"ჯოჯოხეთის ფილიალი": „ანტირუსული განწყობებისთვის“ რუსულ ციხეში ორი აფხაზი ზის - პაატა ზაქარეიშვილის ანალიზი: რა ხდება აფხაზეთში?! - კვირის პალიტრა

"ჯოჯოხეთის ფილიალი": „ანტირუსული განწყობებისთვის“ რუსულ ციხეში ორი აფხაზი ზის - პაატა ზაქარეიშვილის ანალიზი: რა ხდება აფხაზეთში?!

მოსკოვმა გავლენიანი აფხაზი ბლოგერები "ანტირუსული განწყობების" გავრცელების მოტივით სამიზნეში ამოიღო - ორი უკვე რუსულ ციხეშია. ტიმურ აგრბას 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "ტერორიზმის გამართლების" მუხლით. სს საქმეს საფუძვლად დაედო ათი პუბლიკაცია, რომლებშიც, გამოძიების ვერსიით, ბლოგერი ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის, პოზიტიურ იმიჯს ქმნიდა. რუსეთში ბასაევი ტერორისტად არის აღიარებული, მაშინ როცა აფხაზეთში მას "აფხაზეთის გმირის" წოდება აქვს მინიჭებული. თუმცა წარსულის შეფასებასთან ერთად, აგრბა აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას, მსჯელობდა სოხუმისა და ანკარის დაახლოების აუცილებლობაზე და მხარს უჭერდა თბილისთან კონფედერაციის იდეას. აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს, ანტირუსული და პროთურქული ნარატივების გავრცელება გახდა მისი დევნის მიზეზი.

მეორე მსხვერპლი იურისტი და ბლოგერი ირაკლი ბჟინავაა, რომელიც თებერვალში დონის როსტოვში დააპატიმრეს რუსეთის მიერ აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგების კრიტიკის გამო. ის ტაგანროგის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ელოდება განაჩენს.

რუსეთის პატიმარი #1 - ტიმურ აგრბას საქმე

37 წლის ტიმურ აგრბას დონის როსტოვის სასამართლომ განაჩენი 17 მარტს გამოუტანა. საქმის აღძვრის მიზეზი გახდა 10 პოსტი მის ტელეგრამ-არხზე Арсны Ахәынтқарра/Abkhazia, რომლებიც გამოქვეყნდა 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე. გამოძიების ვერსიით, აგრბა ავრცელებდა პუბლიკაციებს, სადაც ტერორისტი შამილ ბასაევი ჰეროიზებულად იყო წარმოდგენილი. ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, პოსტები ქვეყნდებოდა მაშინ, როდესაც აგრბა გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში იმყოფებოდა. ბლოგერი 2025 წლის მარტში დააკავეს, როდესაც ის გუდაუთიდან სოჭში ჩავიდა.

ბასაევთან დაკავშირებით სკანდალი 2024 წლის სექტემბრის ბოლოს ატყდა, როცა აფხაზეთის "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით სოხუმის მუზეუმმა გახსნა გამოფენა "აფხაზეთის გმირები", სადაც ბასაევის პორტრეტიც იყო გამოფენილი. გამოფენა რუსმა ბლოგერმა აღმოაჩინა და ატყდა ხმაურიც. რუსებმა აფხაზებს "უმადურები" და "დაუნახავები" უწოდეს და მკაცრად მოითხოვეს პორტრეტის ჩამოხსნა. აღშფოთებული რუსეთის ე.წ. ელჩი მუზეუმშიც მიიჭრა. მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ პორტრეტს ჩამოხსნიდა, თუკი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ბასაევს გმირის წოდებას გააუქმებდა. საბოლოოდ გამოფენა დაიხურა და ყველა ფოტო არქივში შეინახეს. სწორედ მაშინ გამოაქვეყნა ტიმურ აგრბამ მოგონებები, ციტატები და ვიდეოჩანაწერები ბასაევის მონაწილეობით. პუბლიკაციების დიდი ნაწილი სხვა ღია წყაროებიდან იყო გადმოკოპირებული. პუბლიკაციებში ბასაევი აღწერილი იყო როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა აფხაზეთის ისტორიისთვის.

ცნობისთვის, შამილ ბასაევი აფხაზეთის ომში აფხაზების მხარეს იბრძოდა, მეთაურობდა გაგრის ფრონტს და მიენიჭა "აფხაზეთის გმირის" წოდება. ომის პერიოდში ასევე იყო აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. შემდეგ მან რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი ტერაქტი მოაწყო და რუსეთში ნომერ პირველ ტერორისტად იქნა გამოცხადებული.

გამოცემა "ეხო კავკაზას" ცნობით, აგრბას მიერ მართული ტელეგრამ-არხი 2017 წლიდან არსებობს და ბლოგერი აქტიურად წერდა პოლიტიკაზე, აფხაზეთის ურთიერთობებზე მოსკოვთან, ანკარასა და თბილისთან, რომ აფხაზეთი და რუსეთი "სხვადასხვა ცივილიზაციაა" და მოსკოვთან კავშირი საჭირო არ არის, რადგან ის აფხაზეთს სუვერენიტეტს ართმევს, ხოლო თბილისთან კონფედერაციამ შეიძლება საერთაშორისო აღიარება მოიტანოს. ხაზგასმული იყო, რომ საქმე არ ეხებოდა აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებას, არამედ "ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს" გაერთიანებას.

"ჩვენ არ გვჭირდება არანაირი საკავშირო სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან. ვისაც სურს, მოსკოვში წავიდეს...…საქართველოსთან კონფედერაცია ერთადერთი შესაძლო ვარიანტია", - წერდა ის. ასევე წერდა თურქეთში აფხაზური დიასპორის როლზე და თურქეთს შესაძლო ალტერნატიულ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავდა, რის გამოც რუსულმა მედიამ ის "თურქეთის აგენტადაც" შერაცხა.

რუსეთის პატიმარი #2 — ბჟინავას საქმე

48 წლის ირაკლი ბჟინავა არ არის რიგითი ბლოგერი. ის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია, კონსტიტუციონალისტი და დონის როსტოვში აფხაზური დიასპორის თავმჯდომარე. ის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ედება ინტერნეტში "ეთნიკური შუღლის გაღვივება" და ანტირუსული გამონათქვამები. ბრალდება 6 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების მტკიცებით, ბჟინავას ინტერნეტში "სკანდალური ბლოგერის რეპუტაცია აქვს, ის ცდილობს ეთნიკური შუღლის პროვოცირებას".

ბჟინავა ბლოგებში აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის ცალკეულ გადაწყვეტილებებს და ხშირად წერდა, რომ მოსკოვი მოკავშირეობრივი ურთიერთობების ჩარჩოებს არღვევს და სოხუმზე გაუმართლებელ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე მან დაგმო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემის პრაქტიკა და დაწერა, რომ "დამოუკიდებელი ქვეყნის - აფხაზეთის რესპუბლიკის" მოქალაქის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ერთგულების ფიცის დადება არის "აფხაზეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტში" უხეში ჩარევა. გავრცელებული ცნობით, სს საქმეში ასევე დევს 2024 წელს ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული განცხადება, სადაც ბჟინავა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგია.

ბჟინავას შემთხვევა აფხაზებისთვის საგანგაშო გახდა მისი დაკავების ადგილის გამო. ის ტაგანროგის №2 საგამოძიებო იზოლატორშია, რომელსაც უფლებადამცველები "ჯოჯოხეთის ფილიალს" უწოდებენ. ეს დაწესებულება სამხედრო დამნაშავეებისთვისაა განკუთვნილი და ცნობილია წამების ფაქტებით. ბოლო წლებში იქ, ძირითადად, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ათავსებენ. აფხაზი აქტივისტის ამავე სივრცეში მოხვედრამ აფხაზები აღაშფოთა. ატეხილი ხმაურის საპასუხოდ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სიტუაციას "აკონტროლებენ", თუმცა დასძინა, რომ რადგან ბჟინავა რუსეთის მოქალაქეცაა და რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობდა, გამოძიება რუსეთის კომპეტენციაა. მან ისიც დაამატა, რომ "ომის პირობებში" მიდგომები შესაძლოა უფრო მკაცრი იყოს. ბევრმა აფხაზმა ეს განცხადება "საკუთარი მოქალაქის მოსკოვისთვის ჩაბარებად" აღიქვა.

