წინარეხის ეს უძველესი აფთიაქი შველას ითხოვს - კვირის პალიტრა

წინარეხის ეს უძველესი აფთიაქი შველას ითხოვს

ქართული ფარმაციის ისტორია მედეას დროიდან იწყება. ამბობენ, რომ მედეას მცენარეთა ენა ესმოდა, მის ხელში უბრალო ფოთოლი უებარ წამლად იქცეოდა, ხოლო ტკივილი - დროებით სტუმრად. საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა და თანდათან გაჩნდა უძველესი აფთიაქები, რომლებსაც ქვის ქალაქებთან ერთად აშენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი აფთიაქი მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსის ნაწილია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხთან ახლოს მდებარეობს. XIV საუკუნიდან ეს მხარე გავლენიანი აზნაურების, მაღალაძეების მფლობელობაში ყოფილა, აქედან მომდინარეობს კომპლექსისა და მაღალაანთ აფთიაქის სახელწოდებაც. ამ ძველთაძველი აფთიაქის წარმომავლობაზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ბარნაბიშვილი:

- წინარეხიდან ქვათახევისკენ მიმავალ გზაზე პაპუა მაღალაძის კოშკი მოჩანს. სწორედ ამ კოშკთან არსებულ ერთ-ერთ ვიწრო ბილიკს მივყავართ ძველი აფთიაქის ნაშთებთან. წინარეხის აფთიაქი საქართველოში შემორჩენილთაგან ერთ-ერთი უძველესია. ადგილობრივები მას მაღალაანთ აფთიაქსაც უწოდებენ. აფთიაქის ნაშთების აღმოჩენა სახელოვანი მეცნიერის და წამალთმცოდნის, სოკრატ სალუქვაძის სახელთან არის დაკავშირებული.

- თქვენ როდის ნახეთ პირველად?

- პირველად 2000-იანი წლების დამდეგს. იმხანად სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სკოლაში ვსწავლობდი, წლის თბილ პერიოდში, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, ხელოვნების ისტორიის გაკვეთილი ქალაქგარეთ გვიტარდებოდა. ფირიანი ფოტოაპარატით არაერთი ფოტო გადავუღე ამ შთამბეჭდავ ძეგლს. 2023 წელს წინარეხის კომპლექსი ხელმეორედ დავათვალიერე. ისევ გადავიღე ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელში ავტვირთე. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გამოგიტყდებით და, არ ველოდი. ასე დავიწყე ძეგლის კვლევა, ბევრს ვკითხულობდი და ჩემს ხელთ არსებულ ფოტოებს თუ საარქივო წყაროებს წიგნებში ნაპოვნ სურათებს ვადარებდი.

მკვლევართა ვარაუდით, წინარეხის აფთიაქს 500-მდე თახჩა უნდა ჰქონოდა, თუმცა დღეს ნაწილი ჩამოშლილია. წინარეხის აფთიაქი თლილი ქვითაა ნაგები. მისი კედლები, გარდა აღმოსავლეთისა, სიგრილის შესანარჩუნებლად მიწაშია მოქცეული. მკვლევართა ნაწილი დღემდე იმ მოსაზრებას ემხრობა, რომ ეს ნაგებობა არა აფთიაქი, არამედ სამტრედე უნდა ყოფილიყო, თუმცა თახჩების ზომიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, სამტრედე ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოები აღმოაჩინეს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს წინარეხში აფთიაქის არსებობას.

ამავე მოსაზრებას ემხრობოდა მეოცე საუკუნის ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე, ხოლო სოკრატ სალუქვაძე 1981 წელს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერდა: ვარძიაში არსებული აფთიაქის მსგავსი, ნახევარსარდაფის ტიპის საწყობი-აფთიაქიო. ამავე სტატიაში მეცნიერი ასახელებს ყველა იმ ნივთს, რომელიც წინარეხში აღმოაჩინეს. ესენია: "სამედიცინო დანიშნულების მეტალის მაშა, პინცეტი ანუ ძველქართულად ბორწკალი, ბრინჯაოს ყალიბი, რომელიც 20 გრამამდე სითხეს იტევდა". სოკრატ სალუქვაძის ამ ცნობებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მეოცე საუკუნეში მაღალაანთ კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაგებობა ნამდვილად აფთიაქი იქნებოდა.

nino-b-1775414266.jpg

- რომელი საუკუნით თარიღდება წინარეხის აფთიაქი?

- დადგენილია, რომ მაღალაანთ ეკლესია XII საუკუნეშია აგებული. აფთიაქიც იქვეა - პაპუა მაღალაძის კოშკის დასავლეთით, 300 მეტრის დაშორებით. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატ სალუქვაძე აფთიაქს XV საუკუნით ათარიღებდა, თუმცა ჩემ მიერ მოძიებულ წერილობით წყაროებში სხვადასხვა ავტორი ძეგლს სხვადასხვაგვარად ათარიღებს.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი საამაყო მეცნიერები ამ ნაგებობის ნაშთებზე საუბრობდნენ, ის უკვე ძლიერ იყო დაზიანებული. ცხადია, დროთა განმავლობაში ძეგლი დაძველდა და უფრო დაზიანდა. დღესდღეობით ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია - ჩამონგრეულია თახჩების ნაწილი, ხოლო აფთიაქის შემორჩენილ ნაწილებს ხის ფესვები აზიანებს. თუნდაც ამის გამო აუცილებელია ამ ადგილის საფუძვლიანი შესწავლა. წინარეხის აფთიაქზე საუბარს სოკრატ სალუქვაძის სიტყვებით დავასრულებ: "წინარეხის აფთიაქი "საქართველოს ფარმაციის ისტორიისათვის და წამალთმცოდნეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი ნაგებობა გახლავთ, რომელიც გულდასმით შესწავლას მოითხოვს".

- საინტერესოა, კიდევ სად არის აღმოჩენილი მსგავსი აფთიაქები?

- გარდა წინარეხისა, აფთიაქთა ნაშთები აღმოჩენილია უფლისციხეში, ვარძიაში, ნიჩბისში... მეცნიერთა ვარაუდით, ვარძიის აფთიაქის თახჩები და უფლისციხეში აღმოჩენილი თახჩებიანი ნაგებობა აშკარად იდენტურია, მათი კონსტრუქციაც ერთნაირია, მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ ვარძიაში თახჩები კლდეშია გამოკვეთილი, ხოლო უფლისციხეში ქვა-ფიქლითაა ერთმანეთზე დაშენებული. რადგან შუა საუკუნეებში მაცივრის ტიპის დანადგარები არ არსებობდა, ამისათვის იყო აგებული ქვის თახჩები და ჩვენი წინაპრები ასეთ გრილ, თერმოლაბილურ პირობებში ინახავდნენ სააფთიაქო ინგრედიენტებსა და კომპონენტებს, რომელთა შერევისა და შეზავების შედეგად სხვადასხვა წამალს ამზადებდნენ. თახჩებიანი აფთიაქის ნაშთები შემორჩენილია ნიჩბისშიც - ციციშვილების ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე, გალავნის დასავლეთ ნაწილში, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობის სიახლოვეს. თითოეული ეს ძეგლი უძველესია და მიხედვას საჭიროებს, მათ შორისაა მაღალაანთ აფთიაქი - საქართველოს ფარმაციის ისტორიის გამორჩეული ძეგლი, რომელიც განადგურების პირასაა! მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ქართველ საზოგადოებას, რომ ამ უძველეს აფთიაქს ჩვენი დახმარება სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე