საქართველოში დენი გაძვირდა - გაძვირდება თუ არა სხვა პროდუქტებიც?!
დენის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება, რომელიც სემეკს 2025 წლის დეკემბერში უნდა მიეღო, მაგრამ დროებით გადადო, უკვე მიღებულია. 1-ლი აპრილიდან საქართველოში დენი 5 თეთრით გაძვირდა. გაძვირება შეეხო თბილისს, ყველა დიდ ქალაქსაც და რეგიონებსაც. აქამდე ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში 15-დან 23 თეთრამდე მერყეობდა, რეგიონებში - 14-დან 23 თეთრამდე. აღსანიშნავია, რომ რაც მეტია მოხმარება, მით უფრო მაღალი ტარიფით იანგარიშება გადასახდელი. თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზარდათ. 101-301 კილოვატ/საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფმა 19,053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატა, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23,537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზარდა.
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა კომერციული სექტორისთვისაც. კერძოდ, 1-ლი აპრილიდან კომერციული სექტორისთვის 35/110 კილოვოლტის შესაბამისი ტარიფი - 25,267 გაიზარდა 5,055 თეთრით და გახდა 30,322. 3,3-6-10 კილოვოლტის ტარიფი გაიზარდა და 27,880-ის მაგივრად, უკვე 34,632 თეთრით განისაზღვრა. რაც შეეხება 220/380 ვოლტისთვის არსებულ ტარიფს, ის 28,961 თეთრის ნაცვლად 35,731 თეთრი იქნება.
რეგიონებში "ენერგოპრო ჯორჯიას" იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14,731 თეთრიდან 19,731 თეთრამდე გაეზარდათ, ხოლო 101-301 კილოვატ/საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18,708 თეთრიდან 23,707 თეთრამდე გაიზარდა, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი - 23,227 თეთრიდან 28,227 თეთრამდე.
ეს ზრდა მოახდენს გავლენას მოსახლეობაზე, რომელსაც ფასები გაუძვირდება დენზეც და იმ პროდუქციაზეც, რომელიც დენით იწარმოება. რა არის გამოსავალი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, ამ საკითხებზე ენერგეტიკოს გია არაბიძეს ვესაუბრებით.
- მგონი, შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც 2023 წელს 3 თეთრით მოაკლეს ფასი. მაშინ ეს რომ არ გაეკეთებინათ და ის ფასი დარჩენილიყო, ახლა 2 თეთრით მოიმატებდა. იქ, სადაც დომინანტი ელექტროენერგიის მოხმარებაა, რასაკვირველია, პროდუქციაზე, რომელიც მზადდება ტექნოლოგიურად ელექტროენერგიის საშუალებით, შესაბამისად, ფასი მოიმატებს.
ცოტა ძნელი სათქმელია, უშუალოდ სამომხმარებლო კალათაზე როგორ აისახება, მაგრამ აუცილებლად აისახება იმ პროდუქციაზე, რომლის წარმოებისთვის დენი გამოიყენება. განსაკუთრებით საყურადღებოა სოციალურად დაუცველი ფენა, რომელიც 100 კილოვატ/საათამდე ენერგიას მოიხმარს. მათთვის ეს 5-თეთრიანი მატება ხარჯის 33%-იან ზრდას ნიშნავს, რაც საკმაოდ სოლიდური ციფრია. სხვა შუალედებთან შედარებით, მესამე კატეგორიაში ზრდა პროცენტულად მხოლოდ 20%-მდეა. სწორედ ამიტომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს პირველ კატეგორიას, რათა მათთვის 33%-იანი მატება მძიმე ტვირთად არ იქცეს. აუცილებელია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს.
მეორე მხრივ, ჩვენს ენერგოკომპანიებს უკვე აღარ ან ნაკლებად საწუწუნო ექნებათ, რომ მათ ტარიფი არ აძლევს საშუალებას, მოაწესრიგონ თავიანთი მეურნეობა. ფასის 5 თეთრით მატებამ უნდა გააუმჯობესოს ჩვენი ენერგოკომპანიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც საბოლოოდ ხშირ ავარიულ გამორთვებს აღმოფხვრის და სისტემას მოაწესრიგებს.
გარდა ამისა, ენერგიის გაძვირებასთან ერთად, როგორც წესი, იმატებს მისი დაზოგვის მოტივაციაც. ენერგოეფექტურობას აზრი მაშინ აქვს, როდესაც დასაზოგი რესურსი ღირებულია. ხშირად გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმის გადახდა უფრო იაფია, ვიდრე ფილტრების შეძენა, ამიტომ ბევრი ჯარიმას ამჯობინებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ფასის მატება ხალხს აიძულებს უფრო სერიოზულად მოეკიდოს ენერგიის ყაირათიან ხარჯვას. ეს იმას გამოიწვევს, რომ ერთეულოვანი პროდუქციის გამოშვებაზე გაცილებით ნაკლები ენერგია დაიხარჯება. ველოდები ამასაც და ასევე იმას, რომ ენერგოკომპანიებმა სერიოზული ინვესტიციები უნდა ჩადონ. უკვე განსაზღვრული აქვთ რაოდენობაც - ერთს - 400 მილიონი, მეორეს - მილიარდი, ამით კი ელექტროენერგიის მომარაგების ხარისხი და უსაფრთხოება უნდა გაიზარდოს.
გარდა ამისა, ამ ყველაფერმა უნდა შეამციროს ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე როგორც რაოდენობრივად, ისე ფასის თვალსაზრისით. იანვარში 1200 მეგავატი იმპორტი გვქონდა, რაც საერთო მოხმარების ფონზე ძალიან დიდი ციფრია. ამიტომაც ველოდები, რომ სისტემა გახდება უფრო საიმედო, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ავარიების რაოდენობას.
- იმპორტის შემცირება მაინცდამაინც ფასის გაზრდით უნდა მოხდეს?
- მოდი, საკითხს ასე შევხედოთ - ჩემ მიერ ნახსენები 1200 მეგავატი იმპორტი მიუთითებს, თუ რამდენად სასწრაფოა ჩვენი გენერაციის ობიექტების სიმძლავრისა და გამომუშავების გაზრდა. ვფიქრობ, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი ინვესტორებში გაცილებით მეტ ინტერესს გამოიწვევს. ეს ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ისე გარე ინვესტიციების შემოდინებას, რაც საშუალებას მოგვცემს დავასრულოთ დაწყებული პროექტები და შევუდგეთ ახალი - მზის, ქარის თუ სხვა ტიპის ელექტროსადგურების მშენებლობას.
ჩვენი მიზანია საკუთარი გენერაციის წყაროების სიმძლავრეების მაქსიმალური გაზრდა. ამასთან დაკავშირებით გეგმები უკვე არსებობს. პრემიერმაც განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანას 8000 მეგავატი გამომუშავება უნდა ჰქონდეს. სწორედ ახალი ტარიფი გახდება ის ბიძგი, რომელიც შეუწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვასა და გენერაციის წყაროების განვითარებას. საკუთარი წარმოების ზრდა კი, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება იმპორტის შემცირებაზე.
საბოლოო ჯამში, ის მძიმე ტვირთი, რასაც მოსახლეობა გაზრდილი საფასურის სახით გადაიხდის, მეორე მხარეს პოზიტიურ შედეგებად უნდა დაბრუნდეს. ეს გულისხმობს გენერაციის სიმძლავრეების ზრდას, ენერგოეფექტურობის ამაღლებასა და სისტემის უსაფრთხო მუშაობას. სწორედ ეს საკითხებია პირდაპირ მიბმული ელექტროენერგიის ახალ ტარიფზე.
- დენის გაძვირების გამო თუ გაძვირდა პროდუქცია, რითაც სისტემის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, ეს ენერგოკომპანიები იტყვიან, რომ არსებული ტარიფი აღარ ჰყოფნით და ვეღარ გააკეთებენ, თუ ტარიფი ისევ არ გაიზარდა. ხომ შეიძლება ამ მიზეზით მუდმივად ტარიფის გაზრდა მოითხოვონ.
- მესმის, რასაც გულისხმობთ - საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატება პირდაპირ აისახება ჩვენს მსყიდველობით უნარზე. შესაბამისად, ის 5 თეთრი, რომელიც დღეს ტარიფს დაემატა, თავისი რეალური ღირებულებით შესაძლოა იმავე მოცულობის სამუშაოს აღარ ეყოს, რასაც გუშინ ყოფნიდა. პირობითად, 5 თეთრის ნაცვლად, უკვე მხოლოდ 3 თეთრის საქმეს აკეთებდეს. ბუნებრივია, ამაზე ლაპარაკი იქნება, თუმცა პრინციპულად და იდეოლოგიურად ასეთი მიდგომა მაინც სწორია და მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის კომპანია, მას აქვს კონკრეტული ვალდებულება, რომ ეს ინვესტიცია სრულად აითვისოს და დახარჯოს. დღეს ეს 400-მილიონიანი ინვესტიცია რა მოცულობის სამუშაოს შეასრულებს ან რა შედეგს მოიტანს და რა იქნება ხვალ, ეს უკვე სხვა საკითხია. ინფლაციური პროცესები ნებისმიერ საქმიანობას თან სდევს და ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
- საუბრის დასაწყისში სოციალურად დაუცველთა კატეგორია ახსენეთ და, ეს პრობლემა როგორ შეიძლება მოგვარდეს, სუბსიდირებით თუ დიფერენცირებული ტარიფის დაწესებით?
- მიმაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის პერსონალური სუბსიდირება უნდა დაწესდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ტარიფის გარკვეულ ნაწილზე, პირობითად, 2023 წელთან შედარებით მომატებულ 5 თეთრზე. სწორედ ეს დღევანდელი დანამატი უნდა დაუფაროს სახელმწიფომ იმ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც ეს რეალურად ესაჭიროებათ. ამ ჯგუფების დიფერენცირება რთული არ არის, თუმცა აუცილებელია კრიტერიუმები ძალიან მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. დაუშვებელია ერთნაირად მიუდგე ადამიანს, რომლის წლიური შემოსავალი 100-200 ათასი ლარია, და იმ მოსახლეობას, რომელიც ელექტროენერგიაზე მხოლოდ მცირე თანხას ხარჯავს. ამიტომ, მკვეთრად უნდა გამოიკვეთოს სოციალურად დაუცველი ფენა და მათთვის ტარიფის ნამატი სახელმწიფომ დაფაროს.
ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ის მიმაჩნია, რომ ამ ტარიფებმა ხელი უნდა შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვასა და გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას. აუცილებელია ინვესტორები ენერგეტიკის სექტორში გაცილებით თამამად და აქტიურად შემოვიდნენ, ვიდრე ეს ძველი ტარიფის პირობებში ხდებოდა. სწორედ ეს არის მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ შედეგის მისაღწევად არის საჭირო ამ ხარჯის გაღება.
რა ღირს დენი ევროპაში და საქართველოს სამეზობლოში
საინტერესოა, რომ ელექტროენერგიის ფასი ბოლო ათის წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში იზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოების, "ევროსტატისა" და გლობალური საბაზრო კვლევების მონაცემების თანახმად, 2015-დან 2025 წლამდე ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ფასები თითქმის გაორმაგდა. ეს გამოწვეულია 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისით, ინფლაციითა და "მწვანე ენერგიაზე" გადასვლის ხარჯებით. ყველაზე მაღალი ტარიფები აქვს გერმანიას, დანიასა და ბელგიას, მაღალი გადასახადებისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მოსაკრებლების გამო. ყველაზე დაბალი ტარიფებია ცენტრალური აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ყირგიზეთსა და თურქმენეთში სახელმწიფო სუბსიდიების გამოისობით.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, ენერგორესურსების "მეფეები" - აზერბაიჯანი და რუსეთი ტრადიციულად დაბალ ტარიფებს ინარჩუნებენ - ისინი თავად არიან ბუნებრივი აირისა და ნავთობის მსხვილი მწარმოებლები. აზერბაიჯანში ათწლიან პერიოდში ფასი თითქმის არ შეცვლილა, რადგან სახელმწიფო ახდენს შიდა ბაზრის სუბსიდირებას საკუთარი რესურსების ხარჯზე და ეს ფასი 0,05-0,06$-ია. რუსეთში ზრდა მინიმალურია და 0,05-0,07$ ფარგლებშია შენარჩუნებული.
რაც შეეხება სომხეთს, დენის ფასი 0,09-0,11$-ია. სომხეთის ენერგოსისტემა დიდწილად ატომურ ენერგიასა და რუსულ გაზზეა დამოკიდებული. მათი ტარიფი ისტორიულად ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე აზერბაიჯანის, და დღეს ის ძალიან უახლოვდება საქართველოს ახალ მაჩვენებელს, დაახლოებით 0,10$-ს. თურქეთში დოლარში ფასი შემცირდა 0,13$-დან 0,09$-მდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთში დენი გაიაფდა. პირიქით, ლირის მკვეთრი გაუფასურების გამო, დოლარში გამოსახული ტარიფის ჩამოწევის მიუხედავად, მოსახლეობისთვის ტვირთი გაიზარდა.
რუსა მაჩაიძე