„ვერც ერთ მღვდელმთავარს ვერ ეტყვიან, ვინმეს ზეწოლით მოქმედებ ან შეგეშინდა ვინმესიო“
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ "ტვ პალიტრანიუსზე" გადაცემა "360 გრადუსს" სტუმრობდა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
- მეუფე სტეფანე, 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა სინოდის სხდომა. რაზე მოახერხეთ შეთანხმება და რაზე ვერ შეთანხმდით?
- ყველაფერზე შევთანხმდით, რაც ამ ეტაპზე იყო საჭირო... იყო ასევე პროცედურული საკითხები, რომელთა მიხედვითაც უნდა მომზადდეს კენჭისყრა... მართვა-გამგეობის დებულებაში ცვლილებებს ვერ შევიტანთ, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. დღევანდელი სინოდი დაქვრივებული ეკლესიის სინოდია, რომელიც ამზადებს მხოლოდ პატრიარქის არჩევის საკითხებს...
- თქვენ უკვე თქვით, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრე შიოს უჭერთ მხარს.
- მე მას ვენდობი, პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და მიმაჩნია, რომ არჩევანიც არა მაქვს გასაკეთებელი. პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მან გამოარჩია მოსაყდრე. ვხედავდით მის საქმიანობას და მე მაკმაყოფილებს მეუფე შიო. ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს...
- შესაძლებელია თუ არა, რომ საბოლოოდ მხოლოდ მეუფე შიო იყოს ერთადერთი კანდიდატი, როდესაც საქმე კენჭისყრამდე მივა?
- არა მგონია, იმიტომ, რომ არ არის ასეთი სიტუაცია. ჩვენ არა ვართ უბრალო ხელის ამწევები... მე გააზრებულად ვამბობ ჩემს აზრს. სხვებიც გააზრებულად ამბობენ იმას, რასაც ამბობენ... არა მგონია, ერთი კანდიდატი იყოს მხოლოდ.
- შესაძლოა ზოგი ფიქრობს, რომ თვითონ უკეთესად გაუძღვება დედაეკლესიას, ვიდრე მეუფე შიო.
- ყოველ მღვდელმთავარს თავისი სინდისი, თავისი პატიოსნება აქვს ღვთის წინაშე. ერთგულება და დამოკიდებულება ხვალინდელი დღისადმი, თუნდაც პატრიარქის საკითხისადმი... უბრალოდ სიტყვის თქმა არაფერს ნიშნავს, აწონილი სიტყვა უნდა ითქვას და ის არ შეიძლება იყოს უბრალოდ შენი ამბიციები, ეს უნდა იყოს უფლის წინაშე სიმართლით ნათქვამი.
- ზეწოლის ან გარე თუ შიდა ჩარევების რისკს რამდენად ხედავთ? შეგახსენებთ რუსეთის დაზვერვის განცხადებას, რომ მსოფლიო პატრიარქი ცდილობს ჩაერიოს პროცესში და საკუთარი კანდიდატურებიც ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ არის გარე ჩარევის ფაქტები, ამასთან, უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა მედიასაშუალება ცდილობს ამ პროცესზე ზეგავლენას...
- ჩვენ პოლიტიკურ შეფასებებს დიდად არ მივყვებით, უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ღვთისაგან მოცემული მადლი, რომელიც სულიწმინდის მადლია, რომლითაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთ მღვდელმთავარს ვერ ეტყვიან, ვინმეს ზეწოლით მოქმედებ ან შეგეშინდა ვინმესიო.
- პირდაპირი ან ირიბი მცდელობაც კი ვერავის ექნება ვერც ერთ მღვდელმთავართან?
- ეს რაღაცები ადამიანის სისუსტეებზეა გათვლილი... ყველა ადამიანს თავისი შინაგანი სამყარო აქვს, მათ შორის, მღვდელმთავრებსაც. მე ვერც ერთ მღვდელმთავარს ვერ დავწამებ ცილს, რომ ის ვიღაცის სურვილებით ან ნებით იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, არც ერთი ეჭვქვეშ არ დამიყენებია. ყველა მღვდელმთავარი ჩემი ძმაა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და გვაქვს დადებითი ურთიერთობა…და არა მაქვს უფლება, მღვდელმთავართაგან ვინმე ეჭვქვეშ დავაყენო.
