"დაქალის საქმროსთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა...პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა" - გახმაურებული საქმის დეტალები და ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება: რას ჰყვება მოკლული ლუკა დარასელიას დედა? - კვირის პალიტრა

"დაქალის საქმროსთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა...პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა" - გახმაურებული საქმის დეტალები და ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება: რას ჰყვება მოკლული ლუკა დარასელიას დედა?

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 3 საათიანი მსჯელობის შემდეგ ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს", 25 წლის თეკლა გერსამიას ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია დამნაშავედ ცნეს, მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. ამტკიცებდა, რომ ლუკა დარასელიამ თვითდაზიანების მიზნით მიიყენა ჭრილობა, თუმცა მისი ეს ვერსია ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი დამნაშავედ ცნეს.

მსაჯულების გადაწყვეტილების ვერდიქტით კმაყოფილი ჩანდა საქმის პროკურორი ნათია გურული. მისი თქმით, "ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნეს მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის, ნაფიცმა მსაჯულებმა დეტალურად შეისწავლეს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, პირნათლად და ჯეროვნად შეასრულეს მათი მოქალაქეობრივი ვალდებულება საზოგადოების წინაშე და სამართლიანი პასუხი გასცეს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, რომელიც ცდილობდა დაედასტურებინა, რომ ლუკა დარასელიამ თითქოს თვითმკვლელობა ჩაიდინა. მსაჯულებმა სწორად შეაფასეს ფაქტები და დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანი იარაღად ირჩევს დანას, სამიზნედ გულს, ის სწორედ განზრახ და გაცნობიერებულად ირჩევს სასიკვდილო შედეგს",- განაცხადა პროკურორმა.

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებში გამომძიებლის მიერ მოპოვებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც იყო, სადაც თეკლა გერსამია პოლიციის თანამშრომელთან ჩადენილ მკვლელობას აღიარებს, რაც მოგვიანებით უკვე ფსიქოლოგიურ ექსპერტთან უარყო.

გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმებას ითხოვს ბრალდებულის ერთ ერთი ადვოკატი და ამბობს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში. როგორც ცნობილია, ნაფიცების ვერდიქტის გასაჩივრება მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება. თეკლა გერსამიას ადვოკატი პაატა მეხრიშვილი აცხადებს, რომ საქმეში მთავარი მტკიცებულება კანონის დარღვევით არის მოპოვებული.

ადვოკატი პაატა მეხრიშვილი: -ეს ვერდიქტი დაეყრდნო ერთადერთ მტკიცებულებას, ეს არის პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის არ შეშვების პირობებში თეკლასთან მრავალსათიანი მუქარით მოპოვებული ფარული ჩანაწერი, რომელიც ვერანაირ ობიექტურ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერ უძლებს იმიტომ, რომ ეს იყო პოლიციის მაღალჩინოსნის კაბინეტში, მოწმესთან ჩატარებული გამოკითხვა და სხვა არაფერი, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. თუ მათ თეკლას დაკითხვა სურდათ, ეს უნდა გაეკეთებინათ წერილობითი ფორმით. უნდა გაეფრთხილებინათ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავების უფლებაზე, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავების უფლებაზე და დაეცვათ საპროცესო ნორმები. ეს არ გააკეთეს. გარდა საპროცესო ნორმების დაუცველობისა, თეკლა გერსამიას მიმართ ხორციელდებოდა პოლიციის განყოფილებაში ოთხ -ხუთ საათიანი ფსიქოლოგიური, ფიზიკური იძულება, მუქარა და შანტაჟი. ამ გზით მოპოვებული ფარული აუდიო აღიარებითი ჩვენება გახდა საფუძველი გამამტყუნებელი ვერდიქტისა. ასეთი გზით მოპოვებული ფარული ჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ვითხოვდით ჩვენ წინა სასამართლო სხდომაზე, რაც სასამართლომ არ გაიზიარა, ჩვენ მივუტანეთ სასამართლოს მისი ზემდგომი კოლეგიის გადაწყვეტილებაც, სადაც ზუსტად იდენტურ მოცემულობაში როგორ სცნო სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სხვა სისხლის სამართლის საქმეში დაუშვებლად მსგავსი მტკიცებულება. ამაზე მეტყველებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომ ეს პირდაპირ სამართიანი სასამართლოს უფლების უხეში ხელყოფაა. ეს არ არის ქუჩაში კონფიდენტის, ან აგენტის, ან ვიღაცის ჩანაწერი, ეს არის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც დაისვა თავის კაბინეტში ადამიანი და გამოკითხვას უტარებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფლებები მაინც ხომ უნდა განმარტებულიყო პირისთვის, ეს არის უხეში დარღვევა კანონმდებლობის და შესაბამისად, ბუნებრივია, ასეთი გზით მიღებული ფარული ჩაწერაც არის უკანონო. ამიტომ სამწუხაროდ, ჩვენ დავაყენეთ არსებითი განხილვის სხდომაზეც, რომ ეს არ გამოკვლეულიყო, როგორც მტკიცებულება, იმიტომ, რომ თუ ბრალდებული უარს აცხადებს მის მიერ გამოძიებაში არსებული ინფორმაციის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევაზე, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა გამოეკვლია ეს მტკიცებულება. მაგრამ არც ეს გაიზიარეს. ახლა ერთი გზა გვაქვს, ეს განაჩენი გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, ნაფიცების გამამტყუნებელი ვერდიქტი საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით ერთჯერად და თუ სააპელაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, რომ გითხრათ, დიდი მოლოდინები ამის არ მაქვს ამ სასამართლო ხელისუფლების პირობებში, უკვე სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მივმართავთ, სადაც ათეულობით ასეთ შემთხვევაზე აქვთ მიღებული გადაწყვეტილება. ბევრი კონკრეტული საქმე შემიძლია ჩამოვთვალო. შესაბამისად, უკვე ძალიან მაღალი მოლოდინი კი არა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული სასამართლო თავზე გადაახევს ამ გადაწყვეტილებას შიდა სახელწიფოებრივ სასამართლოებს და მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

