განმავლობაში ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა გვქონდა და დღეს აღარ გვაქვს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხის გადახედვას აშკარად არ ჩქარობს, თუ საერთოდ ფიქრობს ამაზე. მოკლედ, არა მგონია, ეს რაიმე სერიოზულ განვითარებაზე მიანიშნებდეს. როგორც ითქვა, ამ ზარიდან მალევე თბილისში ამერიკული თვითმფრინავი დაფრინდა - დიდი ალბათობით, ეს მოვლენაც სწორედ ამ ზარს უკავშირდება.
- მარკო რუბიოს ზარის მეორე დღეს ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელ Fაცებოოკ-ზე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ბევრმა მუქარად აღიქვა. "დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს - როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს", - დაწერა ელჩმა. მისი თქმით, "ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებული არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ". მან ასევე განაცხადა: "არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან - კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს"...
- სიმართლე გითხრათ, სწორად მიმაჩნია, რომ ირანის ელჩის განცხადებას ჩვენი მთავრობა არ გამოეხმაურა. ირანელები ბოლო დროს იმაზე მეტად იმუქრებიან, ვიდრე ამის რეალური შესაძლებლობები აქვთ; აცხადებენ, თითქოს ომს არ დაასრულებენ, ვიდრე ამერიკა არ დანებდება - ეს, რბილად რომ ვთქვათ, არარეალისტურია. მათი განცხადებები, ჩემი აზრით, არ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ვფიქრობ, ეს უფრო შეშინებული კაცის დემარში იყო. ამას არც გაგრძელება მოჰყოლია და, დიდი ალბათობით, არც მოჰყვება.
- კარგა ხანია დონალდ ტრამპი მსოფლიოს აკვირვებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით: ხან აცხადებს, რომ ამერიკა ასრულებს სამხედრო ოპერაციას ირანში იმის გამო, რომ "დასახულ მიზნებს მიაღწია", ხან, პირიქით, ომის გაფართოებით და ირანის "ქვის ხანაში" დაბრუნებით იმუქრება; ხან ამბობს, რომ ამჟამად ირანის ხელისუფლებაში შედარებით ადეკვატური ხალხია და მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ხან სახმელეთო ოპერაციაზე აკეთებს მინიშნებებს და ნატოდან გასვლით იმუქრება.
- რთული ვითარებაა. ფაქტია, ტრამპმა ამერიკა სერიოზულ კრიზისში შეიყვანა. ვიცით, რომ ჯეი დი ვენსი ჩაფრინდა ისრაელში და ხისტი საუბარი ჰქონდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან... ამერიკა და ისრაელი რთულ ვითარებაში გაებნენ. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირანს ძალიან უნდა ჩაითრიოს ამერიკა სახმელეთო ომში, იმედია, ახლა მაინც ეყოფა ტრამპს ჭკუა და ამ პროვოკაციაზე არ წამოეგება.
ცოტა აკლია და, ტრამპმა ამერიკა შეიძლება მეორე ვიეტნამში გახვიოს და დიდი ხნის შემდეგ შედეგიც იგივე დადგეს, რაც ვიეტნამში მიიღო ამერიკამ.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სამხედრო ოპერაციით ამერიკამ მოახერხა, რომ ძალიან დანაწევრებული და რეჟიმის მიმართ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ირანელი საზოგადოება გააერთიანა. აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯები გადადგა, ტრამპი აჰყვა ნეთანიაჰუს პროვოკაციას, რაც, ჩემი აზრით, გაუაზრებელი იყო.
უკვე ვშიშობ, ეს კონფლიქტი შესაძლოა ძალიან ხანგრძლივიც გამოდგეს. ტრამპი კი აცხადებს, რომ მალე დაასრულებს ომს, მაგრამ ამის პირობებს ჯერ ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მიზანს, რაც დასახული ჰქონდა ამერიკას ამ ომით, ვერ მიაღწია. გაიძახიან, თითქოს ირანს იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნადგურეს, მაგრამ ფაქტია, ირანი მაინც ყოველდღიურად არაერთ რაკეტას ესვრის ისრაელს თუ სხვა ქვეყნებს, ახლახან კი ირანის თავზე ამერიკული თვითმფრინავები ჩამოყარეს.
თან დააკვირდით, ტრამპის წამოწყებულ ომს არა აქვს მხარდაჭერა ამერიკაში - ძალიან გაძლიერდა უკმაყოფილება. ტრამპი უკვე რესპუბლიკელების მხარდაჭერასაც კარგავს. ყველგან, სადაც ბოლო ხანს არჩევნები ჩატარდა, დემოკრატებმა მოიგეს, ისეთ შტატებშიც კი, სადაც აქამდე გუბერნატორი არასდროს ყოფილა დემოკრატი. ჩემი შეფასებით, ტრამპი ძალიან სწრაფად მიექანება იმპიჩმენტისკენ. ის პოლიტიკა, რასაც ტრამპი ატარებს, ამერიკისთვის დამღუპველია. არ შეიძლება ასე ლერწამივით ირყეოდეს პოლიტიკოსი, მით უფრო ასეთი ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი. ამერიკას სჭირდება გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ამის გარდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ტრამპის პრეტენზიები ნატოსთან დაკავშირებით. ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსია, რომელიც ძირითადად შექმნილია ევროპის დასაცავად. ეს კარგად ესმოდათ შტატების უწინდელ ადმინისტრაციებს. არც კორეის და არც ვიეტნამის ომებში ნატო არ ჩარეულა.
