"უწმინდესმა გულზე ჯვარი მოიხსნა და მე დამკიდა" - კვირის პალიტრა

"უწმინდესმა გულზე ჯვარი მოიხსნა და მე დამკიდა"

მსოფლიოში მოღვაწე­ ქართველი ­მომღერალი ნანა (მირიანი) ქავთარაშ­ვილი ­დღეს საქართველოშია. ჩვენ დავუკავშირდით მას, რათა პატრიარქთან ურთიერთობის სანუკვარი მოგონებები ჩვენთვის გაეზიარებინა...

- ნანა (მირიანი) ფსევდონიმია, რომელ­საც­ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით­ ვატა­რებ!­­ როდესაც გავიგე პატრიარქის­ გარდაცვალების ამბავი, მაშინვე გამოვფ­რინდი იტალიიდან... შაბათს, დილით, უკვე სამებაში ვგა­ლობდი გუნდთან ერთად, მერე ნება დაგვრთეს ქვემოთ ჩავსულიყავით, სადაც პატრიარქი იყო დასვენებული. უწმინდესს ვემთხვიე და გამოვემშვიდობე... დაკრძალვის­ დღეს სიონის მგალობელთა გუნდი­ გალობდა პატრიარქის შექმნილ "ალელუიას" და მეც შევუერთდი. სწორედ იმ "ალელუიას", რომელსაც უწმინდესი მისწორებდა, სანამ­ ზუსტად ისე არ ვიმღერე, როგორც სურდა.

პატრიარქთან გადაღებული ბევრი ფოტო მაქვს. ზოგი ძალიან შინაურულია,­ საპატრიარქოს მარანში გადაღებული. ერთგან საპატრიარქოს დიდ დარბაზში­ თეთრ როიალთან ვზივარ - მთხოვა, რამე დაუკარი,­ თან იმღერეო... სულ ბოლოს­ გასული­ წლის ზაფხულს, წითელი სოფლის რეზიდენციაში ვესტუმრე და სანამ ბევრჯერ­ არ ვუმღერე, არ გამომიშვა. მისი შექმნილი საგალობლებიც ვუგალობე. როცა "ალელუ­იას" ვგალობდი, მისწორებდა, არ არის ეგრეო, სანამ ზუსტად­ არ ვუმღერე, რამდენიმეჯერ გამამეორებინა და ბოლოს თავი დამიქნია, ახლა სწორიაო. შემდეგ გულზე რომელი ჯვარიც ეკიდა, ის მოიხსნა, მითხრა, მოდი ახლოს, თავი დახარეო, ჯვარი დამკიდა და დამლოცა. გამომშვიდობებისას დიდხანს მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ეს იყო მის უწმინდესობასთან ბოლო შეხვედრა და მისი ბოლო უძვირფასესი საჩუქარი.

პატრიარქს საოცარი იუმორი ჰქონდა, უწყინარი: ერთხელ მეგობარმა დამირეკა,­ სასწრაფოდ გაემზადე, საპატრიარქოში­ გველოდება მისი უწმინდესობაო. სიჩქარეში ჭრელი რუშებიანი კაბა გადავიცვი, რაც ხელში მომხვდა. როდესაც ხალხით სავსე დარბაზში შევედით, პატრი­არქი მიყურებს და მეუბნება: ეგ როგორი ციგნური კაბა ჩაგიცვიაო. მთელი დარბაზი ახარხარდა და თვითონ პატრიარქიც იცინოდა.

ერთხელ ტრაპეზზე ვიყავი მიწვეული და პატრიარქის გვერდით მოვხვდი, სუნთქვა­შე­­კრული ვიჯექი, ლუკმა ყელში არ გადამდიოდა. ცოტა მოსუქებულიც ვიყავი იმხანად. პატრიარქმა ხორცის ბლინი აიღო და მომაწოდა, მიირთვი, არ დასუსტდეო... ტრაპეზზე სხვა დროსაც ვყოფილვარ და პატრიარქი მოხევური კილოთი მეტყოდა ხოლმე, ეს გადაიღე ჩვენებური კალმახიაო, ან დახვრიპე სუპი, გემრიელიაო.…

