„ვფიქრობ, გაზაფხულზე პროტესტი გააქტიურდება“
"ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი შეუგუებლობა არსად ქრება - ეს შეიძლება ხან გამოჩნდეს და ხან არა, მაგრამ არსად არ მიდის", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე და პოლიტიკურ რეალობას აღწერს.
- საზოგადოებაში არსებობს მყარად ჩამოყალიბებული შეუგუებლობა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ. შეიძლება ამას დღეს არ ჰქონდეს მკვეთრი გამოხატულება, მაგრამ, ვფიქრობ, გაზაფხულზე პროტესტი გააქტიურდება, რასაც გარკვეულწილად გეოპოლიტიკური ვითარებაც განაპირობებს. სურათი ასეთია - საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება ხანგრძლივია.
- როგორ პასუხობს ამ გამოწვევას ოპოზიცია?
- დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ "ნაცმოძრაობა", ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაიყო. მსგავსი პროცესები ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის - წარსულშიც არაერთხელ გვინახავს პოლიტიკური დაყოფები, შემდეგ გაერთიანებები და კვლავ დაშლა. ამ შემთხვევაში გაერთიანებას სათავეში უდგას სააკაშვილის ფაქტორი, რაც მათ პოლიტიკურ არჩევანს განსაზღვრავს. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ასე ხედავენ საკუთარ სტრატეგიას, მე კი წარმოვადგენ იმ ამომრჩეველს, რომელსაც სურს რეალური ცვლილება, თუმცა არ სურს წარსულში დაბრუნება. ამ ადამიანებს სჭირდებათ ახალი პოლიტიკური ძალები, ახალი ხედვა და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა. სწორედ ასეთი ამომრჩეველია უმრავლესობაში და ისინი, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანან აქტიურ ქუჩის პროტესტში, მაინც აქტიური და ჩართული მოქალაქეები არიან.
- ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების კრიტიკის რეალურ პოლიტიკურ შედეგებში გადაყვანას. თქვენ რას მიიჩნევთ ამის მიზეზად?
- მე არ ვეთანხმები ამ შეფასებას. ოპოზიციამ არჩევნებში რეალურად მიაღწია წარმატებას. ეს დასტურდება როგორც ეგზიტპოლებით, ასევე სხვადასხვა წყაროს მონაცემებით. თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა - ძალადობამ, ზეწოლამ, დაპატიმრებებმა შეცვალა რეალობა. ასეთ პირობებში მიღწეული შედეგის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის სისუსტე, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდებთან. არსებობს დოკუმენტურად გამყარებული ანგარიშები, სადაც დეტალურად არის აღწერილი არჩევნების გაყალბების მექანიზმები და მასშტაბები.
- თქვენს აზრს არჩევნების გაყალბებაზე სახალხო დამცველი არ იზიარებს.
- არსებობს არაერთი კვლევა და ანგარიში, მათ შორის სერიოზული დოკუმენტური მასალები, რომლებიც აღწერს დარღვევებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ვიღაცამ არ დაიჯეროს ეს ყველაფერი, თუმცა ფაქტობრივი მასალა არსებობს და ის საკმაოდ დამაჯერებელია. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ეს არის კვლევებზე დაფუძნებული შეფასებები.
- თქვენი შეფასების მიუხედავად, "ქართული ოცნება" ძალაუფლებას ინარჩუნებს. ამ მოცემულობაში რა უნდა იყოს ოპოზიციის ნაბიჯი?
- დღეს ოპოზიცია ასეთი გამოწვევის წინაშე დგას - "კოლექტიური ზეწოლა", საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა, ადამიანები ინდივიდუალურად ხდებიან ზეწოლისა და რეპრესიების ობიექტები, სადარბაზოებთან აკავებენ, აჯარიმებენ, აშინებენ. თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კორუმპირებული ხელისუფლება საბოლოოდ ვერ აკონტროლებს საზოგადოებრივ განწყობას. ადრე თუ გვიან, კონტროლი სუსტდება. ის ფაქტი, რომ ადამიანები ყოველდღიურად ქუჩაში არ დგანან, არ ნიშნავს, რომ პროტესტი გაქრა. ფაქტობრივად, ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც სრულად კმაყოფილი იყოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. როდის გადაიზრდება ეს უკმაყოფილება კონკრეტულ ქმედებაში, ამის თქმა ძნელია, თუმცა პოტენციალი აშკარაა. სხვათა შორის, ძალიან დიდია უკმაყოფილების ტალღა მიუსაფარი ძაღლების გამოც და სულაც არ არის გამორიცხული, ამას გავრცობა მოჰყვებს.
- ამ საკითხზე აზრი გაყოფილია: ნაწილის აზრით, პრობლემაა ე.წ. მიკედლებული ძაღლები, რომლებსაც მიმკედლებლები კვებავენ, თუმცა არ იღებენ პასუხისმგებლობას მათ ჰიგიენასა და უსაფრთხოებაზე. შედეგად, ზიანდება საცხოვრებელი გარემო და იზრდება რისკები.
- მოქალაქეების უსაფრთხოება ნამდვილად უნდა იყოს პრიორიტეტი, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობა არის არასათანადო მართვის შედეგი. არ არსებობს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, არა გვაქვს ზუსტი მონაცემები, რამდენი ძაღლია ქუჩაში, რამდენია სტერილიზებული, რამდენი იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება გამოიყოფა, შედეგი არ ჩანს. ამ საკითხს სჭირდება რეგულაცია და პასუხისმგებლობის განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებსაც, ვინც შინაურ ცხოველებს ქუჩაში ტოვებს. ეს არ არის მხოლოდ ცხოველთა დაცვის საკითხი, ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. მსგავსი ქცევა ხშირად უკავშირდება ფართო სოციალურ პრობლემებს და საჭიროებს სისტემურ მიდგომას.
- ამ და სხვა უფრო საჭირბოროტო საკითხებზე გეგმავთ თუ არა სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობას?
- ამ ეტაპზე ვაპირებ დამოუკიდებლად მოქმედებას. თუ არჩევნები იქნება სამართლიანი, მზად ვარ კონკურენციისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან. თუმცა მთავარი გამოწვევა სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა. ეს არის ის საფუძველი, რომლის გარეშეც პოლიტიკური კონკურენცია ვერ იქნება რეალურად დემოკრატიული.
ხათუნა ბახტურიძე