„ქაღალდის ვეფხვები“ - ტრამპის ულტიმატუმი ნატოს და ალიანსი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე
ბოლო დღეებში ირანის ომისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე ტრამპის მუქარა, რომ აშშ ალიანსს დატოვებს, თუ მოკავშირეები სამხედრო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, აღარ აღიქმება როგორც მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკა. დასავლური მედია ანალიტიკოსებზე დაყრდნობით უკვე წერს, რომ პრეზიდენტს ხელთ აქვს ინსტრუმენტების მთელი არსენალი, რომლითაც მას ნატოს დემონტაჟი ოფიციალური გასვლის გარეშეც შეუძლია. პროცესის განვითარება შესაძლოა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, რომელთაგან თითოეულს თავისი დამანგრეველი ეფექტი აქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. პირველ რიგში, რიტორიკის გამკაცრება თავისთავად წარმოადგენს თავდაცვის მექანიზმის რღვევას. ნატოს შეკავების პოლიტიკა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო ძალას, არამედ რწმენას, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ აუცილებლად ჩაერევა. როდესაც ტრამპი საჯაროდ აყენებს ეჭვქვეშ ამ ვალდებულებას, ალიანსის "უსაფრთხოების ქოლგა" ვირტუალურად ქრება, რაც პოტენციურ აგრესორებს მოქმედებისკენ უბიძგებს. ამას მოჰყვება მეორე, უფრო პრაქტიკული ნაბიჯი - სტრატეგიული დაბრკოლებების შექმნა. ვაშინგტონს შეუძლია შეაჩეროს ნატოს ბიუჯეტში შენატანები ან დაბლოკოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რითაც ალიანსის ყოველდღიურ ფუნქციონირებას პარალიზებულს გახდის. მესამე და ყველაზე თვალსაჩინო სცენარი ევროპიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანაა. დღეს კონტინენტზე განლაგებული ათიათასობით სამხედრო და ათეულობით ბაზა წარმოადგენს "ცოცხალ ფარს", რომელიც ევროპის სტაბილურობას იცავს. მიუხედავად იმისა, რომ 9 000-მდე ჯარისკაცის გაყვანა შესაძლოა კატასტროფული არ იყოს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნის. ამას პირდაპირ ებმება ე.წ. რბილი გასვლის სცენარი, რომელიც შესაძლოა ყველაზე სახიფათო აღმოჩნდეს. აშშ-ს შეუძლია უარი თქვას ოთხწლიან სამხედრო დაგეგმარებაზე, რაც ნატოს "სამხედრო ტვინად" აღიქმება. ცხადია, ამის გარეშე ალიანსი დაკარგავს კოორდინაციის უნარს და გადაიქცევა მხოლოდ ფორმალურ კლუბად, სადაც წევრებს აღარ ეცოდინებათ, ვინ რა რესურსით უნდა იმოქმედოს კრიზისის დროს. რაც შეეხება ოფიციალურად გასვლას, აქ იურიდიული ბარიერები საკმაოდ მაღალია. აშშ-ის კანონმდებლობა და სენატის მხარდაჭერის აუცილებლობა პროცესს ართულებს, თუმცა ტრამპის მიერ "ღია ცის" ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის პრეცედენტი მიუთითებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია იპოვოს იურიდიული ხვრელები. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ნდობის სრული დეფიციტი. მაშინაც კი, თუ ტრამპი ფორმალურად დარჩება ალიანსში, მისი ულტიმატუმი ირანის საკითხზე უკვე ქმნის "ორშრიან ნატოს", სადაც აშშ-ს ინტერესები და ევროპის უსაფრთხოება ერთმანეთს აღარ ემთხვევა.საბოლოო ჯამში, ალიანსის ბედი ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორს წავა ევროპა დათმობებზე. ფაქტია, დღეს ტრამპი ჰორმუზის სრუტეს იყენებს როგორც ბერკეტს, რათა აიძულოს მოკავშირეები, გაიზიარონ არა მხოლოდ ფინანსური ხარჯები, არამედ ამერიკული საგარეო პოლიტიკის რისკებიც.
ამ ვითარებაში განსაკუთრებით საინტერესო ხდება რუსეთისა და ჩინეთის პერსპექტივა, რადგან ლოგიკურია, რომ ისინი ტრანსატლანტიკური განხეთქილებით მაქსიმალურად ისარგებლებენ... ცალსახაა, რომ ევროპული ქვეყნები ტრამპის ულტიმატუმის გამო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ - ირანთან ომში ჩართვა ალიანსის გადასარჩენად ან აშშ-ის გარეშე დარჩენა რუსული საფრთხის პირისპირ... რა გზა შეიძლება აირჩიონ ევროპამ თუ ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.

- ამერიკამ ნატოდან გასვლა ახლა რომც მოინდომოს, ვერ გავა, რადგან კონგრესმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც, ალიანსის დატოვება მარტივი აღარ არის. თუმცა მთავარი პრობლემა ნდობის შემცირებაა - თუ ამერიკა ნატოზე განაწყენდა, ეს საფრთხეს შეუქმნის ზოგადად მეხუთე მუხლის ამოქმედებას. თუ იტყვის, მე არ ჩავერევიო, მაშინ ვინ არის ჩამრევი? ნატო ხომ, ძირითადად, სწორედ ამერიკაა. როგორც მე ვუყურებ, ევროპელები მოთმინებით ელიან ტრამპის ვადის ამოწურვას, რათა ნახონ, რა იქნება შემდეგ. აშკარაა, უკვე იწყებენ მზადებას პოსტტრამპული პერიოდისთვის. როგორც ჩანს, უკრაინაც იმავეს ელოდება და სურს მანამდე როგორმე გადარჩეს. ტრამპი თანამდებობაზე წელიწად-ნახევარია და იმდენი რაღაც მოხდა, რომ რთულია პროგნოზირება.
ვენესუელის მოვლენების შემდეგ, როგორც ჩანს, ტრამპი ფიქრობდა, რომ აიათოლას მკვლელობით ყველაფერი დასრულდებოდა და ხალხი რევოლუციას მოახდენდა. ამ სცენარზე ჰქონდათ გათვლილი. ზოგადად, ტრამპი არ ჰგავს ხანგრძლივი ომების მომხრე პრეზიდენტს, ეს მის სტილსა და მენტალიტეტში არ ჯდება. აქ, ჩემი აზრით, რუსეთის მსგავსი სცენარი გათამაშდა - პუტინი დაზვერვამ დაარწმუნა, რომ უკრაინაში ყვავილებით დახვდებოდნენ. სავარაუდოდ, "მოსადმაც" ასეთივე ვარდისფერი სურათი შეუქმნა ნეთანიაჰუს, მან კი ტრამპს, რომ ერთი დარტყმაც და, ირანში რეჟიმი ეგრევე ჩამოიშლებოდა. რადგან ირანის მიმართულებაზე ძირითადად "მოსადია" პასუხისმგებელი, მათ ან ვერ შეაფასეს ვითარება, ან ნეთანიაჰუს ის უთხრეს, რისი მოსმენაც მას სურდა, ან ორივე ერთად. ამიტომ აღმოჩნდნენ ისინი მოუმზადებელი ხანგრძლივი ომისთვის.
- ახლა ტრამპის მცდელობა, რომ ნატო და ევროპა ჩაერთონ ამ ომში, რას ნიშნავს?
- აქ ასიმეტრიულ ომთან გვაქვს საქმე. ყველამ, მათ შორის ირანელებმაც, იციან, რომ პირისპირ ბრძოლაში ამერიკა ყველას დაამარცხებს, თუმცა ნაპოლეონის სტილში, ღია ველზე ბრძოლას არავინ აპირებს. პრობლემა სწორედ ასიმეტრიული კონფლიქტია, ვიეტნამისა და ავღანეთის მსგავსად. მთავარი კითხვაა, რა ხდება მაშინ, როდესაც აიათოლას მკვლელობის შემდეგ რეჟიმი არ ემხობა. ირანს უზარმაზარი ტერიტორია აქვს, სამი უკრაინისხელა და მისი ენერგო- და სხვა სამოქალაქო ობიექტები მთელ ქვეყანაშია გაფანტული, რაც მათ სრულ განადგურებას ართულებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანს უზარმაზარი ზარალი მიადგა, რეგიონში ვითარება სერიოზულად შეიცვალა - აღმოჩნდა, რომ ქვეყანა-ვიტრინების, მაგალითად, დუბაის, კეთილდღეობა ფიქციაა, რადგან დაუცველები არიან. ამერიკამ ვერ შეძლო ადგილობრივი მოკავშირეების დაცვა ასიმეტრიული ომისგან. გარდა ამისა, არ ვიცით, ჰორმუზის სრუტე როდის გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჰორმუზის სრუტიდან ნავთობს არ იღებს, მისი ჩაკეტვა მსოფლიო ეკონომიკას დაარტყამს, რაც ამერიკაზეც აისახება - ის გლობალური ეკონომიკისგან ვერ ჩაიკეტება. ჩრდილოეთ კორეაც კი ვერ გადგება მსოფლიო ეკონომიკისგან განზე... ამასთან, გაურკვეველია, რამდენად ეფექტური იქნება ევროპული სახელმწიფოების ჩართვა ამ ომში. ჰორმუზის სრუტეში ფლოტის შეყვანა დიდ რისკებს შეიცავს. ღია ზღვაში დიდი მანძილიდან ნასროლი ჭურვის განეიტრალება შესაძლებელია, მაგრამ 25-კილომეტრიან ვიწრო სრუტეში, სადაც ჭურვს 15 კილომეტრიდან ისვრიან, სამხედრო ხომალდები ძალიან მოწყვლადი ხდებიან. მათი დაზიანება არა მხოლოდ მატერიალური, არამედ საშინელი რეპუტაციული კატასტროფაა. მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი და არ ვიცი, ევროპელებს ამ სრუტეში შესვლის შანსი რამდენად აქვთ. სულ ცოტა, ტრამპი ამით ახლა აკეთებს იმას, რომ ევროპელებს ვალს ადებს. ამით მას უფრო ეხსნება ხელ-ფეხი უკრაინის საკითხში. აშკარაა, რომ მას უკრაინის ომი მობეზრდა, მისი დასრულება სურს და ამას გამოიყენებს მიზეზად. ამერიკის ინტერესია, მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინიდან იშვიათი მინერალების წამოღება დაიწყოს, რათა ამ რესურსზე ჩინეთზე დამოკიდებულება შემცირდეს.
