“ყოველ დიდ შესვენებაზე გვიმასპინძლდებოდა გემრიელი ფუნთუშებით, რომლებიც დერეფანში მაგიდაზე გვხვდებოდა“ - “წიგნის სავანე“ და დაუვიწყარი მოგონებები პატრიარქზე - კვირის პალიტრა

“ყოველ დიდ შესვენებაზე გვიმასპინძლდებოდა გემრიელი ფუნთუშებით, რომლებიც დერეფანში მაგიდაზე გვხვდებოდა“ - “წიგნის სავანე“ და დაუვიწყარი მოგონებები პატრიარქზე

საიტისთვის

მას ბედნიერება ხვდა წილად, რომ ილია II შეხვედროდა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს. მერე ეს ურთიერთობა გაგრძელდა იმიტომ, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომელი გახდა. ინგა ნანიტაშვილი პატრიარქთან დაკავშირებულ არაერთ ამბავს იხსენებს.

- საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე 2000 წელს. ყოველ დილით უწმინდესი მოდიოდა ჩვენთან და სწავლის დაწყების წინ ერთად ვლოცულობდით. მერე ყველას სათითაოდ გამოჰკითხავდა, რამე ხომ არ აწუხებდა, ან რა გასაჭირი ჰქონდა. მოუსმენდა ყველას და მამა-შვილურ დარიგებებს აძლევდა, ეხმარებოდა. უყვარდა ხალხური მედიცინა და გვაცნობდა რეცეპტებს. გვიხსნიდა, რომელი მცენარე რისთვის გამოიყენებოდა. ბოლოს ყველას დაგვლოცავდა. გვაძლევდა თემებს, რომლებიც უნდა დაგვეწერა. მეორე დილით წააკითხებდა სტუდენტებს და მთელი გულისყურით უსმენდა

ყოველ დიდ შესვენებაზე გვიმასპინძლდებოდა გემრიელი ფუნთუშებით, რომლებიც დერეფანში მაგიდაზე გვხვდებოდა. კედლის გაზეთების შედგენას გვავალებდა და როცა გამოვაკრავდით, ყოველთვის ათვალიერებდა. დააწესა, რომ ყველა ჯგუფს უნდა ჰყოლოდა თავისი მფარველი წმინდანი. ჩვენი ჯგუფის მფარველი ანგელოზი კირიონ II იყო და სწორედ ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა მასზე სტატია კედლის გაზეთისთვის, ასე დაემთხვა. დიპლომები დავიცავით საპატრიარქოში პატრიარქის თანდასწრებით. გვისმენდა ყურადღებით, მერე კითხვებს გვისვამდა, ძალიან უხაროდა თითოეული სტუდენტის წარმატება. ჩვენ გვაქვს დიპლომები პატრიარქის ხელმოწერით, ის იყო რექტორი.

1-1775414579.jpg

ფოტო: პატრიარქი სტუდენტებთან ერთად

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, პატრიარქის ქადაგებების ჩანაწერებს ვამუშავებდი არქივისთვის - ტექსტი კომპიუტერში გადამქონდა. პატრიარქი იყო თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი მის ასეთ უბრალოებას, მასთან ურთიერთობისას ისეთი შეგრძნება გქონდა, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია. როგორც კი დავინახავდით საპატრიარქოს ეზოში ჩამოსულ უწმინდესს, მაშინვე გავიქცეოდით და დალოცვას ვთხოვდით. თავზე ხელს რომ დაგვადებდა, საოცარ მადლს ვგრძნობდით, ძალას, ენერგიას და რაც მთავარია - დიდ იმედს.

მერე ბიბლიოთეკა გადავიდა ტელევიზია „ერთსულოვნების“ შენობაში, მეც, რა თქმა უნდა, აქეთ გადმოვედი. ოღონდ არქივს აღარ ვაკეთებ, კატალოგები და ფონდი მაბარია. სანამ გადმოვიდოდით, უწმინდესი ხშირად მოდიოდა ტელევიზიის შენობაში იმ ოთახების დასათვალიერებლად, რომლებიც ბიბლიოთეკისთვის იყო განკუთვნილი. მოვიდა დრო და ახალ ადგილზე გადმოსასვლელად ორი კვირა მოგვცა, რაც შეუძლებელი გვეგონა. 80 000 წიგნის გადატანას როგორ მოვასწრებდით?.. პატრიარქს უთქვამს - შეძლებთო. მართლაც, ერთი კვირა მოვანდომეთ წიგნების შეკვრას, მათ გადმოსატანად კი ერთ კვირაზე ნაკლები დრო დაგვჭირდა.

მერე მობრძანდა ბიბლიოთეკის გახსნაზე, სიყვარულით ათვალიერებდა წიგნებს, კატალოგებს, კარადებს, გამოფენაც მოვაწყეთ. ყველაფერი მოეწონა და უხაროდა. ბიბლიოთეკაში რაც წიგნებია პატრიარქების ავტოგრაფებით, სამახსოვრო წარწერებით, ზოგან პატარა ისტორიებია მიწერილი - უწმინდესის შეგროვებული და შენახულია. დედა მართა ნაჭყებიამ (ბიბლიოთეკის დირექტორია) უწმინდესს წასვლის წინ ლამაზი თაიგული მიართვა და მაშინ გაახსენდათ: უი, ჩვენც ხომ მოვუტანეთ დედაოს ყვავილებიო და თეთრი გლადიოლუსები გადასცეს. დედა მართას გლადიოლუსები არ ჰყვარებია, მაგრამ იმ დღეს ისე ჩაიხუტა, რომ მას მერე შეუყვარდა.

