კრიტიკული მდგომარეობა:"მქონია შემთხვევა, როდესაც 35 წუთის განმავლობაში გაჩერებული გული ამიმუშავებია" - რას ჰყვება სასწრაფო დახმარების ექიმი - კვირის პალიტრა

კრიტიკული მდგომარეობა:"მქონია შემთხვევა, როდესაც 35 წუთის განმავლობაში გაჩერებული გული ამიმუშავებია" - რას ჰყვება სასწრაფო დახმარების ექიმი

ადამიანი ყოვლისშემძლეა: შეუძლია დაიპყროს სამყარო, შეაკავოს მდინარეები, აშენოს ან დაანგრიოს გიგანტური ქალაქები, თუმცა საკმარისია მის მკერდში შეჩერდეს პატარა და მუდმივმფეთქავი გული, რომ მისი ყველა შესაძლებლობა გაცამტვერდება. ეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოხდეს, სადმე ქუჩაში, უცნობი ხალხის თანდასწრებით, ან უკაცრიელ ველზე, სადაც არავინ არის. რას ნიშნავს გულის გაჩერება? სამედიცინო ენაზე ეს გულის ფუნქციების, სუნთქვისა და ცნობიერების შეწყვეტაა, როდესაც გულის ფეთქვა ჩერდება; ეს ნიშნავს სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე გავლას, სადაც ვინმე დროულად თუ არ გამოჩნდა გაჩერებული გულის ასამუშავებლად, ყველაფერი მთავრდება. სასწრაფო დახმარების ექიმმა ირაკლი ხეჩიკაშვილმაც რამდენჯერმე მოისმინა გაჩერებული და თავისივე ხელით ამუშავებული გულის ფეთქვა.

- მართალია, გულის ამუშავება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ გულისცემის განახლებას უმთავრესად მაინც დროულად გამოჩენილი მაშველი ეხმარება. სასწრაფო დახმარების მიზნით შესული შეტყობინებები ე.წ. ლოზუნგის სახელით არის ცნობილი, ლოზუნგი კი შესაძლოა მრავალნაირი იყოს. მათგან კრიტიკულად საყურადღებო რამდენიმეა: ავტოკატასტროფები, გულმკერდის არეში ტკივილი, სიმაღლიდან ვარდნა და ა.შ. ლოზუნგი "უგონო"…კრიტიკულია. ეს ნიშნავს, რომ ასეთ დროს შესაძლებელია დროებით გადავადდეს ნაკლებკრიტიკული ლოზუნგები, მაგალითად, ცხელება და ექიმი დაუყოვნებლივ გაემართოს უგონოდ მყოფი პაციენტისაკენ.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟისთვის ჩვეულებრივი შემთხვევაა, როდესაც გამოძახებაზე მივდივართ და გვეუბნებიან, სხვა ადგილმდებარეობაზე უგონოდ მყოფი ადამიანია, მიბრუნდით და დაეხმარეთო. რასაკვირველია, დაუყოვნებლივ მივდივართ, წამებია გადამწყვეტი. ხდება ხოლმე, რომ მაქსიმალური სისწრაფით, 3-4 წუთში მივდივართ პაციენტთან, ნაკლებკრიტიკულ ლოზუნგზე კი სხვა ეკიპაჟი მიდის. არსებობს მაქსიმალური დრო, როდესაც გაჩერებული გულის ამუშავება შესაძლებელია. ჩვენთან გაიდლაინით ეს დრო გულის გაჩერებიდან 45 წუთია. მქონია შემთხვევა, როდესაც 35 წუთის განმავლობაში გაჩერებული გული ამიმუშავებია.

ცუდი ის არის, რომ გულის გაჩერებიდან ცნობიერების აღდგენამდე ადამიანს აღარაფერი ახსოვს, ცნობიერება კი შესაძლოა გულის ამუშავებიდან რამდენიმე დღეც ვერ აღდგეს. გულის გაჩერებით ადამიანი კომაში ცხრა დღეც დარჩენილა. ყველაფერი თავის რიტმს უბრუნდება, როდესაც ადამიანი მკურნალობას იწყებს.

- ადვილი წარმოსადგენია, რას განიცდიან გულგაჩერებული ადამიანის ახლობლები, რომლებიც გვერდით არიან.

- როდესაც გული ჩერდება, ციანოზი­ იწყება, რაც კიდევ მეტად იწვევს მძიმე ემოციურ ფონს. პარალელურია ის უსაზღვრო ემოციაც, რაც გაჩერებული გულის ამუშავების შემდეგ პაციენტის ახლობლებს აქვთ, ჩახუტებიდან მადლიერების ცრემლის ჩათვლით. თუკი ბავშვია პაციენტი, ემოციები ასმაგდება პანიკით და სასოწარკვეთით დაწყებული, სიხარულის გამოხატვით დამთავრებული. როდესაც მშობელი ხედავს, რომ შვილის გული ამუშავდა, ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა იყოს.