- თუმცა უშვებთ, რომ შესაძლებელია იყოს ვინმეზე ზეწოლა. თქვენ ახსენეთ სისუსტეები, ჩვენ ამას კომპრომატებს ვეძახით. შესაძლოა სწორედ ამ გზით იყოს მცდელობა მღვდელმთავრების ნებაზე ზეგავლენა მოხდეს?
- ვიმეორებ, მე არც ერთ მღვდელმთავარში არ შემაქვს ეჭვი. ჩემი დამოკიდებულება ღია, გულწრფელია და არ მინდა უსაბუთოდ ვინმეს რამე დავაბრალო. თუ რამე ისეთი მოხდა, აგერ ვართ ყველანი და გამოჩნდება... არც ერთ მღვდელმთავარზე არ მიმაჩნია, რომ რაღაცას ან ვიღაცას დაემორჩილება, შეცვლის ვითარებას ვიღაცის სასარგებლოდ. შესაძლოა მას ჰქონდეს თავისი აზრი და მე იმ აზრს პატივს ვცემ. შემოვა სხვა კანდიდატურები? თუ სინოდი ერთსულოვნად, უმრავლესობით რომელიმე კანდიდატის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ პატრიარქი თუ იქნება ხმათა უმრავლესობით არჩეული, მე ამას სულიწმინდის გამოვლინებად მიიჩნევ და მივყვები იმ პატრიარქს, რომელიც იქნება არჩეული. ეს არ არის პოლიტიკური ფრაქციები, ჩვენ პარლამენტი არა ვართ. როცა ვბჭობთ, შესაძლოა ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, მერე ერთმანეთს პატივს ვცემთ, პატივს ვცემთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვიღებთ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეტრე ცაავამ საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ითხოვა. მას წერილობით მიუმართავს საპატრიარქოსთვის...
- სინოდს ეგ საკითხი განსახილველად არ ჰქონია. ვინ გასცემს პასუხს, მეუფე შიოს გადასაწყვეტია... ჩემს პირად დამოკიდებულებას ვიტყვი - როდესაც პატრიარქს ბრალდებას უყენებდნენ ის და ძმანი მისნი და ამბობდნენ, ამას დრო გამოაჩენსო, გამოაჩინა დრომ? პატრიარქი განადიდა ხომ ღმერთმა? აი, ამხელა ხალხმრავლობით და ცრემლნარევი შინაგანი სიმშვიდით და სიხარულით გაერთიანდა ხალხი. ეს არ იყო ზოგადი განწყობა, ეს იყო კონკრეტულად პატრიარქისადმი მიმართული. როგორ ფიქრობთ, ღმერთი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთი მძიმე ცოდვებით წარდგებოდა, მისცემდა ამ დიდებას? დიდებაა, ამდენი ადამიანი რომ მივა მის წინაშე, ზოგი ჯვარს ადებდა, ზოგი სკვნილს... მე დიდი იმედი მქონდა, რომ მეუფე პეტრე ამას ყველაფერს დაინახავდა. ცოტა სირცხვილი მაინც ჰქონდეს და უფლის მიმართ შენდობა ითხოვოს, თუ პატრიარქის წინაშე არ ითხოვს. ასეთ სიბინძურეს აბრალებდა პატრიარქს და უფალმა გამოაჩინა, თუ ვინ არის ჩვენი პატრიარქი. ვინმეს ეჭვი ეპარება პატრიარქის სიდიადეში?! პეტრეს თუ ეპარება ეჭვი, თავის ეჭვთან ერთად იყოს, სადაც უნდა. სინოდში ნუ ეტენება, იმიტომ, რომ ეს მისი საქმე აღარ არის. რომ განდიდდა უწმინდესი, ყველამ დაინახა და განულდა პეტრე - აღარაფერი არაა, ცარიელია, იმიტომ, რომ სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. სულიწმინდის მადლმა გამოამჟღავნა სულ სხვა რამე, ის კი სულ სხვა რაღაცას ცდილობს.
- საინტერესოა, როგორ შეირჩევიან გაფართოებულ სხდომაზე საერო პირები. მაგალითად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა ხომ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური ინტერესები. თავს შეიკავებს კომისია მსგავსი პირების მოწვევისგან?