კრემლმა სს საქმე კიდევ 10 აფხაზზე აღძრა. 11 თებერვალს 7 მათგანს სოჭის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მათ შორის ერთი მოქმედი "დეპუტატი" და ოპოზიციის ლიდერი კან კვარჩიაა, რომელსაც რუსეთი უკვე წელიწადია დევნის. რუსული მხარე მათ გადაცემას მოითხოვს. მათ ბრალად ედებათ გასული წლის 5 ნოემბერს რუსი პოლიტტექნოლოგების ოფისში შეჭრა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ძარცვა.

"მოსკოვი ცდილობს "გაწმინდოს" პოლიტიკური ველი და სრულად აკონტროლოს აფხაზეთი"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - აშკარაა, რუსეთი ვერაფრით მოერია აფხაზეთს, ვერ გაიტანა თავისი რუსული პროექტები, აპარტ-ოტელები იქნებოდა, "ინვესტიციების შესახებ" კანონი თუ სხვა ბევრი რუსული საკითხი და ჩანს, მოსკოვი დანებებას არ აპირებს. იკვეთება ისიც, რომ უკრაინის ომის შემდეგ, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, რუსეთის მიმართ მსოფლიოში დადებითი დამოკიდებულება არ იქნება, გაგრძელდება სანქციები და რუსეთს მოუწევს სხვა მიმართულებით ხარჯოს თანხები და გაათეთროს ფული. ამ ფონზე მისთვის აფხაზეთი მნიშვნელოვანი იქნება და ამიტომაც ახლა ის ებრძვის ადგილობრივ სამოქალაქო აზროვნებას და აფხაზ პატრიოტებს, რომლებსაც ნამდვილად უნდათ დამოუკიდებლობა. რუსეთს კი არ უნდა, რომ აფხაზებს თავიანთი პოზიციები ჰქონდეთ. შესაბამისად, დაიწყო ბრძოლა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც გამოირჩევიან თამამი განცხადებებითა და საზოგადოებაზე გავლენით.

ჩემი აზრით, მოსკოვი ემზადება მორიგი დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს და ცდილობს "გაწმინდოს" პოლიტიკური ველი, რათა ე.წ. პარლამენტში ჰყავდეს ერთგული აფხაზები. როგორც ვიცით, წინა მოწვევის ე.წ. პარლამენტმა რამდენიმე რუსული პროექტი ჩააგდო. ამიტომ ახლა მოსკოვს სურს სრულად აკონტროლებდეს ამ ინსტიტუტს და სწორედ ამიტომ დევნიან იმ პირებს, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე ან მომავალში მოხვდეს "პარლამენტში". კრემლი ვერ იტანს დამოუკიდებელ პოზიციას აფხაზეთში და ცდილობს ასეთი ადამიანები ან იზოლაციაში მოაქციოს, ან დაადუმოს, რათა ეს გახდეს სხვებისთვის მაგალითი. ვხედავთ კიდეც კონკრეტულ ნაბიჯებს: ბლოგერები რუსულ ციხეში არიან; ჟურნალისტები იზიდა ჭანია, ინალ ხაშიგი და ნიზფა არშბა "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადეს; აქტიურ პოლიტიკოსებს კან კვარჩიას და ლევან მიქაას ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა; რამდენიმე პირზე აღძრულია სს საქმეები. ყველა ეს ფაქტი ერთ სურათს ქმნის - რუსეთი ებრძვის განსხვავებულ აზრს აფხაზეთში. არა მხოლოდ ანტირუსულს, არამედ ნებისმიერ განსხვავებულ პოზიციას. აფხაზეთში ბლოგერები ძალიან გავლენიანი ფიგურები არიან, ხშირად უფრო მეტადაც, ვიდრე ტრადიციული მედია. ისინი ქმნიან საზოგადოებრივ აზრს. ამიტომ ეს დაკავებები საჩვენებელი ხასიათისაა, ეს არის გზავნილი საზოგადოებისთვის: მე ასეთ ცნობილ ადამიანებს ციხეში ვსვამ და თქვენ, რიგითო აფხაზებო, იცოდეთ, უარესი გელითო.

