რატომ ვირჩევთ სიკვდილს პოპულაციის მართვის ნაცვლად?
2026 წლის საქართველო პარადოქსული რეალობის წინაშე აღმოჩნდა: მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო ეთიკურ პროგრესსა და გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას უალტერნატივო პრიორიტეტად აცხადებს, ჩვენთან, კანონის სახელით, მათ წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. მიუსაფარი ცხოველების სისტემურმა და უპრეცედენტო გაქრობამ საზოგადოების მძლავრი პროტესტი და მიმკედლებელთა ნამდვილი ამბოხი გამოიწვია. ამ მორალურ ბრძოლაში გარდამტეხი მომენტი სურსათის ეროვნული სააგენტოს იძულებითი უკანდახევა გახდა. საზოგადოებრივი წნეხის შედეგად, სააგენტომ შეაჩერა ის სადავო რეგულაციები, რომლებიც ცხოველების მასობრივ ევთანაზიასა და ქუჩებიდან მათ ფიზიკურ გაქრობას უხსნიდა გზას. უკვე გამოჩნდა ამ პროტესტის პირველი შედეგები: ქუთაისის თავშესაფრიდან ზუგდიდში, აბაშასა და ვანში იმ ცხოველების დაბრუნება დაიწყო, რომელთა ბედიც აქამდე ბუნდოვანი იყო. თუმცა, ეს გამარჯვება ზღვაში წვეთია. მუნიციპალურ თავშესაფრებში დაფიქსირებული უმძიმესი ფაქტები: ანტისანიტარია და ვოლიერებში სულთმობრძავი ცხოველები აჩენს კითხვებს, რომლებიც ბევრად სცილდება ცხოველთა დაცვის ჩარჩოებს. რა იმალება ამ სისტემური კრიზისის მიღმა? არის ეს მხოლოდ მორიგი უფლებრივი დარღვევა, თუ რაღაც ბევრად უფრო საშიში: სახელმწიფოებრივი ჰუმანიზმის დეგრადაცია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უქმნის საფრთხეს?
დღეს, როცა სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ, გამჭვირვალე სამოქმედო გეგმაზე გადადის და მიმკედლებლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, მთავარი გამოწვევა კვლავ ძალაში რჩება: როგორ ვაქციოთ ეს იძულებითი უკანდახევა მდგრად, ეთიკურ სახელმწიფო პოლიტიკად, სადაც „ხმის არმქონეთა“ ბედი აღარასოდეს გახდება ბიუროკრატიული გულგრილობის მსხვერპლი.
მითები და რეალობა
ხელისუფლება, როგორც უმეტეს შემთხვევაში, რადიკალურ ზომებს ამჯერადაც "საზოგადოებრივი უსაფრთხოებითა და დაავადებების პრევენციით" ამართლებს. თუმცა, პროფესიული და ლოგიკური ანალიზი სხვა რამეს აჩვენებს:
ცოფის მითი: ოფიციალური სტატისტიკით, ცოფის უიშვიათესი შემთხვევები (რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია) ფიქსირდება ძირითადად პატრონიან, ე.წ. მონადირე ძაღლებში - პატრონების უპასუხისმგებლობის გამო. ამ დროს, მიმკედლებელთა ორგანიზებით ვაქცინირებული მიუსაფარი ძაღლები, პირიქით, ბუნებრივ ბარიერს ქმნიან დაავადების გავრცელებისთვის.
ექინოკოკი: ამ დაავადებაში მიუსაფარი ძაღლების დადანაშაულება პროფესიული უხერხულობაა. ინფექციის ძირითადი წყარო დაბინძურებული საკვები და თერმულად დაუმუშავებელი ბოსტნეულია. დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არათუ სახლში, საერთოდ არ ჰყავს ძაღლი. ამ შემთხვევაში, გამოსავალი არა ცხოველებთან ბრძოლა, არამედ კვების ობიექტების მიმართ სურსათის უვნებლობის კონტროლის გამკაცრებაა.
დაკბენის შემთხვევები: მართალია, მსგავსი შედარებები მძიმეა, თუმცა სტატისტიკა დაუნდობელია: ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვთან შედარებით, ცხოველებისგან მიყენებული ზიანის მაჩვენებელი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ არ კონტროლდება საგზაო მოძრაობა განსაკუთრებული სიმკაცრით? რატომ არ ვკრძალავთ ავტომობილებს, რომლებიც ყოველდღიურად სიკვდილის მიზეზი ხდებიან?
თუ სახელმწიფო რეალურად საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, რატომ არ არსებობს ქალაქებში ელემენტარული ტროტუარები? რატომ ნადგურდება რეკრეაციული ზონები ინტენსიური მშენებლობების სასარგებლოდ და რატომ მძიმდება მიზანმიმართულად ადამიანისთვის სასიცოცხლო გარემო? როდესაც საფრთხე რეალურია (გზებზე, ჰაერში, საკვებში), სახელმწიფო დუმს, ხოლო როდესაც საქმე დაუცველ ცხოველებს ეხება, "ეფექტურობის" პიკზეა.
მართვა თუ კორუფცია?
სახელმწიფო პოპულაციის მართვისთვის 35 მილიონ ლარს გაიღებს. როგორც ამბობენ, უნდა აშენდეს ინფრასტრუქტურა და თავშესაფრები, რომლებიც დღეს, რეალურად, არ არსებობს. თუმცა, სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომელთაც ახალი კანონის აღსრულება ევალებათ, თავშესაფრების უქონლობა ხელს არ უშლით, გარემოდან მასობრივად "მოხვეტონ" ძაღლები, არ გიპასუხონ, სად და რატომ მიჰყავთ ან წაყვანა სტერილიზაცია-ვაქცინაციის მიზნით ახსნან და ამის შემდეგ ძაღლები საერთოდ გააქრონ. სად? ამ კითხვაზე პასუხი, ძირითადად არ არსებობს. ძაღლებს არ აბრუნებენ გარემოში, სადაც ადამიანის უპასუხისმგებლობის გამო აღმოჩნდნენ და მიმკედლებელთა დაუღალავი შრომით გადარჩნენ. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი: ძაღლებს კლავენ, რადგან სიკვდილი უფრო იაფია, ვიდრე მართვა და სახელმწიფო პრობლემას, პირდაპირი გაგებით, უბრალოდ ჭრის.
ზოგადად, არსებობს კორუფციული სქემა: სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და კვების ხარჯები ქაღალდზე იწერება, რეალურად კი ცხოველებს ფიზიკურად ანადგურებენ თანხების დასაზოგად. ეს სქემა საქართველოში არ მოუგონიათ, მაგრამ ქართველ ცხოველთა დამცველებს ახსოვთ მთელი რიგი სამსახურები, რომლებიც წლების წინ ზუსტად ასე, "საზოგადოებრივი უსაფრთხოების" სახელით, ცხოველების მიმართ მგლური კანონებითა და კორუფციული გარიგებებით მოქმედებდნენ. მიმდინარე პროცესები გვაიძულებს ვიფიქროთ, ამჯერადაც ძაღლებს ებრძვის კორუფცია მართვის სახელით?
წმენდა ინვესტორების დაკვეთით?
შეიძლება თუ არა, მიუსაფარი ძაღლების წინააღმდეგ დაწყებული სასტიკი კამპანია პირდაპირ უკავშირდებოდეს მსხვილი ინვესტორების ვიზუალურ კომფორტს? ცხოველთა დამცველები არ გამორიცხავენ, რომ ძაღლების გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი იყოს შემდეგი: ბიზნესჯგუფებისთვის, რომლებიც მილიონობით დოლარის ინვესტიციას დებენ ძვირად ღირებულ სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ ტურისტულ ობიექტებში, ქუჩის ძაღლები მხოლოდ რისკად და ანტისანიტარიად აღიქმება. მათთვის ძაღლი არის ობიექტი, რომელიც აფუჭებს„"ევროპული ქალაქის" იმიჯს და აფრთხობს კლიენტს. შედეგად, სახელმწიფო, ნაცვლად იმისა, რომ ინვესტორს პრობლემის ცივილიზებული მოგვარება (სტერილიზაცია, ვაქცინაცია, მოვლა) შესთავაზოს, ირჩევს უმოკლეს და ყველაზე ბნელ გზას: ქუჩების ფიზიკურ გასუფთავებას ცოცხალი არსებებისგან. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, ათასობით ძაღლის სიცოცხლე უბრალოდ "ბიზნეს-გარიგების" ნაწილი გახდა. პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს თვალსაწიერი რომ არ გაუფუჭდეთ, მათ კომფორტს დაუცველი ცხოველების სიცოცხლეს სწირავენ.
