რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო ირანში სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში
საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების "გადატვირთვაზე" საუბარს იმ დროს ააქტიურებს, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების რისკები საგრძნობლად იზრდება და გეოპოლიტიკური პროცესები ახალ ფაზაში გადადის. ირანში დაძაბულობის გამწვავება, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა და სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ინტერესების გააქტიურება ქმნის გარემოს, სადაც ვაშინგტონსა და თბილისს შორის კომუნიკაცია შესაძლოა განპირობებული იყოს არა პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებით, არამედ უსაფრთხოების საჭიროებებით. ამ ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა - ასახავს თუ არა "გადატვირთვაზე" საუბარი რეალურ პროცესებს, თუ ეს უფრო შიდაპოლიტიკური ნარატივის ნაწილია, რომელიც მოლოდინების შექმნას ემსახურება. გვესაუბრება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე:

- მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო კონტაქტი, ჩემი აზრით, იყო ნიადაგის მოსინჯვა, რა პოზიციას დაიჭერს "ქართული ოცნება" იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს. ვფიქრობ, საუბარი უფრო უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა და არა პოლიტიკურ დღის წესრიგს, მით უმეტეს "გადატვირთვას" ან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუ ამ კონტექსტს დავუკავშირებთ ირანის ელჩის განცხადებას, რომელიც მუქარის ელემენტებსაც შეიცავდა, ეს ვერსია უფრო სარწმუნო ხდება. "ქართული ოცნების" მცდელობა, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ახალი ნარატივი არ არის. საპრეზიდენტო არჩევნებამდეც იგივე მესიჯი ისმოდა - "ტრამპი მოვა და ყველაფერი შეიცვლება", შემდეგ იყო ინაუგურაციის მოლოდინი, შემდეგ სხვა ეტაპები და ეს ხაზი დღემდე გრძელდება. ფაქტობრივად, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა დასავლეთთან ორმაგი მიდგომით ხასიათდება: ერთი მხრივ, ევროკავშირის მწვავე კრიტიკა, სადაც ბრიუსელი კრემლთან გათანაბრებულად არის წარმოჩენილი, რაც დასავლეთთან დაახლოების იდეას გამორიცხავს; მეორე მხრივ, ამერიკასა და ტრამპთან დაკავშირებული უფრო ფრთხილი და მოლოდინებზე დაფუძნებული რიტორიკა.
- რამდენად რეალ\ურია ხელისუფლების მოლოდინი, რომ უკვე აპრილში დაიწყება "გადატვირთვა", მით უმეტეს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ პერიოდს ასახელებენ შესაძლო პროგრესის ვადად?
- რუბიოსა და კობახიძის საუბარი, ჩემი შეფასებით, შეეხო არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ მთლიანად რეგიონულ უსაფრთხოებას. ამერიკისთვის ამ სივრცის მდგრადობა ბუნებრივად წარმოადგენს ინტერესის საგანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგიონში პროცესები აქტიურდება: აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობა ნაწილობრივ გაუმჯობესებისკენ მიდის, ხოლო სომხეთი დასავლეთთან დაახლოებისთვის მუშაობს. ასეთ პირობებში რეგიონული დღის წესრიგი შესაძლოა მართლაც გახდეს უფრო ინტენსიური, მათ შორის მოლაპარაკებების დონეზეც. ამიტომაც დღეს უკვე შეინიშნება საზოგადოებრივი აზრის წინასწარი ფორმირების მცდელობა, თითქოს კონკრეტული შეხვედრები უკვე მზადდება და ამას აპრილში რეალური შედეგი მოჰყვება. შემდგომ ეტაპზე, სავარაუდოდ, ამას საინფორმაციო და პოლიტიკური პიარის გაძლიერება დაემატება. საბოლოოდ ეს პროცესი არსებით გარღვევამდე ვერ მივა. მეტიც, ირანის საკითხის გადაჭრის შემდეგ "ქართულ ოცნებასა" და ამერიკის ადმინისტრაციას შორის არსებული წინააღმდეგობები, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გამწვავდება.
