"მსგავსი მამაშვილური ურთიერთობა იშვიათად მინახავს"
მსახიობი გია აბესალაშვილი დაუვიწყარი ამბებისა და ადამიანების გახსენებას ჩვენი პატრიარქით იწყებს.
შეხვედრები პატრიარქთან
- ჩემთვის დაუვიწყარია ყველა ის წუთი, რომელიც პატრიარქის გვერდით გავატარე. ყველა შეხვედრა დიდი სიბრძნით, მზრუნველობით, მადლით, ბევრი დადებითი ემოციით იყო სავსე. უწმინდესი თეატრშიც არაერთხელ მობრძანებულა. სპექტაკლი რომ მთავრდებოდა, მსახიობებს გვხვდებოდა, თითოეულს გულში გვიხუტებდა, გვეფერებოდა. ქეთი დოლიძის სპექტაკლი "სერობა" ბოლო ჟამზეა, მე იაკობს ვთამაშობდი, რამაზ იოსელიანი თომა იყო, მზია არაბული - მარიამ მაგდალინელი... ის პერიოდი იყო ასახული, სანამ ისინი წმინდანები გახდებოდნენ. უწმინდესი ამ წარმოდგენას რამდენჯერმე დაესწრო. სხვა სასულიერო პირებიც ხშირად მოდიოდნენ.
სტიქაროსანი ვარ, პატრიარქის მსახურებაზე არაერთხელ ვყოფილვარ სვეტიცხოველსა და სამებაში. რომ დამინახავდა, სულ უხაროდა. უზომოდ კეთილი იყო, ტკბილეულით და უამრავი საჩუქრით დაგვხუნძლავდა და ისე გვიშვებდა. ვუხერხულობდი, მე რა საჩუქარი უნდა გამეკეთებინა?
მეგობრები მყავს ღუდუშაურები, სნოში მათთან ჩავდიოდი ხოლმე, ხატს მივაბრძანებდით. სნო პატარა სოფელია, პატრიარქის ბიძაშვილები ცხოვრობენ, იქ უწმინდესთან ერთადაც არაერთხელ ვყოფილვარ.
ბოლო შეხვედრა გამორჩეულად მახსოვს, ჩვენთან ერთად გოდერძი ჩოხელიც იყო, მაგრამ უკვე დასნეულებული და ძალიან დასუსტებული. მის მდგომარეობას პატრიარქი ძალიან განიცდიდა. სულ ცდილობდა გაემხნევებინა. ტრაპეზზე გოდერძის საკვების მიღებაც არ უნდოდა, უწმინდესმა შესთავაზა: "გოდერძი, იქნებ თევზი გესიამოვნოს, არ გინდა? ბიჭებს მოვატანინებ, თევზს ხომ მაინც შეჭამ?" მსგავსი მამაშვილური მზრუნველობა იშვიათად მინახავს. ამ დღეს ფოტოც გვაქვს გადაღებული, პატრიარქის ეზოში. სამწუხაროდ, გოდერძის ბოლო ფოტო აღმოჩნდა, მალე გარდაიცვალა.
შიოლა ღუდუშაურის ძეგლი რომ იხსნებოდა, სნოში ძალიან ბევრი სტუმარი ჩავიდა. ჩვენ ვეხმარებოდით ორგანიზებაში, მაშინ ხატიც ჩავაბრძანეთ. უწმინდესი ყველას გვეფერებოდა და თავისი გამორჩეული ღიმილით გვეკითხებოდა, როგორა ხართ, ხალხნო, რამე ხომ არ გიჭირთ?

პირველი ფილმი
- ფილმში "წერილები ბამიდან" (რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი) შემთხვევით მოვხვდი, ციმბირშია გადაღებული. გურამ ლორთქიფანიძესთან, გივი თოხაძესთან ერთად ვიყავი, ისე მიფრთხილდებოდნენ, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ, ავად რომ გავმხდარიყავი, მთელი გადაღება ჩაიშლებოდა. ყოველ დღე ჩემს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ, როგორ ვიკვებებოდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა... გაკვირვებული ვიყავი, ეს ხალხი რას გადამეკიდამეთქი? გამათამამეს, ისეთი უშუალოები იყვნენ, ფეხბურთსაც ერთად ვთამაშობდით.
საქართველოდან 14 აგვისტოს წავედით, სანამ ტაიგაში ჩავიდოდით, 14 დღე გზაში ვიყავით. ჩვენი ტექნიკა მატარებლის ვაგონებზე იყო დალაგებული, მანქანები, გადასაღები აპარატურა, ავტობუსი, ათასი წვრილმანი... მატარებელი ნელა მოძრაობდა. საცხოვრებელ ვაგონში შეშის ღუმელი გვქონდა, გარეთ იყო სიცივე, ყინვა, შიგნით - სითბო. გადაღებები 6 თვემდე გაგრძელდა. პირველი თოვლი 9 სექტემბერს მოვიდა. ტყეში მიწა თითქმის არ ჩანდა, გეგონებოდა, ღრუბლებზე დავდივარო.
თბილისში რომ დავბრუნდით, სტაჟი მჭირდებოდა და რეზო ჩხეიძემ თუმანიშვილის თეატრში მომაწყო. ვიყავი სცენის მუშა, გამნათებელი, რეკვიზიტორი... სხვაგან ვსწავლობდი, არტისტობა დიდად არ მხიბლავდა. მიხეილ თუმანიშვილი რომ გავიცანი და მითხრა, თეატრალურში რატომ არ აბარებო, დავფიქრდი, ამის შემდეგ უხერხულიც იყო, ბედი არ მეცადა. მისაღებ გამოცდებზე 5-იანი დამიწერეს, კარგი პლასტიკა აქვსო. ასე აღმოვჩნდი ამ სამყაროში, სადაც საოცარ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა.
პირველ სპექტაკლში "ლურჯა ცხენები წითელ ბალახზე" მიცვალებულს ვთამაშობდი. ურიკაზე ვიწექი, შემომაგორებდნენ, გამაგორებდნენ. ისეთი მიცვალებული ვიყავი, თვალს არ ვახამხამებდი.
მიხეილ თუმანიშვილი იმდენად შეყვარებული იყო თავის პროფესიაზე, სხვა არაფერი უნდოდა. ჩვენგანაც იმავეს ითხოვდა. არანაირი სხვა გატაცება არ უნდა გვქონოდა. როგორც მონასტერში ცხოვრობენ ბერები, ჩვენგანაც თეატრის მსახურებას ისე მოითხოვდა. მართლაც ასე ვიყავით, პრემიერების წინ სახლში არ მივდიოდით. ღამე ფარდებში ვეხვეოდით და ყველას სცენაზე გვეძინა, ბატონი მიშაც ჩვენს გვერდით იყო. რეპეტიციას დილის 4 საათიდან ვიწყებდით. მერე იყო ე.წ. ჩაბარება. რეზო ჩხეიძე მოვიდოდა, კულტურის სამინისტროს თანამშრომლები გვესწრებოდნენ...
"მე, შენ, ჩვენ, აქ, ახლა, რა, რაზე და როგორ?" - ეს იყო მიხეილ თუმანიშვილის "ფორმულა". მე და შენ რომ ვართ აქ, ჩვენს შორის რა ხდება? რაზეა ეს ყველაფერი? მთავარია სიტყვა "როგორ?". ყველას სხვადასხვანაირი "როგორ" გვაქვს. ამ ადამიანმა საოცარი სკოლა შექმნა.
- თქვენ და ეროსი მანჯგალაძე ერთ საგრიმიოროში იყავით.
- ეროსი დიდი ბავშვი იყო, ძალიან თბილი ადამიანი. მანქანა რომ იყიდა, დიდი სიხარული ჰქონდა, რა მაგარი მანქანაა ეს ნივა, ყველგან მივაო. მსახიობებს ჩაგვისვამდა ხოლმე. სუფრებზეც ხშირად გვეპატიჟებოდა. ერთხელ რუხში წამიყვანა, იქ დიდი ღონისძიება ტარდებოდა, თბილისიდან რუხამდე და უკანა გზაზეც ისეთ ძვირფას ადამიანებთან ერთად ვიმგზავრე, როგორებიც იყვნენ: ბორია წიფურია, გივი ბერიკაშვილი, დოდო ჭიჭინაძე, ზურაბ ქაფიანიძე, მედეა ჩახავა... საგრიმიოროში ეროსისთან, ვანიჩკა საყვარელიძესთან, ვასო ჩხაიძესთან, კოტე დაუშვილთან ერთად ვიყავი. ციცქნა ოთახი იყო, ძლივს ვტრიალდებოდით. კოტე დაუშვილს "მამა კოტეს" ვეძახდით, რაც არ უნდა ეთქვა, მისი სიტყვა კანონი იყო. ეროსის - ბატონ ეროსის, მიშას - მიხაილ ივანიჩს, ზოგს ბიძიასაც ვეძახდით... რაც მთავარია, თაობებს შორის ყოველთვის დიდი სიყვარული და პატივისცემა იყო.