გამოსავალი
ჩვენ არ გვჭირდება ახალი ბორბლის გამოგონება. საჭიროა მხოლოდ ნება და გამჭვირვალობა:
1. გამრავლების მკაცრი კონტროლი: ლიცენზირება გამრავლებაზე და მაღალი ჯარიმები თვითნებურ გამრავლებაზე. სანამ ახალი ნაკადების შედინება ქუჩაში არ შეწყდება, პრობლემა არ მოგვარდება.
2. სტიმულირების პაკეტი: სახელმწიფო სერვისების (უფასო სტერილიზაცია, ვაქცინაცია, ჩიპირება) შეთავაზება მათთვის, ვინც ცხოველს ქუჩიდან აიყვანს.
3. საგანმანათლებლო პროგრამები: მინიმუმ 2-წლიანი სასკოლო კურსი ცხოველთა უფლებებსა და უსაფრთხო თანაარსებობაზე. ცნობიერების შეცვლა "რბილი ძალაა", რომელიც რეპრესიულ კანონზე ეფექტურია. რეგიონებში მოსახლეობასთან კარდაკარ კომუნიკაცია.
4. მიმკედლებლის ინსტიტუტის გაძლიერება: მიმკედლებლები არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში სახელმწიფოს საქმეს აკეთებდნენ. მათ უნდა მიეცეთ მონიტორინგის უფლება და სახელმწიფო მხარდაჭერა ვაქცინაციაში.
5. გამჭვირვალე მონიტორინგი: აღსრულების ჯგუფებში სამოქალაქო სექტორისა და ემპათიის მქონე პროფესიონალების (მიმკედლებლების) ჩართვა. კორუფციის პრევენციისთვის აუცილებელია საჯარო რეესტრი, სადაც თითოეული ძაღლის სტატუსი იქნება აღრიცხული.
რატომ არ ჩანან ძაღლები ევროპის ქალაქებში?
ხშირად მოჰყავთ ევროპის მაგალითი, სადაც ქუჩებში ძაღლები არ ჩანან. თუმცა, ავიწყდებათ მთავარი: დასავლურმა სამყარომ შედეგს არა ცხოველების ჟლეტით, არამედ გამრავლების მკაცრი კონტროლითა და პატრონის პასუხისმგებლობის გაზრდით მიაღწია. ხოლო იქ, სადაც პოპულაცია მაღალი იყო, გამოიყენეს VNR (დაიჭირე-გაასტერილე-დააბრუნე) მოდელი. ეს არის ერთადერთი მეცნიერულად დასაბუთებული გზა: ვაქცინირებული და სტერილიზებული ცხოველი ქმნის ბუნებრივ ბარიერს დაავადებებისა და ახალი ნაკადების წინააღმდეგ. ძაღლების დახოცვა კი მხოლოდ დროებითი "ილუზიაა", რომელიც მალე უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიურ სურათს და ახალ, უკონტროლო პოპულაციას მოგვიტანს.
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში (გერმანია, ნიდერლანდები, სკანდინავია) ქუჩაში ძაღლების არყოფნა განპირობებულია არა მხოლოდ თავშესაფრებით, არამედ პრევენციის მკაცრი მექანიზმებით:
•გამრავლების კონტროლი: იქ ჩვეულებრივ მოქალაქეს არ აქვს უფლება, თავის ძაღლს ლეკვები გააჩენინოს და მერე "გააჩუქოს" ან ქუჩაში დატოვოს. ისჯება უზარმაზარი ჯარიმით.
პასუხისმგებლობა: ყველა ძაღლი ჩიპირებულია. თუ ძაღლი ქუჩაში აღმოჩნდება, პატრონს მომენტალურად პოულობენ და ისეთ სანქციას აკისრებენ, რომ მეორედ მსგავსი რამ აზრად არავის მოუვა.
მაღალი გადასახადები: არასტერილიზებული ძაღლის ყოლა ბევრგან უფრო ძვირია, რაც ადამიანებს სტერილიზაციისკენ უბიძგებს.
ნიდერლანდები არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ქუჩის ძაღლები საერთოდ აღარ არსებობენ და მათ ეს მოახერხეს ერთი ძაღლის მოკვლის გარეშე, მხოლოდ სტერილიზაციის, კანონმდებლობისა და გადასახადების გზით. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება "სიკვდილის მანქანა", ჩვენ გვჭირდება ევროპული პასუხისმგებლობა.