ერთხელ პატრიარქს ჩემი ძმაც გავაცანი.­ მაშინ უწმინდესი მხნედ იყო. საპატრიარქოს ფოიეში დაგვხვდა, სასულიერო პირებიც ახლდნენ და სტუმრებიც. ზემოთ, დარბაზში­ მიგვიპატიჟა. მე და ჩემი ძმა ლიფტში შეგვი­ყვანა - პატარა ლიფტია, სამი ადამიანი ძლივს­ ეტევა. უწმინდესმა დაგვიძახა, მოდით, ჩვენ, მოხევეები, ლიფტით ავიდეთ და ეგენი ფეხითაც ამოვლენო...

d28508c7-0ec5-4c3e-b0f9-707190dda19b-1775408456.jpg

ერთხელ საპატრიარქოში ყოფნისას ჩანთაში მედო ვერდის ოპერა "ნაბუკოს" CD ჩემი შესრულებით. ბიძინა კვერნაძეს შევ­პირდი, გაჩუქებთ-მეთქი და სანამ ბატონ­ ბიძინასთან მივიდოდი, პატრიარქთან ვიყავი­ სტუმრად. მოუსმინა ჩემს ამა თუ იმ ჩანაწერს, მომიბრუნდა და მეკითხება, მანდ ჩანთაში ჩემთვის არაფერი გაქვსო? გავოგნდი, მაგრამ მომერიდა, რომ დამემალა და გულახდილად ვუპასუხე, - დიახ, ჩანთაში მიდევს ჩემი შესრულებით "ნაბუკოს" დისკი, მაგრამ ბიძინა კვერნაძეს შევპირდი და მას უნდა ვაჩუქო-მეთქი. ხუმრობით მიპასუხა, ბიძინას რად უნდა, მე მაჩუქეო...

ჩემი მეგობარი ეთერი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პირველად შექმნილი სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდის ყოფილი რეგენტი იყო და დღესაც დირიჟორობს გუნდს, როცა საქართველოში გერმანიიდან ჩამოდის. ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ვეწვიეთ უწმინდესს ეთერი და მე და საღამოს ლოცვას დავესწარით. ლოცვა საპატრიარქოს ეზოში თეთრ ჯვართან ჩატარდა. უკვე გვიანი იყო, უწმინდესმა დარბაზში მიგვიპატიჟა, მიმღერეთ რამეო.­ ეთერმა­ უგალობა. მოვიდა ჩემი ჯერი და ვეუბნები უწმინდესს: საოპერო არიებს­ მე ვერ დავუკრავ, კონცერტმაისტერი არ არის აქ და აბა, ვინ გამიწევს აკომპანემენტს-მეთქი. აკაპელა მიმღერეო. მივუა­ხლო­ვდი თეთრ როიალს და ცალი თითით კლავიშებზე ტონალობა დავუკარი და თან პონკიელის "ჯოკონდას" დრამატული არიის სიმღერა დავიწყე. ღამის 12 საათი იყო. ჩავედი არიის ბოლომდე ცალი თითით დაკვრით... მიყურებს უწმინდესი და გაკვირ­ვებული მეკითხება: ეს რა იყო, ეს რამხელა ხმა ამოუშვი, აბა, მომიყევ რაზეა ეს ოპერაო - ინტერესით მეკითხებოდა ოპერის სიუჟეტს,…მეც მოვუყევი და დიდი კმაყოფილებით მისმენდა.

როცა უწმინდესს პირველად შევხვდი, ჯუზეპე ვერდის ოპერა "ბალ-მასკარადიდან" ამელიას არია Mორრò მა პრიმა ინ გრაზი ვუმღერე. მაშინ მითხრა პირველად: "თქვენ ნამდვილი ვარსკვლავი ხართ"! მომაყოლა ოპერის სიუჟეტი, თუ რაზე მღეროდა ამელია. შემდეგ გამომიტანა ულამაზესი საჩუქარი და დამლოცა. მას მერე ხშირად მამღერებდა ამ არიას...…