ჩემთვის ბედნიერება იყო ურთიერთობა ფრიდონ სულაბერიძესთან, ბეჟან სურმავასთან, ნინო რამიშვილთან, ილიკო სუხიშვილთან, დოდო ალექსიძესთან...
სულის შემძვრელი ამბები ჭუბერის უღელტეხილიდან
- ერთ დღეს თეატრისკენ მიმავალს, გზად კოტე ნაკაშიძე შემხვდა - აფხაზეთში მოხალისედ მივდივარ, საკვებია ჩასატანი და ხომ არ წამოხვალო. როგორ არ წამოვალ-მეთქი. იქვე ქუჩაში მოხუცი ქალი ჩურჩხელას ყიდდა, მთელი შეკვრა ავიღე და წავედით... თვითმფრინავი პურით, პირველადი მოხმარების პროდუქტით იყო სავსე, მაგრამ მისი ჩამტანი არავინ ჩანდა, ამ საკითხს სამაშველო სამსახური კურირებდა, სხვადასხვა ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ქაოსი იყო. ქუჩიდან მისულ ხალხს ჩაგვაბარეს ეს თვითმფრინავი და ჩვენს სინდისზე იყო, როგორ ჩავიტანდით. გზად რამდენიმე ადამიანს ჩურჩხელა მივეცი და აღმოჩნდა, რომ რკო იყო ამოვლებული, ნოგოზი საერთოდ არ ჰქონდა. ჯერ ქუთაისში ჩავფრინდით, იქიდან ჭუბერში უნდა წავსულიყავით, მაგრამ ვერტმფრენს საწვავი არ ჰქონდა. ბევრი წვალების შემდეგ, ეს საკითხი მოვაგვარეთ და პროდუქტი ჩავიტანეთ. ჭუბერის უღელტეხილი დევნილებით იყო სავსე. გზად უამრავი მანქანა იყო, ზოგი გაფუჭებული, ზოგი ტალახში ჩარჩენილი. იქ გავიცანი მთამსვლელები ზალიკო ქიქოძე და ბიძინა გუჯაბიძე. ერთი მყვინთავი იყო, გუჯა, რომელზეც მერე გავიგე, რომ ვიღაც დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი ამ შემთხვევას შეეწირა... საოცარი ადამიანი იყო გუჯა, მოხუცი კაცი გადმოჰყავდა პლედში გახვეული, რამდენიმე საათი ატარა...
ქალებს ვეხმარებოდით, ბევრი ბავშვი იყო, ზოგმა ლაპარაკიც კი არ იცოდა, სახელები ხელზე ეწერათ. გამორჩეულად ერთი ბიჭი დამამახსოვრდა, ონისე. გაზის საველე ბალონი ვიპოვე, მასზე ფაფას ვხარშავდი ბავშვებისთვის, ეს ონისე არ მშორდებოდა, ბიძია, ფაფა მეც მინდაო. ჭურჭელი არ მქონდა და ზოგს ხელზე ვუსხამდი, ზოგს ქუდი მოჰქონდა, ამაში ჩამისხიო. უღელტეხილი 100 ათასამდე ადამიანმა გამოიარა. ხალხი ფოთლებს ჭამდა, ისე შიოდათ.
ერთი შემთხვევა გამორჩეულად მახსოვს. სატვირთო მანქანის ძარიდან პურს ვარიგებდი, ყველას რომ შეხვედროდა, ვცდილობდი, სახეები დამემახსოვრებინა. ერთი ქალი მოვიდა, მივხვდი, მეორედ იყო და რომ მიმეცა, სხვას აღარ შეხვდებოდა. დღესაც თვალწინ მიდგას კადრი, როგორ ვექაჩებოდი პურს, ის კი ცდილობდა წაერთმია. ამ წამიერმა შემთხვევამ მალე მიმახვედრა, რას ვაკეთებდი და პურს ხელი გავუშვი...