- ფარული წესით მიღებულ ჩვენებაში ბრალდებული თეკლა გერსამია აღიარებს დანაშაულს და აღწერს დეტალებს, მას შემდეგ მან დუმილის უფლება გამოიყენა თუ მისცა ჩვენება სასამართლოზე და თუ ისაუბრა მომხდარის დეტალებზე?

- სასამართლოზე გარკვეული განმარტებები გააკეთა თავის საბოლოო სიტყვაში. თეკლა ისეთ მდგომარეობაში იყო მთელი სასამართლოების პერიოდში თვალზე ცრემლი არ შეშრობია პრაქტიკულად. რამდენიმეჯერ დაიწყო ჩვენების მოყოლა, მაგრამ ვერ შეძლო და რამდენიმეჯერ სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო, ისეთ სტრესში არის, რომ ვერ აგიღწერთ. იმ დღის გახსენება ძალიან უჭირს, შესაბამისად, მოყოლის შესაძლებლობა მას ვერ მიეცა, ვერ მოყვა, მაგრამ საბოლოო სიტყვაში მაინც რაღაცები განმარტა. ერთია თეკლა რას ამბობს, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები რაზე მეტყველებენ, მას განზრახ მკვლელობას ედავებიან, რომ ვნახოთ უბრალოდ რა გააკეთა თეკლამ. ერთადერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გარდაცვლილს, ისიც უფრო მხრის არეში, როგორც ჩანს, დაზიანდა გულის მხარე როგორც ექიმები განმარტავენ. ამის მერე ვიდეოებითაც დასტურდება, როგორ ისტერიულად თავქუდმოგლეჯილი გარბის თეკლა სასწრაფოში. სასწრაფოების კორპუსში ხდებოდა ეს ამბავი, პირველ სართულზე სასწრაფოები არის და იქ მიირბინა თეკლამ ყვირილით, მიშველეთო, მიჰყავს სასწრაფო თვითონ, ზევით აჰყავს და ამის შემდეგ ბავშვთან ადის, მერე ჩამოყავს ბავშვი და მიყვება სასწრაფოს მანქანას საავადმყოფოში. საავადმყოფოში რა მდგომარეობაში არის თეკლა, ესეც ჩანს კადრებში, მუხლებზე დაცემული ღმერთს ევედრება ლუკას გადარჩენას, პირდაპირ ვიდეოებია ამის, აი ეს მოცემულობაა.