- პირველ რიგში უნდა შეირჩნენ სასულიერო პირები, მონაზვნები... საერო პირებიდან ეკლესიის ერთგული ადამიანები, აღმსარებლები, მაზიარებლები. შემთხვევითი ადამიანები იქ ვერ მოხვდებიან... შესაძლოა ვინმე ისეთიც იყოს, რომელიც პოლიტიკურ თანამდებობას იკავებს, მე ვერ გეტყვით. რაიონებიდან თუ შეიძლება ვინმე იყოს ისეთი, რომ ძალიან აქტიური მრევლია და ამავე დროს პოლიტიკური თანამდებობა უკავია, არც ამას გამოვრიცხავ...
- თუ არ ვცდები, საერო პირებსაც ექნებათ გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. ალბათ, ისაუბრებენ კონკრეტულ კანდიდატზე... რა შესაძლებლობებს უშვებს ამ თვალსაზრისით ეკლესია?
- სათქმელს ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ ყველამ რომ სიტყვა თქვას, ეს გაჭირდება... ჩვენ ეპარქიებიდან შესაძლოა შევარჩიოთ თითო-თითო პირი, ვინც შეიძლება მღვდელმთავრის გარდა აზრი გამოთქვას, ზოგადად ეპარქიის პოზიცია ან შეიძლება თავისი პოზიციაც ჰქონდეს ვინმეს. რაც შეეხება თბილისის ნაწილს, ვინ უნდა გამოვიდეს, ალბათ, წინასწარ შეთანხმდება, და თუ ვინმე განსაკუთრებული აზრით გამოვა, არა მგონია, სიტყვა არ ათქმევინონ.
- განსაკუთრებული, ანუ კრიტიკული აზრით რომელიმე კანდიდატზე?
- ეს პროცესი ცოცხალი ორგანიზმია, როგორც იქნება, ისე, ოღონდ სკანდალების მოსაწყობად არავის მივცემთ სიტყვას. თუ დავინახავთ, რომ რაღაც არაა სულიწმინდის ნებით, არამედ თავისი სურვილებით ვიღაც რაღაცას ცდილობს, ვთქვათ, სკანდალის მოწყობას ან რაღაცა, ეს მიმართულება, ალბათ, არ იქნება.
- აღკვეთილი იქნება?
- თავიდანვე არ იქნება დაშვებული ასეთი ადამიანი. მორწმუნე ადამიანი არასდროს ცდილობს სკანდალის ატეხას. ის ყოველთვის ცდილობს კონსტრუქციული იყოს და თავისი აზრი ასე გამოთქვას.
- ამ საჯარო გამოსვლას ექნება თუ არა სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენა, თუ ეს რაღაც პროცედურული საკითხია?
- დამსწრეთა სია სინოდზე უნდა იქნეს განხილული და სინოდის გადასაწყვეტია მათი დაშვება-არდაშვება. უმიზეზოდ არავის ამოაგდებენ. თუ, ვთქვათ, ვინმე მე წარვადგინე და სინოდი ჩათვლის, რომ რაღაც მიზეზების გამო ის არ უნდა იყოს - ვთქვათ, არ იმოქმედა ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე და ა.შ. აი, მაგალითად, როგორც პეტრეს არ მიეცა უფლება იყოს მონაწილე ამ არჩევნებისა, ისიც არ უნდა დაიშვას... ვინც გამოვა სიტყვით, მისი აზრი ზოგს მოეწონება, ზოგს არა. მღვდელმთავრები საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ღვთის წინაშე მიიღებენ. ყველას აზრს მოისმენენ და... ჩვენ პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ ფარულად და იმ პოზიციებს, რაც იქნება ნათქვამი, ზოგს გავითვალისწინებთ, ზოგს არა.
ჩვენ გვინდა პატრიარქი ღირსეულად იყოს არჩეული - ესეც უწმინდესის ხსოვნის ერთ-ერთი ძალიან დიდი კომპონენტია, რომ ისე ავირჩევთ მომდევნო პატრიარქს, უწმინდესის სიმაღლისა რთულია რომ იყოს, მაგრამ უწმინდესს რომ მიჰბაძოს...