- ე.ი. მოულოდნელად გული ბავშვებსაც უჩერდებათ?

- დიახ, სამწუხაროდ, ან თანდაყოლილი დაავადებების, ან სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, უმთავრესად რაიმე საკვების გადაცდენის დროს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვის ერთხელ ამუშავებული გული მეორედაც გაჩერებულა და ექიმებმა იმდენი იბრძოლეს, რომ მაინც დაუბრუნეს სიცოცხლე. მაგალითად, თვეების წინ სოფელ კოდაში 3 წლის პატარას ჟელატინი გადასცდა, რის შემდეგაც გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ექიმმა ბავშვს გული რომ აუმუშავა და სასწრაფოთი გადაყვანა დაიწყო, პატარას გული ისევ გაუჩერდა და ექიმებმა ისევ თავგანწირულად იბრძოლეს ამ პატარა გულის ასამუშავებლად. ახლახანაც იყო შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს ექიმები 30 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ბავშვის გადარჩენას. გამოძახებაზე 4 წუთში მივიდნენ, როდესაც ბავშვს სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ ჰქონდა. ვენაში კათეტერის ჩადგმაც კი ვერ ხერხდებოდა, მაგრამ ექიმებმა ძვალში ჩაუდგეს და ნახევარი საათი ცდილობდნენ პატარის გადარჩენას. 30-წუთიანი ბრძოლის შემდეგ გული ამუშავდა. ეს უდიდესი ბედნიერებაა ექიმისთვისაც.

საზოგადოება უკვე ცდილობს ისწავლოს­ პირველი დახმარების წესები გულის გაჩერების დროს. ამ პროცესს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჰქვია. ის, რომ ამ დროს გულმკერდს წუთში დაახლოებით 100-ჯერ უნდა დააწვე ძლიერად, უკვე ბევრმა იცის, თუმცა ვინც არ იცის, ისიც ცდილობს, ამ დროს გულის უბრალო მასაჟები გააკეთოს, რაც გაჩერებულ გულს და ექიმს ძალიან ეხმარება. თავად მქონია შემთხვევა, როდესაც გამოძახებაზე 3 წუთში მივედით, თუმცა, ალბათ, მაინც გაჭირდებოდა პაციენტის გულის ამუშავება, მისთვის დახმარება გამვლელს რომ არ გაეწია. უგონო ადამიანი სადარბაზოს წინ იწვა, სადაც გამვლელი უტარებდა პირველ დახმარებას. ის რომ არა, ალბათ, გაგვიჭირდებოდა ამ გულის ამუშავება. სხვათა შორის, ვკითხე, ექიმი ხომ არა ხარ-მეთქი და მითხრა, არაო.

- თავად თუ ყოფილხართ მოწმე, როდესაც ადამიანს თქვენ წინ გული მოულოდნელად გაუჩერდა?

- არც ისე დიდი ხნის წინ ბაგებში გამოძახება გვქონდა. ჩვენ წინ მიმავალმა ტაქსის მძღოლმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა, ბორდიურზე ავარდა და გაჩერდა. სასწრაფოდ ბორდიურთან გაჭედილ ტაქსის მივაშურეთ. მძღოლი უგონოდ იყო. კარი ვერაფრით გავაღეთ, ამიტომ წინა მეორე კარი გამოვაღე, პაციენტი გადმოვაწვინე და გულის რეანიმაცია დავიწყე. პარალელურად უმცროსმა ექიმმა დეფიბრილატორი მოიტანა, სადაც მონიტორზე ცნობიერების დაკარგვის მიზეზი, პარკუჭოვანი ფიბრილაცია გამოჩნდა. ის კაცი საკმაოდ მძიმე წონის იყო და ესეც გვიშლიდა ხელს. ამასობაში მეორე ეკიპაჟიც გამოვიძახეთ, ავტომანქანა ბორდიურიდან გადმოვაგორეთ და ისე განვაგრძეთ რეამინაცია, წამითაც არ შეგვიწყვეტია. მე ის კაცი კლინიკაშიც მოვიკითხე და როცა გავიგე, რომ კარგად იყო, დავმშვიდდი.

ჩვენ, ექიმებს, აუცილებლად გვასწავლიან, რომ პაციენტი უნდა გვიყვარდეს. თუ ასე არ არის, დარწმუნებული ვარ, ექიმობას ვერავინ შეძლებს. მინდა პაციენტებიც იყვნენ ამაში დარწმუნებული.