- თემურ აგრბა ხშირად წერდა თურქულ ვექტორზე და აფხაზეთისთვის საქართველოსთან კონფედერაციის იდეაზეც, როგორც რუსეთისგან გათავისუფლების გზაზე. რამდენად შეიძლება ასეთი პოზიციები მოსკოვისთვის საფრთხედ აღიქმებოდეს?

- რამდენი წელია, აფხაზეთში თურქეთის თემა ასე წამოწეული არასდროს ყოფილა. რუსეთს აღიზიანებს თურქეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანში, ყარაბაღის კონტექსტში, თურქეთი გავლენას იკრებს სომხეთთანაც. კრემლი აშკარად ვერ უპირისპირდება ანკარას და პროქსიძალებით ცდილობს შეტევას. ამ შემთხვევაში აფხაზების ხელით და პროპაგანდით თურქული თემისგან შექმნა უარყოფითი კონტექსტი ე.წ. არჩევნებზე და ამიტომ ნებისმიერი პროთურქული ნარატივი მისთვის მიუღებელია. რაც შეეხება კონფედერაციას, ამ იდეას უცნაური ისტორია აქვს. აფხაზები რატომღაც თვლიან, რომ საქართველოსა და რუსეთს აწყობთ კონფედერაცია. მათთვის ეს "საქართველოს იდეაა", ამიტომ ეშინიათ და არ უნდათ. რეალურად ეს მოდელი გულისხმობს, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და შემდეგ დაამყაროს მასთან კონფედერაციული ურთიერთობები. საქართველოში ეს იდეა მიუღებელია, მაგრამ აფხაზეთში მუშაობს ეს ლეგენდა.

- აგრბასგან განსხვავებით, ირაკლი ბჟინავა დააკავეს მხოლოდ აზრის გამოხატვის გამო. როგორ აფასებთ ამ შემთხვევას?

- ბჟინავას საქმე უფრო სერიოზულია რუსეთისთვის. ბჟინავამ პირდაპირ დააყენა საკითხი აფხაზეთის "დამოუკიდებლობაზე" - თქვა, რომ რუსეთმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი და არ უნდა ერეოდეს შიდა საქმეებში. ის კვალიფიციური იურისტია. თქვა, რატომ უნდა არიგებდეს პასპორტებს რუსეთის შს სამინისტრო აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასეთი რამ რომელ დამოუკიდებელ სახელმწიფოში გინახავთო. ეს იყო ძალიან სერიოზული გამოაშკარავება აფხაზეთის "სუვერენიტეტში" რუსეთის ჩარევისა. ამიტომაც ბჟინავას დასჯა უფრო მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის - არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ პრაგმატულიც. ამით კრემლმა აჩვენა, რომ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" არ სჭირდება, მიზანი აფხაზეთის მითვისება, სრული ანექსია და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაა.

სავარაუდოდ, რეპრესიები გაგრძელდება დე ფაქტო არჩევნებამდე. ნებისმიერი აფხაზი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში და არ ეთანხმება კრემლს, ეგზეკუციას ექვემდებარება. აფხაზეთში ვინც ცხოვრობს, მათ ვერ დაემუქრება პატიმრობა, უბრალოდ, საქმეებს აღუძრავენ, მაგრამ ვინც რუსეთშია, ციხეში მოხვდება.

ეკატერინე ბასილაია