ერთხელ მისი უწმინდესობის დაბადების დღეზე, 4 იანვარს, ფონდ "იავნანას" ორგანიზებით ვერდის ოპერა "ბედის ძალა" მივუძღვენით პატრიარქს. ოპერა საკონცერტო­ შესრულებით გრიბოედოვის თეატრში გაიმართა. ინტერვალის დროს საგრიმიოროში­ ახალგაზრდა შემოვიდა, დარბაზში წამობრძანდით, პატრიარქი გიხმობთო. პატრიარქს­ ვეახლე, უწმინდესი წამოდგა, გადამეხვია, მომილოცა და მადლობა გადამიხადა... მერე ტრაპეზზე მიგვიწვია შემსრულებლები და იქ უძვირფასესი სამკაული გადმომცა, თან მითხრა, გაიკეთე, მოგიხდებაო.

ვერდის ოპერა "ნაბუქო" მივუძღვენით უწმინდესს, გრანდიოზული კონცერტი ოპერის თეატრში გაიმართა. კონცერტზე წითელი კაბა მეცვა, დანარჩენი შემსრულებლები თითქმის ყველა მუქ სამოსში იყვნენ. პატრიარქმა ისევ მიგვიწვია საპატრიარქოში. მე გამოვიცვალე და კლასიკურად ჩაცმული­ ვეწვიე. რომ დამინახა, მეუბნება: მე მეგონა­, წითელი კაბით მოხვიდოდიო. მაშინაც დაგვაჯილდოვა შემსრულებლები. სინით გამოგვიტანეს სამკაულები, ყველას დაგვირიგეს ულამაზესი საჩუქრები. უწმინდესმა ერთხელ ულამაზესი ქარვის მძივები საკუთარი ხელით ჩამომკიდა გულზე. რომელი ერთი ძვირფასი წუთები გავიხსენო...

პატრიარქს ზებუნებრივი, ტელეპათიური ჭვრეტის უნარი ჰქონდა და ხშირად მიმანიშნებდა ისეთ რაღაცაზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცოდი. მაშინ მიკვირდა,­ ვფიქრობდი, როგორ მიხვდა-მეთქი. როცა რამე პრობლემა მქონია და მასთან მივსულვარ, მინდოდა მომეყოლა, მაგრამ ვერ ვეუბნებოდი, მერიდებოდა. დაშორებისას კი უწმინდესი მეტყოდა: ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავო. მართლაც ის პრობლემა იოლად მოგვარებულა!

იყო ასეთი დაუჯერებელი ამბავიც: რამდენიმე წლის წინ იტალიაში ჩემს მობილუ­რზე ზარი გაისმა. ვხედავ, ქართული უცნობი ნომერი დაიწერა. ვუპასუხე და მესმის მამაკაცის ხმა, ქალბატონო ნანა, თქვენთან პატრიარქს სურს საუბარი, ხაზზე­ იყავით ახლავე მობილურს გადავცემო...…ენა ჩამივარდა­, სუნთქვაც­ შემეკრა... ცოტა ხანში გავიგონე უწმინდესის თბილი­ და მშვიდი ხმა. მომიკითხა, დამლოცა და დამემშვიდობა. ეს ჯადოსნური წამები იყო! მაშინ საოპერაციოდ ვემზადებოდი, უწმინდესმა ეს გაიგო და გადაწყვიტა­ ჩემი გამხნევება... მერე როგორც მაცნობეს, პატრიარქს გადასცეს ოპერაციის ზუსტი დრო და ოპერაციის მიმდინარეობისას წირვაზე ბარძიმში მომიხსენია. ეს მეუფისგან შევიტყვე. ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა. პატრიარქის თხოვნით მისი მოლოცვა გადმომცეს:“"გილოცავ გადარჩენას, ღმერთმა დაგლოცოს". ღვთის მადლით და შეწევნით რამდენიმე თვეში სცენასაც დავუბრუნდი და დღესაც კარგად ვარ!

ღვთის მადლიერი ვარ, რომ მომეცა­ ბედნიერება მეცხოვრა იმ ეპოქაში, როდესაც­ საქართველოს ჰყავდა ასეთი ეპოქალური პატრიარქი, მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის. მისი სიყვარული, სიბრძნე და ლოცვა არასოდეს დაგვტოვებს. ის უკვე ზეციურ საქართველოშია და იქიდან ილოცებს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.