„დედა 4 წლის წინ გარდაიცვალა, 17 მარტს, უცნაურია, უწმინდესის ამ ქვეყნიდან გასვლის თარიღიც 17 მარტია“
"- ვერცხლის ჯვარია.
- ღმერთს დიდება! ვაიმე, მადლობა, მე მაძლევთ? მე ამის ღირსი ვარ?
- მაშ!
- არა, არა.
- რადგან შემხვდი...
- არ ვარგივართ ადამიანები ღმერთთანა. მადლობის მეტი რა მეთქმის.
- გინახივართ?
- კი, როგორ არა.
- სადა?
- ისე მინახიხართ, ტელევიზორში.
- ილია მეორე ვარ... რით ცხოვრობთ, პენსია გაქვთ?
- კი, პენსია მაქვს, არა ვარ გაჭირვებული...
- სახლში ვინა ხართ?
- შვილები, შვილიშვილები ჟინვალში ცხოვრობენ, მარტო ვარ, ვერ ვისვენებ ქალაქში, რა ვქნა, აქ მინდა, ბოსტანში გავდივარ, ჟინვალში მეშვიდე სართულზე რა ვაკეთო? სასაცილო რაღაც უნდა ვთქვა, ჩიტებს ველაპარაკები.
- ესმით, ესმით ჩიტებს..."
ეს სიტყვები გეცნოთ, არა? პატრიარქისა და ჟინვალელი ქალბატონის გულწრფელმა დიალოგმა, უბრალოებამ გამოქვეყნებისთანავე ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწია. ფართო საზოგადოებისთვის წლების განმავლობაში უცნობი იყო იმ ქალბატონის ვინაობა, ვისაც გუდამაყარში მიმავალი უწმინდესი გზად შემთხვევით შეხვდა.
სოფელ კიტოხში მცხოვრებ ელისო მოთიაშვილს ნამდვილად გაუმართლა, თუმცა ამ ინტერვიუდან დაგრჩებათ განცდა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

ნანა აფციაური, ელისო მოთიაშვილის შვილი: - ამ ვიდეოს ნახვა ახლაც ძალიან მიჭირს, იმდენად ემოციურია, სულ მეტირება. დედა 4 წლის წინ გარდაიცვალა, 17 მარტს, უცნაურია, უწმინდესის ამ ქვეყნიდან გასვლის თარიღიც 17 მარტია. დედა უზომოდ კეთილი და თბილი ადამიანი იყო, სულ შრომობდა და სხვებზე ზრუნავდა. რთული ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, 1941 წელს იყო დაბადებული, ობლობაში გაიზარდა, არც დედა ჰყავდა, არც მამა, სულ სხვაგან იზრდებოდა...
- პატრიარქთან შეხვედრის შესახებ დედამ რა გიამბოთ?
- დედა სოფელ კიტოხში ცხოვრობდა, პერიოდულად ჟინვალში ჩამოგვყავდა, მაგრამ აქ გაჩერება არ უყვარდა, გული სულ სოფლისკენ მიუწევდა. იმ პერიოდში, როცა ვიდეოა გადაღებული, შეუძლოდ იყო, ჟინვალში წამოვიყვანეთ, ვუმკურნალეთ. დიდი სურვილი მქონდა, ტაძარში მიმეყვანა, ზიარება მიეღო. რამდენჯერმე ვთხოვე და იუარა, ღმერთს ვერ შევაწუხებო. ეს ამბავი მამაოს ვუამბე, მითხრა, თქვენთან სახლში მოვალო. ვეცადე, დედა მოძღვართან შესახვედრად შემემზადებინა, მაგრამ კვლავ უარზე იყო. ჩემი გულისთვის მამაოს რატომ აწუხებ, სირცხვილია, წავალ ტყეში და იქ ვინღა მომძებნისო? კეთილი ადამიანის გულს ღმერთი მთის წვერზეც პოულობს-მეთქი. ახლაც არ ვიცი, ეს სიტყვები რატომ ვუთხარი, ან როგორ მომაფიქრდა.
ზუსტად იმ კვირაში შეხვდა პატრიარქი.
სოფელ კიტოხში მართლაც მთის წვერზე ვცხოვრობთ. დედა იქ მარტო რომ რჩებოდა, შვილები ძალიან განვიცდიდით, მაგრამ თავად ჟინვალში გაჩერება არ უნდაოდა. აქ რა გავაკეთო, იქ ბოსტანში გავალო.
იმ დღეს პატრიარქი გუდამაყარში მიბრძანდებოდა და დედას სოფლის გზაზე შემთხვევით შეხვდა. ამბავი რომ გამეგო, დედას ყოველ დღე 2 საათზე ვურეკავდით. იმ დღეს ადრიანად თავად დამირეკა და მითხრა, შენ გამომიგზავნეო? ვერ გავიგე, რას მეუბნებოდა. ამიხსენი, რა ხდება-მეთქი? ილია მეორე შემხვდაო. იმ წუთში შემეშინდა, გავიფიქრე, ცუდად ხომ არ არის, ასე რატომ ლაპარაკობს-მეთქი? მერე მიამბო, შვილო, ნეტავ რა ველაპარაკე, აბდაუბდა ვისაუბრე, მგონი ჩაიწერეს და გეხვეწები, უთხარი, წაშალონო. დაბნეული იყო, მითხრა, ძალიან შემრცხვაო. მე ეკლესიაში წასვლაზე ვთქვი უარი, უფლის შეწუხება არ მინდოდა და ღმერთმა პატრიარქს შემახვედრაო. თურმე იმ დღეს პატრიარქს მეორედაც შეხვდა, როდესაც ის უკანა გზაზე ბრუნდებოდა. უწმინდესი ისევ დალაპარაკებია, მაგრამ აღარ გადაუღიათ. შესთავაზეს, სახლამდე მანქანით მიგიყვანთო, მაგრამ იქვე იყო, სად უნდა წაეყვანათ...
