„აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ბენ- გვირი და ...“ - კვირის პალიტრა

„აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ბენ- გვირი და ...“

საქართველოში ირანის ელჩის განცხადება­­ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა მუქარად აღიქვა და ელჩმა ტონი შეარბილა, საიტიდან განცხადებაც აიღო და ახალში განაცხადა, რომ თავისი ინიციატივით შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ბევრმა ელჩის გაღიზიანება რუბიოსა და კობახიძის სატელეფონო საუბარს დაუკავშირა. რას ნიშნავდა მისი განცხადება, ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტ მამუკა­ არეშიძეს ვესაუბრეთ.

- ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რაზე ისაუბრეს რუბიომ და კობახიძემ. ახლა მთავარი­ კითხვაა, როგორ მოიქცევიან ამ კონფლიქ­ტში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. სომხეთსა და საქართველოსთან ირანს წლების განმავლობაში კარგი, საქმიანი ურთიერთობები­ ჰქონდა­.­ თუმცა ირანი რუსეთის მოკავშირეა და არასოდეს აღიარებდა რუსეთის მიერ საქარ­თველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას...

სომხეთისთვის პროდუქციის მიწოდების ერთ-ერთი­ წყარო ირანთან დამაკავშირებელი გზა იყო. აზერბაიჯანთან კი ჰქონდათ ნელთბილი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთი რელიგიის, შიიტური ისლამის წარმომადგენლები არიან, რომ ირანში ცხოვრობს 20 მილიონამდე აზერბაიჯანელი, ასეთი ურთიერთობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ის იყო, რომ აზერბაიჯანი ძალიან ახლო, პარტნიორულ ურთიერთობაშია ისრაელსა და თურქეთთან, რომელიც ირანის კონკურენტად აღიქმება წინააზიურ სივრცეში...

რაც შეეხება აშშ-სა და ისრაელს - ისრაელი ცდილობდა საქმიანი და ახლო ურთიერთობა ჰქონოდა რეგიონის ქვეყნებთან. განსაკუთრებით წარმატებას მიაღწია აზერბაიჯანთან. მოგეხსენებათ, დათმობილიც კი აქვს ისრაელს ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე... გასულ ზაფხულს პირველი ომი რომ დაიწყო, ირანის ხელმძღვანელობა ეჭვობდა, რომ ისრაელი აზერბაიჯანის ტერიტორიიდანაც დაესხა რამდენიმეჯერ დრონებით თავს ირანს. ირანულ პრესაში ასევე დაიწერა, რომ სულ მცირე, ერთხელ მაინც შეგზავნეს აზერბაიჯანიდან დივერსიული ჯგუფი ირანის ტერიტორიაზე... ისრაელი ასევე ცდილობდა განსაკუთრებული ურთიერთობა გაება სომხეთსა და საქართველოსთან. გაგახსენებთ, აგვისტოში საქართველოში ჩამოვიდა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი, იყო სოფლის მეურნეობის მინისტრიც... ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი არ დადის ქვეყნებში ვიზიტით, თუ არა აქვს კონკრეტული საქმე. გახსოვთ, ალბათ, საპასუხო ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ფიგურის ისრაელში და იქ მათ ზუსტად ბენ-გვირი მასპინძლობდა. აქ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იმიტომ ჩამოვიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა მოეპოვებინაო, მაგრამ, ვფიქრობ, იმის მოსინჯვაც იყო, როგორი იქნებოდა საქართველოს პოზიცია ირანთან დაპირისპირების დროს...

თეირანში უკმაყოფილო არიან, როგორც ბაქოს, მით უმეტეს, ერევნის მოქმედებით, რომელიც მათ მეგობრად ითვლებოდა. რაც შეეხება საქართველოს, აქაც ამის მცდელობა იქნებოდა და რუბიოს ზარის ერთ-ერთი კონტექსტიც,­ ალბათ, ეს იყო. კარგად იციან დასავლეთში, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალზე სპეციფიკური მიდგომების სისტემა აქვს, მაგრამ მისი პოზიცია მნიშვნელოვანია. საყურადღებოა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ანდრეოლის ვიზიტი, განსაკუთრებით მისი ჩასვლა ანაკლიაში. არ არის გამორიცხული, რუბიოსთან საუბრის ერთი ასპექტი­ ესეც ყოფილიყო, რომ ახლო აღმოსავლეთში გახურებული ომის გამო აბსოლუტურად შეწყდა ახლო აღმოსავლეთიდან მწარმოებლებისთვის იმ კომპონენტების მიწოდება, რომლისგანაც კეთდება ბუნებრივი სასუქი, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის, მათ შორის აშშ-სა და კანადისთვის. ახლა ძალიან აქტიურად ცდილობენ ეს ნივთიერებები მიიღონ. ამას მოწმობს ისიც, რომ სასწრაფოდ მოუხსნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები ბელარუსის ქარხანას, რომელიც ბუნებრივ სასუქს ამზადებს.

