დეჟავიუ ანუ როგორ შეიძლება „კოზირი“ „ხიშტად“ იქცეს - კვირის პალიტრა

დეჟავიუ ანუ როგორ შეიძლება „კოზირი“ „ხიშტად“ იქცეს

კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა იოლია სოცქსელების მეშვეობით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება და დეზინფორმაციის გავრცელებით აჟიოტაჟის გამოწვევა.­ მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ ამბებს ვგულისხმობთ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სეს-მა (სურსათის ეროვნულმა სააგენტომ) ქუჩაში ძაღლების დაჭერა დაიწყო, რაც ცხოველთა მოყვარულებს მაშინვე მოხვდათ თვალში, და უცბად ფბ-ში ვიღაცამ დაწერა, გორის კრემატორიუმში ძაღლებს ცოცხლად წვავენო. შეიძლება ძალიანაც ვცდები, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ეს დეზინფორმაცია ვიღაცამ სპეციალურად გაავრცელა. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, რა უფრო ტრაგიკულია - ის, რომ ვიღაც სპეციალურად ავრცელებს საზარელ დეზინფორმაციას, თუ ის, რომ მოქალაქეების ნაწილს სჯერა, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ცოცხალი არსებები კრემატორიუმში შეაგდონ და დაწვან... სახელმწიფო უწყებებს ჰყავთ პრესსამ­სახურის მაღალანაზღაურებადი თანამშ­რომლები. სანამ ძაღლების დაჭერას დაიწყებდნენ, ხომ შეიძლებოდა მანამდე გაევრცე­ლებინათ ის განცხადება, რომელიც მაშინ გაავრცელეს, როცა "კრემატორიუმში­ დაწვაზე" ისტერიკა პიკზე იყო?! კერძოდ, წინმსწრებად ეთქვათ, რომ ძაღლებს ვაქცინაციისთვის იჭერდნენ და აპირებდნენ მათ უკან დაბრუნებას. რაც შეეხება გავრცელებულ­ ფოტოებს, რომლის მიხედვითაც, გალიაში ძაღლების "ჭყლეტა" მოაწყვეს, თუ ეს მართალია, მაშინ მიუღებელია. თუ პრეტენზია­ გვაქვს ცივილიზებულ სახელმწიფოზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილია ჰუმანიზმი, მათ შორის ცხოველებთან დაკავშირებით... რაც შეეხება თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტურ აზრს ქუჩის ძაღლების თაობაზე. ძაღლების ადგილი ქალაქების ქუჩებში არ არის - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უქმნის დისკომფორტს. თუმცა პრობლემა უნდა მოგვარდეს დასავლური სტანდარტებით. აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამის გამოცდილება და როგორც ვიცი, საქართველოში ცხოველთა ბევრი მოყვარული მზად არის ამ საკითხზე ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან.

რუბიოს ზარი და ირანის ელჩის განცხადებები

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პრემიერ ირაკლი კობახიძეს დაურეკა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საუბრის შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელა: "მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის "კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება", სამაგიეროდ, ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები შეეცადნენ "გამოეცნოთ", რატომ დარეკა რუბიომ თბილისში და რაზე ისაუბრეს სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა.­ ოპოზიციამ დაიწყო მტკიცება, ეგ ზარი არაფერს არ ნიშნავსო, მერე რა, რომ დარეკაო. "ოცნებამ" ამ ზარში თბილისსა და ვაშინგტონს შორის ხიდის აღდგენის ნიშნები დაინახა, ექსპერტებმა კი გააანალიზეს, კონკრეტულად, რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა ირანის ომის კონტექსტში საქართველოს დახმარება აშშ-ს.

დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, საუბარი ირანთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. სავარაუდოდ, აშშ-ს ლოჯისტიკური კუთხით საქართველოს საჰაერო სივრცის (ან შესაძლოა სახმელეთოც) უფრო მეტი სიხშირით გამოყენება სურს (ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები უკვე კარგა ხანია სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცით. თბილისში ივსებენ საწვავს და შემდეგ მიფრინავენ სამხრეთისკენ). ასევე, რა თქმა უნდა, ეს ზარი ბევრ რამეს ნიშნავს. თუ ოფიციალური თბილისი დააკმაყოფილებს ვაშინგტონის თხოვნას, მიიღებს შესაბამის ბენეფიტებს - მაგალითად, ურთიერთობის სწრაფად აღდგენას, თუ არადა,­ მიიღებს ურთიერთობის გაუარესებას. რა პასუხს გასცემს თბილისი ვაშინგტონს, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

1-ლ აპრილს კი საქართველოში ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ამ ეპიზოდმა ყველაზე მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია: "დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი­ ქვეყანა უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს - ისინი, ვინც გუშინ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ".