- იმ ჯვარს, რომელიც უწმინდესმა აჩუქა, ალბათ სულ ატარებდა...
- დიახ. მანამდე ჩემმა დამ ოქროს ჯვარი უყიდა, მაგრამ ოქრო არ უნდოდა, ხის ჯვარს ატარებდა. მას შემდეგ, რაც უწმინდესისგან საჩუქარი მიიღო, ის ჯვარი აღარ მოუხსნია.
გვანცა რუხიაშვილი, ელისო მოთიაშვილის შვილიშვილი:\ - ბებო ძალიან უბრალო, მარტივი ენით მოსაუბრე იყო, მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკი არასდროს სჩვეოდა. ამ შეხვედრის ემოციების გადმოცემა ძალიან უჭირდა, გაირინდებოდა ხოლმე. შეგრძნება მქონდა, თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა. არ უნდოდა, მისთვის ძვირფასი რამ დაეკნინებინა. ყველაფერს გვიყვებოდა, ძველ ამბებს იხსენებდა, მაგრამ ამ თემას თავისთვის ინახავდა. მან მოყვასის სიყვარულით და სიმდაბლით მოიხვეჭა უწმინდესთან შეხვედრის მადლი. მხოლოდ ერთხელ მითხრა, პატრიარქმა დამლოცაო, მაგრამ ეს "დამლოცა" ისეთი შეგრძნებით თქვა, თითქოს ყველანაირი ტკივილისგან განიკურნა. იმასაც ამბობდა, ამ შეხვედრის შემდეგ სახლამდე გზა როგორ ავიარე, არ მახსოვსო. უწმინდესის ერთი სიტყვაც ხომ უდიდესი ნუგეში იყო..\.
- "ადამიანები არ ვარგივართ ღმერთთანა" - ეს ფრაზა რამდენ რამეს ამბობს...
- დიახ, არც განათლება ჰქონდა მიღებული არც სასულიერო ლიტერატურას კითხულობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მას თანდაყოლი ჰქონდა. ბებო სადღაც მთაში მცხოვრები ერთი გლეხის ქალი იყო. პატრიარქმა თავისი მძიმე ჯვარი ატარა, ბებოსაც თავისი ჯვარი ჰქონდა სატარებელი, ამ ორი, ღვთის და ადამიანების მოყვარული ადამიანის შეხვედრა თითქოს კონტრასტული იყო, მაგრამ როგორ თავის ენაზე ელაპარაკა გლეხის ქალს უწმინდესი, თან როგორ უსმენდა. ბებო რომ ამბობს, სასაცილო რაღაცას ვიტყვი, ჩიტებს ველაპარაკებიო... ბებო დარწმუნებული იყო, სხვისთვის რომ ეთქვა, იცინებდნენ და პატრიარქმა უთხრა: ჩიტებს ესმით, ესმითო... თავის ენაზე დაელაპარაკა, ბებოს სითბო და ყურადღება გაუნაწილა. პატრიარქის სიდიდის გააზრებას ალბათ ბოლომდე კიდევ ვერ ვახერხებთ, ამასაც სულიერი სიმაღლე სჭირდება.
ნანა: - არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ეს ვიდეო პირველად ვნახე, დედა 1 წლის გარდაცვლილი იყო. შინ მარტო ვიყავი, ტელეფონში ინტერნეტი ჩავრთე, ხელში მეჭირა, ეკრანს არც ვუყურებდი და უეცრად დედაჩემის ხმა მომესმა, შემეშინდა. მერე პატრიარქის ხმაც გავიგონე, ეკრანს დავხედე და...
დედა თავმდაბალი ადამიანი იყო. წინ დგომა არ უყვარდა, ყოველთვის უკან იხევდა. სულ ცდილობდა, სიკეთე ჩუმად ეკეთებინა. ყველას ამბავს კითხულობდა და მე გაოცებული ვრჩებოდი, ყველა ასე როგორ ახსოვს და აინტერესებს-მეთქი. მამაჩემის მხრიდან არქიმანდრიტ პართენ აფციაურის ნათესავები ვართ, ჩვენი წინაპრები სულ მარხულობდნენ. დედაც მორწმუნე იყო.
გვანცა: - ამ ვიდეოს უამრავი გაზიარება და თბილი კომენტარი აქვს. ადამიანებმა ბებო ისეთი დაინახეს, როგორიც ჩვენთვის იყო - უბრალოებით, თავმდაბლობით მივიდა ადამიანების გულებამდე. ასაკშიც კი ბავშვურად გულწრფელი იყო, არასდროს წუწუნებდა, ყველგან პოზიტივი დაჰქონდა. სოფელში რომ მიდიოდა და იქ მარტო იყო, ვეუბნებოდი, ბებო, ვიღაცას უპატრონო ეგონები, მთის წვერზე რა გინდა, ჩვენთან წამოდი-მეთქი. მიწაზე მუშაობა უყვარდა და სულ შრომობდა. მისი ცხოვრება ჩემთვის ნათელი მაგალითია, რომ ღმერთისკენ მიმავალი გზა, შრომა, სიყვარული და თავმდაბლობა ყოფილა.
- საზოგადოების ასეთი ყურადღება რომ ენახა, რას იტყოდა?
- ზუსტად იმავეს, რაც პატრიარქთან შეხვედრისას თქვა: მე ამის ღირსი ვარ?!
თამუნა კვინიკაძე