ჩინეთი სამშვიდობო მისიას იწყებს?! - კვირის პალიტრა

ჩინეთი სამშვიდობო მისიას იწყებს?!

ახლო აღმოსავლეთში ომის მეორე თვეს ჩინეთმა მშვიდობისმყოფლის როლის შესრულება გადაწყვიტა, კონკრეტულად, ის უერთდება პაკისტანს, რომელმაც აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომში მოულოდნელად შუამავლობა იკისრა. პეკინისა და ისლამაბადის ოფიციალურმა პირებმა­ წარმოადგინეს ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების განახლებას. პაკისტანმა, როგორც ჩანს, დაარწმუნა ტრამპი, რომ მას შეუძლია ამ კონფლიქტში შუამავლობა, მაგრამ საკითხავია, შეძლებს თუ არა ამას ჩინეთი. რამ განაპირობა აქამდე ამ კონფლიქტისადმი ნეიტრალური ჩინეთის პოლიტიკის ცვლილება და რა მიზნით ერევა ის ამერიკა-ისრაელ-ირანის ომში, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- რა მიზნით ერევა ომში ჩინეთი?

- როდესაც გლობალური ძალა ხარ, ცდილობ ყოველთვის საკუთარი დღის წესრიგი შესთავაზო სხვებს და არა მარტო შესთავაზო, სხვა აიძულო ამ დღის წესრიგის დათანხმებაზე. როდესაც რამდენიმე თვის წინ ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბულობა იყო, დონალდ ტრამპის ზეწოლამ, მოლაპარაკებისკენ მოწოდებამ გაამართლა. ეს იყო ძალის დემონსტრირება, რომ ამერიკას შეეძლო ომების დაწყება და დასრულება. ახლაც ამას ვადევნებთ თვალს ჩინეთთან კონტექსტში.

ნაკლებად მოსალოდნელია, ჩინეთის შუამავლობამ გაჭრას, მით უმეტეს, ამერიკამ მიიღოს ეს, რადგან გამოჩნდება, რომ ეს ჩინეთის დღის წესრიგის ნაწილია. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ეს ჩინეთის პოლიტიკური პოზიციაა და სხვა არაფერი, რათა პოლიტიკური ძალა აჩვენოს დანარჩენ ქვეყნებს.

ისლამაბადი ფინანსურადაც და ინდუსტრიულადაც დამოკიდებულია ჩინეთზე. ასე რომ, პაკისტანი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის. ის ჩინეთისთვის ერთგვარი დამყოლი ძალა და მისი დღის წესრიგის გამტარებელია ამ რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ მას ამერიკასთანაც აქვს გარკვეული კავშირები (მით უმეტეს, "ალ ქაიდასთან" ომის ან "თალიბანის" პერიოდში), ის უფრო მაინც ორიენტირებულია ჩინეთის დღის წესრიგის გატარებაზე.

- ირანი და ომანი, რომლებიც ერთობლივად აკონტროლებენ ჰორმუზის სრუტეს, ამზადებენ დოკუმენტს სრუტეში გემების ნაოსნობის შესახებ. რას ნიშნავს ტრამპის განცხადება, აშშ-ს ეს სრუტე არ სჭირდება და ქვეყნებმა, რომლებიც ამ მარშრუტზე არიან დამოკიდებული, გამბედაობა გამოიჩინონ და სრუტე გახსნანო.

- ჰორმუზის სრუტეში გადის ნავთობისა და გაზის 20% და თუ ამ ნავთობის დინებას შენ ვერ აკონტროლებ და აკონტროლებს ჩინეთი (ეს პროდუქტი, ძირითადად, ჩინეთში გადის ჰორმუზის სრუტიდან), ეს ნიშნავს, რომ ჩინეთს ჰქონია ჰორმუზის სრუტის მთავარი გასაღები, ხოლო აშშ-ს არ ჰქონია ძალა და პოლიტიკური ნება, ჰორმუზის სრუტე გააკონტროლოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკისთვის მარტო ჰორმუზი არ არის ერთადერთი გასაღები, მას სხვა პოლიტიკური ამოცანებიც აქვს შესასრულებული და სანამ ისინი არ შესრულდება, არ შეიძლება ომი მოგებულად ჩაითვალოს. დღეს აშშ დომინირებს ცაში, ზღვაში, მაგრამ ხმელეთზე ჯერ ვერ აღწევს თავის პოლიტიკურ მიზნებს.

ომის გახანგრძლივება თუკი ვინმეს აწყობს, მხოლოდ ჩინეთს, რადგან აშშ თავის რესურსებს ხარჯავს, ეფლობა ამ კონფლიქტში, ჩინეთი კი ამ პერიოდში დროს იხელთებს და აშშ-ის რესურსების გამოფიტვისა და ომის გაგრძელების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, ტაივანის მიმართულებითაც გააქტიურდეს. აშშ-მ თუკი გადამწყვეტ გამარჯვებას არ მიაღწია, ჩინეთს ეს უფრო წაახალისებს. რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ჩინეთმა დაარტყას ტაივანს. ჩინეთი ბოლო წლებია ვარაუდობს, რომ 2027-2030 წლებია ის ვადა, როდესაც მზად იქნება ომისთვის და თუკი ის შეამჩნევს, რომ აშშ-მ ვერ გაიმარჯვა ირანში, უკრაინის ომშიც გაიწელა პროცესები, შეგულიანებული ჩინეთისაგან მოქმედების ალბათობა გაიზრდება.

- ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია მალე დასრულდება.

- ომს ვადა არა აქვს, მას აქვს მიზანი, რომელსაც ან შეასრულებ, ან არა. ომს აქვს თავისი პოლიტიკური ამოცანა და თუ მისი შესრულება გინდა, მას ვადები არ უნდა დაუწესო. თუ ვადებს უწესებ, საკუთარ თავს ასუსტებ და მოქმედების არეალს იზღუდავ. ეს იმის მანიშნებელია, რომ საკუთარ თავს უთხრა, თუ აქამდე ვერ მოასწრებ, ე.ი. წააგეო, ეს კი გაუგონარი რამაა.