კონტექსტია გასათვალისწინებელი, როგორ შეიძლებოდა მას რაიმე განზრახ მკლელობაზე მოდავებოდა ვინმე? ის გახდა შანტაჟის და დაპირებების მსხვერპლი, თუკი ასეთ ჩვენებას მისცემდა, თვითონ ჩანაწერიც როგორ იწყება იცით, პირდაპირ იწყება იმით, რომ კაბინეტში ზის თეკლა და კაბინეტში ზის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც კითხვებს უსვამს და მთავრდება ისე ვიდეო, რომ ფრაზა არ აქვს დასრულებული თეკლას. არ ჩანს ამ ვიდეო კამერაში როდის შემოყავთ, როდის გაჰყავთ, სად სრულდება, სად იწყება. თვითონ ჩანაწერი თავისი ფორმითაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თითქოს იქ ამბობს, რომ "მე, მე დავარტყი", მაგრამ ამ "მე დავარტყის" მოსდევს ისეთი რაღაცეები, რომ "თქვენ ხომ დამპირდით და ხომ მიშვებთ და ბავშვს ხომ არ წამართმევთ". მოკლედ, ისეთ რაღაცეებს მოაყოლებს აი, აშკარად ჩანს, რომ იქ იყო ბევრი ცრუ დაპირება, ბევრი მუქარა, შანტაჟი და ასეთი გზით იყო ეს ფარული ჩანაწერი გაკეთებული. ეს ჩანაწერი მართლა ვერანაირ ობიექტურ კრიტიკას ვერ უძლებს. თქვენ რომ ნახოთ ადვილად დარწმუნდებით. იმის მერე რასაც აკეთებს თეკლა, კავკასიის სამედიცინო ცენტრის და სასწრაფოს მანქანის ვიდეოკამერების ჩანაწერებში, უბრალოდ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, როგორ შეიძლება ერთი ჭრილობა მიაყენა, ერთხელ დაარტყა და უცბად ჩათვალა, ჩემს მიზანს მივაღწიე, განზრახ მოკვლის მიზნით დავარტყი და დარწმუნდა ეგრევე რომ ერთი დარტყმით მოკვდებოდა? ეს არის აბსურდულობა.

- თუ გამოიკვეთა მკვლელობის მოტივი?

- არანაირი მოტივი არ გამოიკვეთა, გარდაცვლილი იყო მრავალჯერ ნასამართლევი, ქურდული მენტალიტეტის. იპარავდა. იმ დღესაც მაღაზიაში იყვნენ გასულები და ეს კამერებითაც გამოვიკვლიეთ, იპარავს საპარსსა და ქინდერს. სახლში რომ მოდიან, ამოალაგებს თეკლა ჩანთას და ნახულობს ნაქურდალს. თეკლა ეჩხუბება ამის გამო. კამათის მიზეზი ეს იყო, მოკლედ აღარ მინდა შენთან ცხოვრება და გააგდო პრაქტიკულად სახლიდან და ამ დროს მიიყენა მან თვითდაზიანება.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ?

- იმიტომ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე, როცა ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, ფარული ჩანაწერის დაუშვებად ცნობაზე სასამართლომ უარი გვითხრა, სასამართლოებმა ეს არ გაიზიარეს და ამ პირობებში სასამართლოს მიმართ ნდობა დაეცა ნულამდე, ამიტომ ავირჩიეთ ნაფიცი მსაჯულები. თუმცა მაინც შეაჩეჩეს ნაფიც მსაჯულებს ასეთი გზით მოპოვებული აღიარებითი ჩვენება და სამწუხაროდ, ნაფიცმა მსაჯულებმაც ვერ გასცეს სათანადო პასუხი და გაიზიარეს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით შვილმკვდარ დედას, ინგა ესართიას. ის განაჩენით კმაყოფილია.