ზოგიერთი ევროპული მედიასაშუალების­ ცნობითაც, საქართველო დღეს წარმოუდგენიათ როგორც ცენტრალური აზიიდან დასავლეთისთვის ამ კომპონენტების, სასუქი მასალების მიმწოდებელი დერეფანი. ეს უფრო მყარად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს პორტებით დაინტერესების საკითხი ზუსტად ამ კონტექსტშია - არა მხოლოდ სასუქზეა ლაპარაკი, ზოგიერთი სხვა იშვიათი მინერალის მიწოდებაზეც, რომელიც მოიპოვება ცენტრალურ აზიაში.

2019-washington-dc-speaking-reporters-107803620-ffa0c8-1775398396.jpg

- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს იყო ნაყოფიერი საუბარი საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერებისთვის.

- ეს სიმართლედ მეჩვენება - თუ ამერიკის დღევანდელი ხელმძღვანელობა აღიქვამს კონკრეტულ ქვეყანას თავის საქმეებში­ პარტნიორად, ამას აუცილებლად მოჰყვება დაპირებებიც... დღეს ის მიდგომები, რომლებიც წლების განმავლობაში ჰქონდა დასავლეთს, ადამიანის უფლებები იქნებოდა თუ კანონის უზენაესობა, უკვე მეორეხარისხოვანია. მათთვის მთავარია გავლენის გაძლიერება მთელ მსოფლიოში, ანუ დაბრუნება იმ გავლენისა, რომელიც ჰქონდა 80-90-იან წლებში აშშ-ს. ამიტომ აშშ-ის პოზიცია აბსოლუტურად განსხვავდება ევროპის პოზიციისაგან. ამერიკას საქართველოს განსაკუთრებული დახმარება ნამდვილად არ სჭირდება ირანის საკითხში, მაგრამ სჭირდება მისი პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი მთლიანი რეგიონი.

არ არის გამორიცხული, შეთანხმებებიც შედგა სხვადასხვა თემაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ იარაღს აისხამს ან სხვა ნაბიჯებს გადადგამს, ამის საჭიროება არ არის, დელიკატური ნეიტრალიტეტია საჭირო.

- ირანის ელჩის პირველი განცხადება ბევრმა მუქარად აღიქვა...

- ირანის ელჩის ტონალობა ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია აზრი. მესმის, რომ მუქარად აღიქვა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ამაში არის სიმართლის ელემენტები...

- რატომ წაშალა მალევე ეს განცხადება?

- იმიტომ, რომ ძალიან მკაცრი იყო. მეც არ მომეწონა და მიმაჩნია, რომ ამის უფლება არ ჰქონდა დიპლომატს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იმის ნიშანია, რომ ხიფათი არსებობს და საყურადღებოა მისი განცხადება.

- ომის დასრულების პერსპექტივა ჩანს?

- მე არ მჯერა იმის, რომ ამერიკელები ჩააწყობენ იარაღს და წავლენ სახლში, იქ ძლიერი სადესანტო ძალები მიემართებიან. აშშ-ის გასვლა ნიშნავს, რომ უდიდესი ხიფათის ქვეშ აღმოჩნდება მომავალში სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკა, ვეღარ ექნებათ ის დომინანტური მდგომარეობა, როგორიც ჰქონდათ. როგორც ჩანს, ისრა­ელისა და აშშ-ის გეგმა ასეთია: ისრაელი იყოს ეკონომიკურად დომინანტი რეგიონში. არსებობს პროექტები ნავთოსადენებისა და გაზსადენების გატარებაზე საუდის არაბეთიდან ისრაელის გავლით, მერე კი ევროპისკენ. როგორც ჩანს, ახლა ამას უნდა შეუერთდნენ სპარსეთის ყურის მონარქიებიც, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ეს რომ მზად იყოს, ამერიკის გასვლა გასაგები იქნებოდა. დღეს აშშ არსად წამსვლელი არ არის, უბრალოდ, ის ნატოს მოკავშირეებს სჯის, რომ მას არ ეხმარებიან.

საუბრის ბოლოს მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ირანში დაღუპულ ეთნიკურად ქართველების ოჯახებს. ისპაჰანში 23 კაცი დაიღუპა და მათ შორის ეთნიკურად ქართველებიც იყვნენ. მქონდა საუბარი მათ წარმომადგენლებთან, ზოგიერთის ოჯახის წევრთანაც. აქვე დავძენ, საბოლოოდ, თუ გამოწვევებსა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ მდგომარეობაზეა ლაპარაკი,

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რეგიონის ქვეყნებთან ერთად გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა შევქმნათ, რათა გვქონდეს ერთი პირი გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, გამოწვევების ხარისხი ძალიან მაღალია. ზოგიერთს აქ სძინავს, ჩვენს გვერდით, უბრალოდ, ჯერ არ სჭირდება მავანს, რომ გააღვიძოს. ეს არ იქნება მაინცდამაინც ირანი, შეიძლება სხვა იყოს და გამოიყენოს ეს ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.