მსოფლიო ჩემპიონატი 2026
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 - ფიფა-ს მსოფლიო თასის 23-ე გათამაშება, 11 ივლისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ჩემპიონატს ჩრდილოეთ ამერიკის სამი ქვეყნის 16 ქალაქი უმასპინძლებს. მთავარი მასპინძელი აშშ იქნება, ხოლო თანამასპინძლები - კანადა და მექსიკა. ეს პირველი ტურნირი იქნება, რომელსაც ერთდროულად სამი ქვეყანა უმასპინძლებს.
მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ტურნირი არ არის, ეს არის საერთო გულისცემა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მთელ სამყაროს აერთიანებს. მსოფლიო თითქოს იცვლება. დროის სარტყლები იშლება, ენები ქრება და უცნობები მეგობრებად იქცევიან ასე მარტივ და იმავდროულად საინტერესო მოვლენის გამო. მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ სანახაობა არ არის - ეს არის ისტორიები, აუტსაიდერი ქვეყნები, რომლებიც გიგანტების გვერდით გამოდიან. ამაში რაღაც პოეტურიც არის: 11 მოთამაშე, 90 წუთი და გოლები.

სამყაროში, რომელიც ხშირად დაყოფილია, მსოფლიო ჩემპიონატი ქმნის იმ იშვიათ მომენტებს, როცა სიხარული და ტკივილი ყველასთვის საერთო ხდება. დროშები ფრიალებს არა როგორც ბარიერები, არამედ როგორც სიამაყის გამოხატულება. მეტოქეობა მძაფრია, მაგრამ პატივისცემაც იმავე ძალით არსებობს. მცირე ხნით კაცობრიობა ერთ ენაზე საუბრობს - ფეხბურთის ენაზე.
მისი მნიშვნელობა თასებით ან მაყურებლების რაოდენობით არ იზომება. ის ცხოვრობს მოგონებებში, იდენტობასა და იმ განცდაში, რომ შეუძლია მილიონობით ადამიანს ერთდროულად რაღაც მნიშვნელოვანი აგრძნობინოს. მსოფლიო ჩემპიონატი გვახსენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიოცნებოთ და დავიჯეროთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საფეხბურთო ზეიმს საქართველოს ნაკრები კვლავ ვერ დაესწრება, გვსურს გაგაცნოთ ქვეყნები, რომლებიც წელს პირველად იქნებიან მსოფლიო ჩემპიონატზე:
კაბო-ვერდე, არქიპელაგი აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, - მეორე ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა შეძლო (ისლანდიის შემდეგ, 2018 წელს), როცა ოქტომბერში კვალიფიკაცია მოიპოვა. თუმცა ეს რეკორდი მალევე წაართვა კიურასაომ.
კაბო-ვერდემ ესვატინი დაამარცხა, რათა მომავალი წლის ტურნირზე ადგილი დაემკვიდრებინა და ბოლო 40 წლის განმავლობაში ფეხბურთში შთამბეჭდავი პროგრესი დაესრულებინა. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები 1990 წელს ჩაატარეს. გლობალურ ტურნირზე გასვლის გზაზე წინსვლა ნაწილობრივ იმითაც გახდა შესაძლებელი, რომ მთელ მსოფლიოში ეძებდნენ ფეხბურთელებს, რომლებსაც კაბო-ვერდესთან კავშირი ჰქონდათ. ამჟამად მათ შემადგენლობაში ექვსი ნიდერლანდებში დაბადებული ფეხბურთელია, ხოლო ერთი - ირლანდიიდან.

კარიბის ზღვის პატარა კუნძული კიურასაო ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელსაც ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია მას შემდეგ, რაც სტივ მაკკლარენის გაწვრთნილ იამაიკასთან ფრედ ითამაშა და ტურნირზე ადგილი მოიპოვა.
ეს რეკორდი მანამდე ისლანდიას ეკუთვნოდა (2018 წლის ფინალური ეტაპი), თუმცა მისი მოსახლეობა ბევრად დიდია, ვიდრე კიურასაოსი, რომლის მოსახლეობაც სულ ოდნავ აღემატება 150.000-ს, ხოლო ტერიტორია მხოლოდ 171 კვადრატული მილია.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მაკკლარენმა იამაიკის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა, რომელსაც მოგება სჭირდებოდა 1998 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, უგოლო ფრე ითამაშა, მათ შორის VAR-მა დამატებულ დროში დანიშნული პენალტი გააუქმა.
კიურასაოს მწვრთნელი დიკ ადვოკაატი, რომელიც პირადი მიზეზების გამო მატჩზე არ იმყოფებოდა, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდება - ის 78 წლისაა, რითაც გადაასწრებს ოტო რეჰაგელის რეკორდს (71 წლის, საბერძნეთი, 2010). კიურასაო ათი წლის წინ FIFA-ს რეიტინგში 150-ე ადგილზე იყო, ახლა კი 82-ე ადგილზეა.

გრძელი გზისა და დაუღალავი შრომის შემდეგ იორდანიამ როგორც იქნა შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. ამ არაბულმა ქვეყანამ კვალიფიკაციაში პირველად 40 წლის წინ მიიღო მონაწილეობა, თუმცა აქამდე წინ ვერ წაიწია. მათ მომავალი წლის ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით, სამხრეთ კორეის შემდეგ.
2016 წელს "ტოტენჰემის", "პორტსმუთისა" და QPR-ის ყოფილმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა იორდანია ორი საკვალიფიკაციო მატჩისთვის ჩაიბარა (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რუსეთი). მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბანგლადეში 8-0 დაამარცხა, თუმცა ავსტრალიასთან 5-1 დამარცხდა.
კიდევ ერთი ნაკრები, რომელმაც პირველად მოახერხა აზიის ზონიდან კვალიფიკაციის გავლა, უზბეკეთია, რომელიც რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან - განსაკუთრებით 2006 (გერმანია) და 2014 (ბრაზილია) წლებში, როცა საბოლოო ეტაპზე დამარცხდა. მათ რიგებში რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელია, მათ შორის "მანჩესტერ სიტის" მცველი აბდუქოდირ ხუსანოვი პირველი უზბეკი მოთამაშე, რომელიც პრემიერ-ლიგაში "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს.
ნიკოლოზ თევდორაშვილი