ლუკა დარასელიას დედა, ინგა ესართია:

- პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა და ელოდა გამამტყუნებელ ვერდიქტს. მადლობას ვუხდი ნაფიც მსაჯულებს, რომ ეს სიმართლე დაინახეს, მიხვდნენ, რომ მართლა უდანაშაულო იყო ჩემი შვილი და რომ ეს თვითმკველობა არ ყოფილა. უფალმა დალოცოს ყველა მსაჯული, ვინც რეალობა შეაფასა სათანადოდ. უღრმეს მადლობას ვუხდი საქმის პროკურორებს, ბატონ გიორგი ქობულაძეს და ნათია გურულს ამდენი შრომისთვის. მართლა სული და გული ჩადეს, რომ ეს სიმართლე სწორად და გარკვევით მიეტანათ ნაფიც მსაჯულებამდე. მადლობა ასევე პროკურორ გია შაიშმელაშვილს, მადლობა საქმის გამომძიებელ ილია თოფურიას, კიდევ ერთ გამომძიებელს, ნოზაძეს და ყველას, ვინც ამ საქმეში ჩართული იყო, რომ სიმართლე გაერკვიათ. მადლობა მოსამართლეს, ნამდვილად სამართალმა იზეიმა და გაირკვა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა.

მე დარწმუნებული ვიყავი პირველი წუთიდან, რომ ჩემი შვილი თავს არასდროს მოიკლავდა, არ იყო ასეთი ადამიანი. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, რომელიც ასე ძალიან აინტერესებს ყველას და სოციალურ ქსელში სულ ამას კითხულობენ. მოტივი, რის გამოც მან ჩემი შვილი მოკლა, მისი ტელეფონიდან მოიძიეს. მკვლელის სახელის წარმოთქმაც მზარავს, ამ ქალბატონის ტელეფონიდან ამოღებულია ყველაფერი, ჩანაწერები, ხმოვანები და თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიმძიმდა, ამ ყველაფერს რომ ვუსმენდი სასამართლოზე. ძალიან მიჭირდა, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ვუძლებდი ლუკას ხათრით, რომ ეს საქმე ბოლომდე მიმეყვანა, შუა გზაზე არ მიმეტოვებინა და დამემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და თავი არ მოუკლავს.

მას ქალს ვერ ვუწოდებ, ყოფილა გარყვნილი, უგულო ადამიანი, რომელსაც ასევე თავისი დაქალის საქმროსთან ჰქონდა თურმე სასიყვარულო ურთიერთობა. ის ბიჭი ლუკასთან ძმაკაცობდა, მისგან გაიცნო ეს ქალი ჩემმა შვილმა. მეგობრობდნენ, ძმაკაცობდნენ, ლუკა და ის ბიჭი, მან იცოდა, რომ ლუკასთან ერთად იყო თეკლა, შეყვარებულები იყვნენ, მერე დაქორწინდნენ, ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ მაინც წერდა ამ ქალს სასიყვარულო მესიჯებს. ის ბიჭი ციხეში იყო, ჩემი შვილის მკვლელი მას აკითხავდა ციხეში, უგზავნიდა ამანათებს, ჩემი შვილი ენდობოდა მას თვალდახუჭული რატომღაც, არ ვიცი, რატომ ენდობოდა ასე.

ამოღებულია და საქმეში დევს იმ ბიჭის გამოგზავნილი წერილები, ნაფიცებმა მოისმინეს ყველაფერი. ბიჭი წერდა, სულ მივლი შენ, ყურადღებას მაქცევ, შემიყვარდი, მიყვარხარ, ჩემი ცხოვრება ხარო, არადა იცოდა, რომ ამ დროს ლუკას ცოლი იყო. ამის მიუხედავად მაინც ამას აკეთებდა, ეს ქალბატონიც იქითაც უგზავნიდა წერილებს, ურიცხავდა ფულს. ეს იყო მიზეზი ამ ტრაგედიის. ჩემი ვარაუდით, იმ დღეს ლუკამ ნახა მის ტელეფონში ეს შეტყობინებები, ეს არ აპატია, გადაწყვიტა წამოსულიყო სახლიდან, ეტყობა იცოდა, რომ ლუკა იმ ბიჭთან გაარკვევდა ამას, გამოვიდა ლუკა სახლიდან, გამოეკიდა ჩემს შვილს და სადარბაზოში მოულოდნელად პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა .

იმ სიტყვებსაც ვერ გავიმეორებ, რეებს წერდნენ ბიჭები და ეს როგორ პასუხობდა. ამ დროს ლუკაზე ამბობდა ჩემი ქმარი არისო, პარალელურად სხვებსაც წერდა. ჩემი შვილი მას ენდობოდა და დარწმუნებული ვარ არც ტელეფონს შეუმოწმებდა არც არაფერი. მაგრამ იმ დილით რატომღაც ეტყობა ნახა. იმ დილით მოწერილი სმს ეტყობა წაიკითხა ლუკამ. მკვლელობის მერე ვიგებთ, რომ ლუკას ისე გაყვა, ქმარსაც კი არ იყო დაშორებული ოფიციალურად, მისი ქმარიც ციხეში იჯდა. მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე აქვთ ხელი ოფიციალურად მოწერილი ჩემს შვილთან. არადა მე სულ მეუბნებოდა გაშორებული ვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვსო. ამოღებულია ჩანაწერები, საიდანაც ჩანს მისი ოჯახის წევრები როგორ ცდილობდნენ ჩემი შვილის მკვლელობის ჩაფარცხვას, ლაპარაკობენ იმ ჩანაწერებში ერთმანეთში, ფული გადავუხადოთ პროკურატურას, ის გავაკეთოთ, ეს გავაკეთოთ, ფსიქიატრიულს მივაწვეთ, ვითომ ფსიქიური ავადმყოფია და ცუდად არისო. ეს ყველაფერი მოისმინა ნაფიცებმა და ამ ყველა მტკიცებულების მოსმენის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. იმდენი ვიდეოები გქონია ლუკასთან გადაღებული, არ ვიცი 1000 ალბათ ტელეფონში, ნაფიცებმა ამ ვიდეოებითაც ნახეს როგორ ექცეოდა ლუკა მას, როგორ უვლიდა, როგორ ეხუტებოდა, ეფერებოდა და კოცნიდა, არც ერთი წამით არ ყოფილა, რომ ლუკა უხეშად მოექცა, ან უხეშად მიემართა.

- ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ძალიან განიცდის ლუკას მკვლელობას და რომ მას ცრემლი არ შეშრობია თვალებზე ამ პროცესების განმავლობაში. თქვენ შეამჩინეთ სინანული?

- ერთი წამითაც სინანულის გრძნობა მას არ ჰქონია, ძალიან მიმძიმდა ამ სასამართლო პროცესებზე სიარული, არც ერთ დედას არ განეცადოს ის სიტუაცია, რაც მე გამოვიარე, როცა შენი შვილის მკვლელს უყურებ, მასთან ერთად ერთ ოთახში ხარ, ეს საშინელებაა, მაგრამ ამ ყველაფერს ვუძლებდი ლუკას ხათრით. არცერთი წამით არ ყოფილა, რომ მას სინანული ჰქონოდა, უტიფრად თვალებში მიყურებდა, ის კი არა, ბოლო დღე იყო, ისიც იცოდა განაჩენს გამოუტანდნენ, მაშინაც ზიზღის თვალებით მიყურებდა. ცრემლი მაგის თვალში მე არ დამინახავს. მან იცის აფერისტობა, მსახიობობდა პროცესებზე, ვითომ ცუდად იყო, მის მსახიობობას ნაფიცებიც ხვდებოდნენ და ამას მოწმობს სამ საათში გამოტანილი გადაწყვეტილება.

12-მა მსაჯულმა ერთხმად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმდენი მტკიცებულება იყო საქმეში, რომ ერთ მსაჯულსაც არ შეპარვია ეჭვი, რომ ეს არ იყო მისი ჩადენილი. წუხელ რომ გამოაცხადა მოსამართლემ სასჯელი 20 წელიო, მკვლელმა მომაძახა, მე გამოვალ და შენ გნახავო. განსაჯოს საზოგადოებამ, სად არის აქ სინანული. სინანულის გრძნობა რომ ჰქონოდა მაგას ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში, შეიძლება რაღაცნაირად შეცოდებოდათ კიდეც მსაჯულებს, ეფიქრათ ცოდვაა, ადამიანი ნანობსო, რაღაცნაირად რომ აღიარებ გულით შენს ჩადენილ დანაშაულს, სულ სხვანაირად იფიქრებს ამ დროს ადამიანი შენზე, მაგრამ როცა შენ სინანულის გრძნობა არ გაგაჩნია, არ აღიარებ და ყველა მტკიცებულება, ყველა ნათქვამი, ყველაფერი არის შენი ბრალეულობის დასამტკიცებლად, ეს ამტკიცებს, რომ შენ დამნაშავე ხარ, მაშინ გამოაქვთ ასეთი ვერდიქტი. თავისი შვილიც რომ მოიყვანეს, გუშინწინ დაკითხვაზე, არ ვიცი, რა მიზნით მოიყვანეს, ალბათ ბავშვი დაარიგეს ლუკაზე ცუდი ეთქვა, ბავშვს სამჯერ დაუსვეს კითხვა, რომ გადიოდა სახლიდან ლუკა, რამე გაიტანა თუ არაო, ბავშვმა თქვა, ლუკას სახლიდან არაფერი გაუტანიაო. ისიც თქვა, დილით დედამ ლუკას ტელეფონი წაართვა, ამაზე იჩხუბეს და მერე ლუკა სახლიდან გავიდაო, თვითონ მისმა შვილმაც თქვა ეს. მისი გარყვნილი საქციელის გამო ჩემმა შვილმა მიიღო იქიდან წასვლის გადაწყვეტილება, მას ზედმეტი არ აკადრა არაფერი. უბრალოდ ტოვებდა იმ სახლს და შუა სადარბაზოში დაეწია და მომიკლა შვილი.