თუმცა, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს საკითხი უფრო ფართო რეგიონულ პროცესებში განიხილება, მათ შორის უკრაინის ომსა და ევრაზიულ პოლიტიკურ დინამიკაში. დღევანდელი რეალობა ასეთია: რუსეთს განვითარების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს, ხოლო ამერიკის გლობალური გავლენა შედარებით შესუსტებულია. პუტინმა რუსეთს განვითარების შესაძლებლობა მოუსპო, ტრამპმა კი ამერიკის ჰეგემონობა დასასრულს მიუახლოვა. ასეთ პირობებში საქართველო, ბელარუსისგან განსხვავებით, დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სივრცეა. აზიაში ვითარება მრავალფეროვანი და კონფლიქტებით დატვირთულია, მაშინ როცა ევროპაში, რუსეთის გარდა, ქვეყნების უმრავლესობა უკრაინის ომის საკითხში ერთიან პოზიციას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, საქართველო დასავლეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წერტილია. შესაბამისად, დასავლეთი შესაძლოა ტაქტიკურ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ ეს "ქართულ ოცნებას" სტრატეგიულ პრობლემებს ვერ მოუგვარებს. საბოლოოდ ურთიერთობების ფუნდამენტური დარეგულირება ნაკლებად მოსალოდნელია. ისტორიულ პარალელს თუ გავავლებთ საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ურთიერთობებთან, დავინახავთ, რომ პერიოდული "დათბობის" მიუხედავად, პროცესები საბოლოოდ მაინც მკაფიო გეოპოლიტიკური შედეგებით მთავრდებოდა. მსგავს ტენდენციას შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება ახლაც. ამიტომ შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე ვიხილოთ ამერიკის უფრო რბილი ტაქტიკური ნაბიჯებიც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში "ქართული ოცნებისადმი" დამოკიდებულება არსებითად არ შეიცვლება.
- როგორი შეიძლება ყოფილიყო რუბიოს წინადადება თუ მოთხოვნა? ირანის ელჩის მუქარის შემცველ განცხადებასაც თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რეალურია ქვეყნისთვის დამატებითი უსაფრთხოების რისკები?
- იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ირანში მართლაც დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას, საქართველო შესაძლოა განიხილებოდეს როგორც ლოჯისტიკური მნიშვნელობის სივრცე. საქართველო პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ვერ და არ უნდა ჩაერთოს - ეს გამორიცხულია. თუმცა ირანის რიტორიკაში ჩანს მინიშნება იმაზე, რომ საქართველომ ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა არ უნდა აღმოუჩინოს ამერიკას. ირანი პარალელურად ცდილობს რეგიონში ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე უფრო ფართო გეოპოლიტიკურ სივრცეში. მსგავსი რიტორიკა შეიძლება საქართველოზეც გავრცელდეს, როგორც ზეწოლისა და გავლენის ბერკეტი.
- არსებობს თუ არა ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების რეალური რისკი და ასეთ შემთხვევაში რისი იმედი უნდა გვქონდეს?
- თუ ასეთი სცენარი გათამაშდა და საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთო პროცესში, თუნდაც მხოლოდ ლოჯისტიკური მხარდაჭერით, ირანის რეაგირება მკვეთრი იქნება. თუმცა ნაკლებად ვფიქრობ, რომ ამერიკა ამ მასშტაბის სახმელეთო ოპერაციაზე წავიდეს. უფრო რეალისტურად მეჩვენება დარტყმები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მაგალითად, ენერგეტიკულ სისტემაზე ან სატრანსპორტო კვანძებზე. ამასთან, თუ მიზანი ირანში შიდაპოლიტიკური პროცესების გააქტიურებაა, შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე სამხედრო ზეწოლის ფორმაც შეიცვალოს, რათა ირანელ საზოგადოებაში პროტესტის მუხტი გაძლიერდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უფრო რეალისტურ და მართვად ნაბიჯად ჩანს არსებული მიზნების კონტექსტში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ასეთი ესკალაცია პოლიტიკურად სარისკოა თავად ტრამპისთვის - მოკლევადიან პერიოდში მისი გამართლება რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. დღეს უკვე არსებობს ეკონომიკური ზეწოლის ფაქტორებიც, მათ შორის ენერგომატარებლების ფასების ზრდა, რაც დამატებით გლობალურ დაძაბულობას ქმნის. საბოლოოდ, სახმელეთო ოპერაციის ალბათობა მაინც დაბალია.
ხათუნა ბახტურიძე