პატრიარქი ხშირად მოგვინახულებდა ხოლმე და ყოველთვის გვიმეორებდა - „როგორ დავუბრუნოთ ბავშვი წიგნს?“, გვთხოვდა, ამაზე გვეფიქრა და გზები მოგვეძებნა. ყველა პრობლემა, რაც ბავშვებს უკავშირდებოდა, ცდილობდა მოეგვარებინა. ყოველ მოსვლაზე თანხას გვჩუქნიდა თანამშრომლებს, არავინ გამორჩებოდა. ახალი წლის საჩუქრებზე აღარაფერს ვამბობ. როცა კაფე გაიხსნა ბიბლიოთეკასთან, გამოაცხადა, რომ სტუდენტებს ფული არ გამოართვათო.

ერთხელ ბიბლიოთეკაში რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გვქონდა და ყველანი ერთად დაგვიბარა. მოგვიყვა რაღაც ამბები, კონფლიქტზე სიტყვა არ დაუძრავს. ბოლოს ჩაით გაგვიმასპინძლდა. ჩინური ფაიფურის ჭიქები ძალიან მოგვეწონა და დედა ბარბარეს დაუძახა: ეს ჭიქები გაატანე, ჩაი იქაც ამით დალიონო. დედა ბარბარემ რაღაც ყუთი გამოიტანა. რა ყუთიაო? ჰკითხა. -თქვენი ფეხსაცმლისააო. და უწმინდესი ეუბნება: -კაცო, ფეხსაცმელი არ გააყოლოო. საოცარი იუმორი ჰქონდა. მერე ზამთრის ბაღი გვაჩვენა, სადაც ჩიტები ჰყავდა. ერთ პატარა გალიაში ამადინები ისხდნენ და დედა მართას უთხრა: წაიყვანე ბიბლიოთეკაში, მკითხველები გაერთობიანო. ასე, საჩუქრებით გამოგვიშვა. იქიდან ისეთი მხიარულები წამოვედით, კონფლიქტი აღარავის ახსოვდა და იმის მერე ერთ მუშტად ვართ შეკრული. დედა მართა ხომ ნამდვილ დედასავით გვყავს, არაფერს გაგვიჭირვებს.

3-1775414602.jpg

ფოტო: ბიბლიოთეკის თანამშრომლები საპატრიარქოში

დედა მართას კურთხევა ჰქონდა, რომ ღამე ბიბლიოთეკაში ყოფილიყო, წიგნები არ მიატოვოო, უთხრა და ამიტომ აქ ცხოვრობს. უწმინდესს შეეძლო ღამის 12 საათზე დაერეკა და ეთქვა, რა წიგნი სჭირდებოდა.

დედა მართა გვიამბობდა: „დამირეკავდა, დამისახელებდა: წიგნის ავტორს, სათაურს, რედაქტორს და დაამატებდა - ლურჯი ყდა აქვს, ოქროსფერი ასოებითაა წარწერაო... სულ მიკვირდა, ყველა წიგნის ყდა როგორ ახსოვდა. ერთხელ თავისი პირველი წიგნი გაიხსენა, რომელიც ნაჩუქარი ფულით თვითონ უყიდია მაღაზიაში, მაშინ პირველ თუ მეორე კლასში სწავლობდა. ახსოვდა, რომ წიგნს ერქვა „ვოლგა, ვოლგა“ (რუსულ ენაზე იყო), ყდის ფერი მოსწონებია და იმიტომ უყიდია. ბევრი ვეძებე ეგ წიგნი. თბილისში ვერსად ვნახე და მოსკოვში დავაბარე ნაცნობებს, მაგრამ ვერ ვიშოვეთ. მახსოვს, თავის ერთ-ერთ დაბადების დღეზე რომ თქვა: „სიყვარული, იცით რა არის? არსებობს „მე“ და „შენ“. აი, როცა დაგავიწდება „მე“ და მარტო „შენ“ დარჩება, ეს არის სიყვარული“. ასეთი ლაკონური სიყვარულის ახსნა არავისგან გამიგია.“

პატრიარქმა დაარქვა ჩვენს ბიბლიოთეკას „წიგნის სავანე“, ხოლო დედა მართას იდეა იყო, რომ წმინდა ნინოს სახელობისა ყოფილიყო, რასაც ილია II მაშინვე დაეთანხმა. საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ლოგო არის გადაშლილი წიგნი წმინდა ნინოს ჯვრით და უწმიდესის მითითებით დაემატა ძველი ქართული ასოები - ანი და ჰოე. საერთოდ, არაჩვეულებრივი მსმენელი იყო, თავად გულშიჩამწვდომი საუბარი ჰქონდა. მასთან ურთიერთობის ყველა წუთი ბედნიერებას განიჭებდა და დაუვიწყარია. მამასავით მზრუნველი და ყველა ღირსებით შემკული ადამიანი იყო. მსგავსი უანგარო სიყვარული არავის შეუძლია.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)