რატომ არის ტრამპი გაბრაზებული ევროპაზე?!
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებით იმუქრება იმ მიზნით, რომ ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლა მოახდინოს და მათ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის "ნებაყოფლობითი კოალიციის" შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. "საფრანგეთის სახელმწიფომ არ მისცა უფლება, ისრაელისკენ მიმავალ სამხედრო მასალებით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაეფრინათ. საფრანგეთმა ნამდვილად არ გასწია დახმარება ირანის "ყასაბის" წინააღმდეგ, რომელიც წარმატებით იქნა განადგურებული! აშშ ამას დაიმახსოვრებს!" - წერდა ტრამპი პლატფორმა თრუტჰ შოციალ-ზე. გვესაუბრება ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი:
- ტრამპის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისედაც არსებული ჭეშმარიტება, რომ ის არ არის კარგი წარმოდგენის როგორც ევროკავშირზე, ისე ნატოზე. მას თავისებურად ესმის, როგორ ფუნქციონირებს სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, სადაც ბოლო 70 წელი აშშ წამყვან პოზიციას ინარჩუნებდა. მეტიც, არ ესმის, რა ფასეულობას წარმოადგენს მისთვის ევროპული ქვეყნები. როცა აშშ-მ ომი დაიწყო რეგიონში, მან ევროპელებთან არც კი გაიარა კონსულტაცია. მის მაშინდელ განცხადებებში ნათქვამია, უჩვენოდ ნატოში ევროპელები არაფერს წარმოადგენენ და ამ ომში არც გვჭირდება ეგენიო. ამავე დროს, რეგიონში აშშ-ის მიერ ძალების კონცენტრაცია აბსოლუტურად ვერ მოხდებოდა, რომ არა სწორედ ის ბაზები, რომლებიც განლაგებულია ევროპის და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე. ტრამპს ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს ძალები ჰაერში თვითონ აღმოჩნდებიან და გადაადგილდებიან და არავის დახმარება არ სჭირდება, რაც სრული სიბეცეა, გეოპოლიტიკის უცოდინარობა, მას წარმოდგენა არა აქვს, როგორ ფუნქციონირებენ პოლიტიკური და სამხედრო ალიანსები. თუ გახსოვთ, ვოთსაფის ჩატის სკანდალის დროს, ჯეი დი ვენსი და უსაფრთხოების სამსახურის სხვა მაღალი თანამდებობის პირები ერთმანეთს უზიარებდნენ მიმოწერას. იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმის დროს ვენსი პირდაპირ ამბობდა, ჩვენ კი თავს ვესხმით მათ, მაგრამ ამ საზღვაო გზით, ძირითადად, ევროპელები სარგებლობენ და მათ უნდა გადავახდევინოთ იმის საფასური, რასაც ჩვენ ამ ოპერაციაში ვხარჯავთო. ზოგადად, ევროპულ ქვეყნებზე შეტევა ტრამპის მოსვლიდან მეორე დღესვე დაიწყო ნატოს ფარგლებშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მან ომი დაიწყო ისე, რომ ევროპელებს არაფერი ჰკითხა (ოღონდ ევროპელების ლოგისტიკური ტრანსპორტირების და ძალების თავმოყრა-გადასროლის დახმარება მიიღო) და რატომაა ტრამპი გაბრაზებული, რომ არ ეხმარებიან და რატომ მანიპულირებს უკრაინით? ტრამპმა ყველაფერი გააკეთა რუსეთის გადასარჩენად, თან ეს ყველაფერი დაწყებული ჰქონდა პრეზიდენტად მოსვლამდე (როცა 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე, უკრაინას საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეუჩერა). შემდგომ დაიწყო ზეწოლა უკრაინაზე, რათა რუსეთისთვის ტერიტორია დაეთმო და ჯარი გაენახევრებინა. ახლა აშშ-მ ირანზე შეტევა დაიწყო და სანქციები მოუხსნა იმ რუსულ გემებს, რომლებიც მსოფლიო ოკეანეებში დატივტივებდნენ და არ იცოდნენ, სად გაესაღებინათ რუსული ნავთობი. ტრამპმა ამ გემებს საშუალება მისცა რუსულ ხაზინაში მილიარდები ხელახლა დიდი ნაკადით შესულიყო. ახლა კიდევ იმუქრება და აშანტაჟებს ევროკავშირს, რომ შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ნატოდანაც გავა.
- აჰყვება ევროპა შანტაჟს?
- ევროპელებს თავისი დიდი პრობლემა აქვთ, ეს ევროპელი პოლიტიკური ლიდერების ერთგვარი პარალიზია, რომ დღემდე ვერ მოიფიქრეს და შეთანხმდნენ იმ მექანიზმებზე, რაც ევროკავშირს სამხედრო თვალსაზრისით დააზღვევდა იმ მომენტისთვის, როცა ამერიკა ნატოდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა. ძირითადი დამოკიდებულება, რაც აშშ-ზე ევროკავშირს აქვს, ესაა ბირთვული გარანტიები - ბრიტანული ბირთვული პროგრამა ამერიკულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. საუბარია ბირთვულ რაკეტებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ნატოს მე-5 მუხლზე - ბირთვული უსაფრთხოების გარანტია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, რომლის გარანტორიც აშშ-ა. გარდა ამისა, არის დაზვერვა, საზღვაო და საჰაერო ძალები, კოსმოსური ტექნოლოგია, რაშიც დიდი დანაკლისი აქვს ევროკავშირს, მაგრამ 2022 წლიდან და განსაკუთრებით ტრამპის მოსვლიდან, ბუნებრივია, ევროპას შეეძლო დაჩქარებული წესით განეხილა ყველა სცენარი და რაღაც მექანიზმებზე შეთანხმებულიყვნენ, როგორც მინიმუმ, დაეწყო სამხედრო ინდუსტრიაში იმ პროგრამების განვითარება, სადაც ევროპა განსაკუთრებით არის დამოკიდებული ამერიკაზე და თუ ის გავა ნატოდან, ბუნებრივია, ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ევროპის თავდაცვისუნარიანობას. ოღონდ აშშ ნატოდან ასე იოლად ვერ გავა, რომ გავიდეს, მას სენატშიც და კონგრესშიც ორივე პარტიის თანხმობა და ხმების 2/3 სჭირდება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.
- საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკურ ინტერესზე რას იტყვით?
- ჯერჯერობით მკაფიოდ ვერ ვხედავ პოლიტიკურ კონტექსტში ამერიკის ინტერესის ზრდას კავკასიის რეგიონის მიმართ. ჩემი გადმოსახედიდან, რუბიოს ზარი დიდწილად უკავშირდება ირანში მიმდინარე ომს, აშშ-ს მცდელობას, როგორც მინიმუმ, სამხედრო მიზნებისთვის იყოს გახსნილი სატრანზიტო დერეფანი.
ნანა ფიცხელაური