საზოგადოების ნაწილმა და ასევე ექსპერტებმა ეს მუქარად აღიქვეს. ეს ლოგიკურია - რაღა მაინცდამაინც მარკო რუბიოს ზარის შემდეგ გაავრცელა ასეთი განცხადება ირანის ელჩმა?! ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოითხოვეს ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყებამ არ დაიბარა და ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტებიც ლოგიკურია - მართლაც, ელჩის განცხადებაში საქართველო არსად ნახსენები არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, ელჩი შეიძლება დაიბარო და ოფიციალურად ჰკითხო, გულისხმობდა თუ არა საქართველოს და შემდეგ გაავრცელო შესაბამისი განცხადება.

თუმცა მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ირანის ელჩის ზემოხსენებული განცხადება წაიშალა და 1-ლი აპრილის თარიღით გამოქვეყნდა სეიედ ალი მოჯანის შემდეგი განცხადება: "დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე. შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობის შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.

ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდასტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომელთა ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.

ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას. რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა".

დიდი ალბათობით, მოვლენები განვითარდა შემდეგი სცენარით: საქართველოს ხელისუფლება არ წავიდა გამწვავებაზე, შედგა კულუარული კონტაქტი, რომლის შედეგადაც ელჩის პირველი განცხადება წაიშალა და ჩანაცვლდა მეორე განცხადებით - ირანელი დიპლომატი დიახ, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ იქ თავისი ინიციატივით მივიდა და საჭირბოროტო საკითხები განიხილა.

თუ ზემოხსენებული ვერსია მართალია, სწორი ტაქტიკით იმოქმედა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ? თქვენი მონა-მორჩილის აზრით, დიახ, რადგან ზედმეტი შარი ქვეყანას არ სჭირდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს გარშემო მიმდინარე ორი დიდი ომი რა სცენარით ან როდის დასრულდება, არავინ იცის.

"ეროვნული მობილიზაციის" კამპანია

"ოპოზიციურმა ალიანსმა" "ეროვნული მობილიზაციის" კამპანია დაიწყო. გეგმა ასეთია: "პირველი - უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს მოქალაქეებს - ყველგან, სადაც ისინი არიან; მეორე - უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა, რადგან დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში; მესამე - ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად; მეოთხე - უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა; და ბოლოს - უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, იმიტომ, რომ ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით - ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია".

რამდენჯერ უნდა გვქონდეს დეჟავიუს შეგრძნება... რა არის ამ გეგმაში ახალი?! არც არაფერი. მსგავსი მოწოდებები და გეგმები არაერთი მოგვისმენია, განსაკუთრებით 2020 წლიდან, როდესაც პოლიტიკურმა კრიზისმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. დროგამოშვებით ერთიანდებოდა ოპოზიციის ნაწილი და "მიდიოდნენ" რეგიონებში და აორგანიზებდნენ საპროტესტო აქციებს. საბოლოო ჯამში, ვიღებდით ჩვეულებრივ სურათს. პარტიების ორგანიზებულ აქციებზე ხალხის რაოდენობა არცთუ ისე შთამბეჭდავი იყო. თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიდან 28 ნოემბრამდე პერიოდი. ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და ერთიანი ძალებით ცდილობდა ხალხმრავალი აქციების ორგანიზებას, თუმცა უშედეგოდ. რუსთაველის გამზირი გაივსო 2024 წლის 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის ცნობილი ბრიფინგის შემდეგ, ყოველგვარი პარტიული მოწოდებების გარეშე და წამყვანი ძალა იყო სხვადასხვა აქტივისტი და არა პარტიები.

საინტერესოა, რა შეიცვალა ისეთი ბოლო 2 წელიწადში, რომ "ოპოზიციური ალიანსის" დაძახილზე საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყოს?! ასევე, კი ბატონო, როგორც აცხადებენ, კულმინაცია იქნება 2026 წლის 26 მაისი, მაგრამ მერე?!

თავად აცხადებენ, რომ მათი მთავარი მესიჯი ის არის, რომ მათი სახით მოსახლეობამ უნდა დაინახოს ხელისუფლების ალტერნატივა, შემდეგ კი "ოცნება" საპროტესტო აქციებითა და საგარეო ზეწოლით (ამერიკაში მივდივართ, რათა ვაშინგტონში წარვადგინოთ ხელისუფლების შეცვლის გეგმაო, აცხადებენ "ოპოზიციური ალიანსის" ლიდერები) უნდა მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, რომ დათანხმდეს მოლაპარაკებებს ხელისუფლების გადაბარებაზე. გასაგებია, რომ "ოპოზიციურ ალიანსში"­ გაწევრებულ პარტიებს ჰყავთ თავისი "ბაბლი", რომელიც ტაშს უკრავს "ეროვნული მობილიზაციის" კამპანიას და მესიჯი "მე მომავალი ხელისუფლება ვარ", "კოზირი" ჰგონია. თუმცა, თუ რეალობას მოსწყდები, "კოზირის" ნაცვლად "ხიშტი" შეგრჩება ხელთ...

არა, ალბათ, აუცილებელია, ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა არადისკრედიტირებული ლიდერებით, რომლებიც რეალური შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედებენ და არა ოცნებებით. აი, მაშინ "ოცნებას" შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას.

გიორგი კვიტაშვილი