მდინარე ბინძურდებოდა, ხალხი რომ სვამდა, იწამლებოდნენ. თბილისიდან მედიკოსები იყვნენ ჩამოსული, ლევან ბაიდოშვილმა თქვა, სათავეში ქლორი ტომრებით ჩავდოთ, დეზინფექცია მოხდება და მოწამვლას გადაურჩებიანო. მე და ლევანმა თითო ტომარა მოვიკიდეთ ზურგზე და მდინარის სათავისკენ წავედით. იქ რომ ავედით, დასასვენებლად ჩამოვჯექი, მაღლა ავიხედე, დავინახე, მსხლის ხეს ჩამწიფებული ნაყოფი ესხა, მაგრამ იმ წუთში მსხალი კი არა, განძი იყო. დავკრიფეთ, მაგრამ რით წაგვეღო? წარმოიდგინეთ, მდინარეში ქვები მოვალაგეთ, ტომრებიდან ქლორი გადმოვყარეთ, ისე რომ იმ ქვებს შეეჩერებინა და წყალს ერთიანად არ წაეღო. ტომრებში მსხალი ჩავყარეთ და წამოვიღეთ. ბავშვები გაგიჟდნენ სიხარულით, ძალიან ტკბილი იყო. ბავშვების ნაწილი ხის ფუღუროში იყო შეყუჟული, ზოგი ტენტის ქვეშ აფარებდა თავს. მეორე დღეს იმ ადგილზე რომ გავიარე, ის ბავშვები ისხდნენ და ქლორიან ტომრებს წუწნიდნენ, ისევ მსხლის სიტკბო ჰქონდა შერჩენილი...
- თქვენ უღელტეხილი რამდენჯერმე გადაიარეთ, არა?
- დიახ. ხალხს ვეხმარებოდით. როცა ჯგუფი გადმოგყავს, ერთი რომ ჩერდება, შენ ვერ გაჩერდები, ვერ დაელოდები, დანარჩენებს ვერ გაწირავ. ის ერთი რჩება და შეიძლება გაიყინოს კიდეც, ეს იცი და ვერაფერს ცვლი, ძალიან რთული და ემოციური დღეები იყო, გახსენება არ მიყვარს...
არასდროს დამავიწყდება, ვერტმფრენმა აფრენისას აწევა ვერ მოახერხა, კლდის წვერს წამოედო და აფეთქდა, იქ ბევრი ქალი და ბავშვი იყო, ყველანი დაიღუპნენ, მხოლოდ ერთი ქალი გადარჩა და ისიც მალე გარდაიცვალა. ზაალ ქიქოძემ გმირობა ჩაიდინა, იმ კლდეზე ავიდა და გვამები მოაგროვა... ამ ამბის შემდეგ კლდეს ბინოკლით ვუყურებდი ხოლმე, ერთხელ დავინახე, 2 წერტილი მოძრაობდა, ეს წერტილები ხან შეერთდებოდნენ, ხან გაიშლებოდნენ. სხვებს რომ ვუთხარი, მითხრეს, გადაღლილი ხარ და გეჩვენებაო, არადა, ცხადად ვხედავდი... მერე ბიძინა გუჯაბიძემაც დაინახა, რაღაც მოძრაობსო. შეუძლებელია, იმ ვერტმფრენიდან ვინმე გადარჩენილიყო და მთის წვერზე სხვა ვინ შეიძლებოდა მოხვედრილიყო? საგონებელში ჩავვარდით. წავიდნენ მთამსვლელები და ორი ადამიანი იპოვეს. თურმე გარდაცვლილებიდან ერთ-ერთის ჭირისუფლები იყვნენ. ქუთაისიდან ვერტმფრენს გამოჰყოლიან, ადგილი რომ ენახათ. ვერტმფრენს მთის წვერზე ჩამოუსვამს, საკენისკენ გაფრენილა და უკანა გზაზე რომ დაბრუნდებოდა, უნდა წაეყვანა. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა, ფრენა არ შეიძლებოდა და ეს 2 ადამიანი მთის წვერზე დარჩა. ქალი და კაცი იყვნენ. ჩვენები რომ არ ასულიყვნენ, იმ ღამეს ორივე გაიყინებოდა.
თამუნა კვინიკაძე