- ინგა, გერსამიას ადვოკატი ჩემთან ინტერვიუში ამბობს, იმ დღეს ლუკამ მოიპარა მაღაზიაში საპარსი და ქინდერი, ამის გამო იჩხუბეს ცოლ ქმარმა, თეკლამ გამოაგდო სახლიდან ქურდობის გამო და ამის შემდეგ მიიყენა ლუკამ თვითდაზიანებაო.

-კამერები, ვიდეოები, ყველაფერი ამოღებული ჰქონდათ პროკურორებს, ამიტომ ვუხდი იმ პროკურორებს უღრმეს მადლობას, რომ ერთი რამე არ ჰქონდათ გამოტოვებული. მის ადვოკატებს სურდათ ცუდად წარმოეჩინათ ლუკა, ცუდად მოეხსენიებდნენ და ლუკასთვის დამამძიმებელი რაც იქნებოდა ის რაღაცეები მოიტანეს. პროკურორებს არცერთი ჩანაწერი არ დაუმალავთ, მაღაზიაში რომ იყვნენ ორივე და ლუკამ საპარსი და ქინდერი რომ აიღო, თეკლა უკან მიყვებოდა და ამ ყველაფერს ხედავდა, ერთად მოდიოდნენ, ეს კამერებშიც ჩანს. ვიდეოც ცხრაჯერ ანახეს და ნაფიცი მსაჯულები ხედავდნენ, რომ ის ქალიც უყურებდა ამას. ტყუილი იყო, რომ ქურდობის გამო თეკლა ეჩხუბა. ჩემი შვილის საქციელს არ ვამართლებ, რომ მოიპარა ეს არ არის ნორმალური საქციელი, მაგრამ თეკლაც არანაკლებ ქურდია. ძალიან ბევრი მტკიცებულებები იყო მის წინააღმდეგ... მის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოზე მისმა ნათლულმაც მისცა.

- ადვოკატის თქმით, თქვენი შვილი მრავალჯერ ნასამართლევია, ქურთული მენტალიტეტის პიროვნებაო, ამას ადასტურებთ?

- ლუკა ერთხელ იყო ნასამართლევი, ექვსი თვე მისცეს ზუგდიდში და მაგის მერე არცერთხელ არ ყოფილა ციხეში, უბრალოდ მაშინ პირობითიც ჰქონდა და იმ პირობითის გამო დადიოდა პრობაციაში. იქ ადვოკატებმა რაც ილაპარაკეს, რა სპექტაკლებს დგამდნენ და როგორ მსახიობობდნენ, ეს ყველაფერი დაინახეს ნაფიცებმა და აქედან გამომდინარე გამოიტანეს ყველამ ერთხმად გამამტუნებელი განაჩენი. ეს იყო განზრახ მკვლელობა, მან მომიკლა შვილი და სწორი გადაწყვეტილება სამ საათში ნაფიცებმა ერთხმად მიიღეს. მადლობა სწორად მოაზროვნე საზოგადოებას, მადლობა ნაფიცებს. ჩემი შვილის მკვლელი ციხეში მოიხდის სასჯელს. არავის არა აქვს სხვისი შვილის მოკვლის უფლება, დამნაშავემ უნდა აგოს საკადრისად პასუხი.

(სპეციალურად საიტისთვის)