- ევროპას აქვს უსაფრთხოების პრობლემა და ის გამწვავდება, თუკი ამერიკა უარს იტყვის უსაფრთხოების გარანტორობაზე. მეორე მხრივ, ირანის ომმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა ევროპის ეკონომიკას და ამ ორმხრივი პრობლემების გათვალისწინებით, ევროპას რა შანსი აქვს, რომ ირანთან დაიწყოს მოლაპარაკებები?
- ირანმა ჰორმუზის სრუტეში ფრანგული ხომალდი და ტვირთი გაატარა, რაც გარკვეული სიგნალია, ვინც არ მერჩის, იმას არც მე ვერჩიო. ირანელები ამით მშვენივრად თამაშობენ - მაშინ, როცა ტრამპი სრუტის გახსნას ითხოვს, ირანი მას შერჩევითად ხსნის. ყველამ იცოდა, რომ ირანი სრუტეს დაკეტავდა; ისინი ამისთვის წინასწარ ემზადებოდნენ, გაამაგრეს სანაპიროები და კუნძულები. რადგან სრუტე ძალიან ვიწროა, მილიარდობით დოლარის ღირებულების ხომალდის ჩაძირვა 10.000-დოლარიანი ჭურვითაც კი მარტივია... თუ ევროპის ქვეყნები, ბრიტანეთის ჩათვლით, ირანთან დათმობაზე წავლენ, მათი ეკონომიკური პრობლემები მოგვარდება, თუმცა ეს სერიოზულად დააზიანებს ამერიკა-ევროკავშირისა და ამერიკა-ინგლისის ურთიერთობებს. ინგლისისთვის ე.წ. სპეციალური ურთიერთობა აქამდე საკრალური იყო - 1950-იანი წლებიდან მისი ნიშა მსოფლიო პოლიტიკაში სწორედ ამერიკის ერთგული პარტნიორობა იყო. ახლა ეს ნიშა ქრება და გაურკვეველია, რა როლს დაიკავებს ინგლისი მომავალში. მთავარი კითხვაა, გაგრძელდება თუ არა ეს უნდობლობა ტრამპის შემდეგ. ამ ომის დაწყებამდე ამერიკა გაცილებით ძლიერ პოზიციაზე იყო. თუ ის პროცესებიდან მალე გამოვა, კვლავ პირველ სახელმწიფოდ დარჩება, მაგრამ ირანში "ერაყის სცენარით" გაჭედვა გაცილებით უარესი იქნება. ირანს, ერაყისგან განსხვავებით, ჰყავს უძლიერესი პროქსიძალები, "ჰეზბოლა", ჰუსიტები და მის ხელშია ერაყელი შიიტების დიდი ძალაც. ამ ვითარებაში ყველაზე ჭკვიანური იქნება, ამერიკამ თქვას, მიზანს მივაღწიე, ირანს უზარმაზარი ზარალი მივაყენეო, რაც სიმართლეა, და ამით პროცესი დაასრულოს. ის ბიზნესმენია, ბიზნესს კი ასეთი კონფლიქტები არასოდეს აწყობს. ტრამპი ამერიკის საგარეო პოლიტიკას ყოველთვის ბიზნესმენის თვალით უყურებდა - მისი პრინციპია, რომ ვაჭრობაში არავისთან, არც მეგობართან, არც მეტოქესთან, არც ჩინეთთან და არც ევროკავშირთან არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი ბალანსი. შესაბამისად, ეს ხანგრძლივი ომი მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას საკუთარი ნავთობი აქვს, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა ავტომატურად აისახება ამერიკაზეც. ამიტომ საუკეთესო სცენარი ომიდან დროულად გამოსვლაა..
რუსა მაჩაიძე