ვერ ვიგებ, რატომ არის ასე უკმაყოფილო ტრამპი ნატოს ქვეყნებით, მან მათთან შეთანხმების გარეშე დაიწყო ეს ომი და ახლა სთხოვს პარტნიორებს დახმარებას. ეს არ არის ნატოს ოპერაცია, ეს არის ამერიკულ-ისრაელური პროვოკაცია და კეთილინებონ და, თვითონ გაართვან თავი.
მე დიდად არ მჯერა ტრამპის მუქარის, რომ ამერიკა ნატოდან გავა. თქმა მარტივია, მაგრამ მუქარის შესრულება ასევე მარტივი არ იქნება - ღმერთს მადლობა, რომ ამერიკაში ძალიან ძლიერი ინსტიტუტებია, მას აქამდეც არაერთი ამგვარი ხუშტური დაუბლოკეს და ამასაც დაუბლოკავენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპი შექმნილი ვითარების გაანალიზებით კი არ მიდის გარკვეულ ლოგიკამდე, არამედ საკუთარ საკმაოდ მატივ ლოგიკაში ცდილობს არსებული რეალობის ჩატენას, რაც არ გამოსდის.
- მოგეხსენებათ, ქართული ეკლესია და საზოგადოება რთულ პერიოდს გადის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ ყველა ველით ახალი პატრიარქის არჩევას. ხშირად ისმის შიშნარევი ვარაუდები, რომ ამ ძალიან მგრძნობიარე პროცესზე არაერთმა შიდა თუ გარე ძალამ შეიძლება მოინდომოს ზეგავლენა. გასულ კვირას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამტკიცებს, რომ "კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ცდილობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს". ოკუპანტი ქვეყნის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს თითქოსდა სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა: "ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს". ხელისუფლებიდან ამ განცხადებას არავინ გამოხმაურებია, ექსპერტთა თქმით, ეს საქართველოს პატრიარქის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა. რაც შეეხება რუსების მიერ დასახელებულ მღვდელმთავრებს, ერთ მათგანს არა აქვს შესაბამისი ასაკი, მეორის შესაძლო კანდიდატობაზე კი არაფერია ცნობილი.
- არასწორად მიმაჩნია პატრიარქის არჩევნებსა და კანდიდატებზე ლაპარაკი, ვიდრე ილია II-ის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ გავა. ვფიქრობ, პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც ეცდება, მხოლოდ უკუეფექტს მიიღებს.
რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის განცხადებას, ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი ყველაფერში ცდილობს ჩარევას და დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების გარდა, სხვა მცდელობებიც აქვს. ეს განცხადება იმდენად არაპროფესიონალური და არაადეკვატურია, რომ ბევრს გაუჭირდა კიდეც იმის დაჯერება, რომ რეალური იყო. განსაკუთრებით არასწორი და უსუსური იყო მსოფლიო პატრიარქთან დაკავშირებული ბრალდებები. სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ გამკვირვებია, რაც დრო გადის, რუსეთის საგარეო დაზვერვა სულ უფრო და უფრო სუსტდება. არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ ჩემი შეფასებით, პატრიარქობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ სწორედ რუსეთის ჩარევამ შესაძლოა ძალიან დაასუსტოს მისი პოზიციები. არა მგონია, ჩვენი ეკლესია ასეთ ანკესზე წამოეგოს და ყურადღება მიაქციოს ამ პროცესში ჩარევის ცდებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რუსეთი იქნება, ჩვენი მთავრობა თუ კიდევ ვინმე სხვა. ერთსაც ვიტყვი - ძალიან ბევრი ექსპერტის მოსაზრება წავიკითხე, გამოითქმის შიშები, ნეგატიური ვარაუდები... ჩემი აზრით, ზედაპირული შეფასებებია, ისინი ვერ აანალიზებენ, რა პროცესები მიმდინარეობს.
მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია გაუძლებს მასზე ზემოქმედების შესაძლო ცდებს და დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას.
- ოპოზიციურმა ალიანსმა 31 მარტიდან "ეროვნული მობილიზაციის კამპანიის" დაწყება გამოაცხადა, რომელიც ორ თვეს გასტანს და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მასშტაბური აქციითა და მსვლელობით დასრულდება. კამპანიის მიზანია მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაცია, რეგიონებში შეკრებები და "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო ქმედებების კოორდინაცია. რას ფიქრობთ ოპოზიციის ამ გეგმებზე, მოიტანს ქვეყანაში რეალურ ცვლილებებს?
- მოკლედ რომ შევაფასო, ასე მგონია, ათჯერ ნანახ ფილმს ვუყურებ... მინდა ძალიან დავიჯერო ოპოზიციის წარმატების, მაგრამ რა ვქნა, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს..." რაც დაანონსებულია, იმის შედეგებზე, მოდი, 27 მაისს ვილაპარაკოთ... ახლა კი გეტყვით, რომ ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ - რეიტინგდაკარგული ძალების გაერთიანებისა და მათ მიერ გავლენის მოპოვების, მომკალით და, არ მჯერა. უკაცრავად, მაგრამ ხისტად და ცინიკურად ვიტყვი, ნულს თუ ნულს მიუმატებთ, ისევ ნულს მიიღებთ. ამასთანავე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის გამოყენება... 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია, ეს უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანების დღე და არა დაპირისპირების. აუხსენი მაგათ, რამდენიც გინდა, არ ესმით... 26 მაისს აქციის გამოცხადება ცინიზმია. ჩაეტარებინათ 27-ში, 28-ში ან როცა უნდოდათ მაშინ. ეს მე ტაქტიკურ და სტრატეგიულ შეცდომად მიმაჩნია. მერე უკვირთ, რატომ არა აქვთ რეიტინგი. სწორედ იმიტომ არა აქვთ, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.