რატომ ფერხდება გურჯაანში ძმები შალიკაშვილების ისტორიული სახლის ეროვნულ სამხედრო მუზეუმად გადაკეთება?
გურჯაანში ქართული არმიის ოფიცრების, ძმები შალიკაშვილების მამაპაპეული სახლი, რომელიც სახელმწიფოს სამხედრო მეხსიერების ერთ-ერთ მთავარ კერად უნდა ქცეულიყო, დღეს გაურკვეველ ვითარებაშია. როგორც შეიარაღებული ძალების ვეტერანი დიმიტრი ქართლელიშვილი ამბობს, ამ ისტორიული სახლის ბედი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ხან სამხედრო მუზეუმის იდეა აქტიურდება, ხან კი პროცესი მოულოდნელად წყდება და ყველაფერი თავიდან იწყება. მინისტრების ცვლილებასთან ერთად იცვლება მათი ხედვები და საკითხისადმი დამოკიდებულებაც. შესაბამისად, ისტორიული შენობა ხან თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა, ხან კი ისევ გურჯაანის მუნიციპალიტეტს უბრუნდება. ბატონი დიმიტრი უკვე წლებია ცდილობს, შალიკაშვილების კერა დაუბრუნდეს თავდაცვის სამინისტროს, ჩატარდეს მისი სრული რეაბილიტაცია და მოეწყოს ეროვნული მნიშვნელობის სამხედრო მუზეუმი, რომელიც არა მხოლოდ შენობას, თავად იდეას მისცემს მკაფიო ფორმას, სადაც ქვეყნის სამხედრო ისტორია სისტემურად იქნება წარმოდგენილი და მომავალ თაობებს შეუნარჩუნებს ეროვნულ მეხსიერებასა და გამოცდილებას.
ემიგრაციით შეწყვეტილი ისტორია
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აგებულ სახლში, რომელიც გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, დავით და დიმიტრი შალიკაშვილები 1921 წლამდე ცხოვრობდნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როგორც მრავალი სხვა ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ისინიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყვნენ, რის შედეგადაც მათი მამაპაპისეული კერა სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. ისტორიული სამართლიანობა 1995 წელს ნაწილობრივ აღდგა - დიმიტრი შალიკაშვილის შვილები, ოთარი და ჯონი (მალხაზი), რომელიც აშშ-ის შტატების არმიის გენერალი გახლდათ, ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს და მოინახულეს გურჯაანში მამაპაპეული სახლი. იმავე წლის 3 აგვისტოს გურჯაანის საკრებულოს გადაწყვეტილებით სახლი მათ ოფიციალურად გადაეცათ, რაც არა მხოლოდ საკუთრების დაბრუნება, არამედ სიმბოლური ნაბიჯიც იყო - ეს იყო კავშირის აღდგენა ემიგრაციაში მყოფ ქართველთა და სამშობლოს შორის.
მუზეუმის იდეა - ინიციატივიდან სახელმწიფო პროექტამდე
1997 წლიდან იწყება აქტიური მუშაობა შალიკაშვილების სახლის ბაზაზე ქართული სამხედრო ისტორიის მუზეუმის შექმნისთვის. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა "გენერალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის მხედრული ისტორიის ფონდის" თავმჯდომარე გივი ზალდასტანიშვილმა, რომელმაც გენერლის რწმუნებით ითავა პროექტის ორგანიზება და განვითარება. იმავე წელს გურჯაანს ეწვია გენერალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, რომელმაც დაათვალიერა წინაპრების სახლი, გაეცნო არქიტექტორების მომზადებულ მუზეუმისა და პარკის რეაბილიტაციის პროექტს და მოიწონა. შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა პროექტის დეტალური დამუშავება, ისტორიული და სამუზეუმო მასალების მოძიება, ასევე საერთაშორისო კონტაქტების დამყარება, რაც მიზნად ისახავდა მუზეუმის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. 1998 წელს გურჯაანში ჩამოიტანეს გენერალ შალიკაშვილის პირადი ნივთები და უნიკალური ექსპონატები, რომლებიც სწორედ მომავალი მუზეუმისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო მათი სრულფასოვანი მიღება და დაცვა იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შემუშავდა პროექტის დაფინანსებისა და მართვის სქემა, რაშიც მნიშვნელოვან პრეცედენტად იქცა სამხედრო-ისტორიული მუზეუმის შექმნის საქმეში სახელმწიფოს პირდაპირი ფინანსური მონაწილეობა.
მერყევი მართვა და ერთიანი ხედვის დეფიციტი
მიუხედავად კარგი დასაწყისისა, პროექტის განხორციელება სისტემური პრობლემების გამო შეფერხდა. სხვადასხვა პერიოდში მუზეუმის მართვა და შენობის საკუთრება გადადიოდა თავდაცვის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის, იცვლებოდა პრიორიტეტები და ადმინისტრაციული მიდგომები, რაც საბოლოოდ ერთიანი, გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას უშლიდა ხელს.
2000-იანი წლების განმავლობაში მუზეუმმა ფორმალურად მიიღო გარკვეული ფუნქციები, თუმცა ვერ იქცა სრულფასოვან ინსტიტუციად. 2016 წელს მუზეუმი კვლავ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წელს ისევ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა პროცესი, რომელსაც ადგილობრივები ერთი და იმავე ობიექტის მუდმივ გადაცემას\ უწოდებენ. 2019 წელს დაწყებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გააჩინა იმედი, რომ შალიკაშვილების სახლი მიიღებდა თანამედროვე სამუზეუმო სივრცის სახეს, თუმცა დღემდე არ არსებობს მკაფიო პასუხი იმაზე, თუ რა ბედი ეწევა წლების განმავლობაში დაგროვებულ ექსპონატებს და როგორ კონცეფციაზე უნდა დაფუძნდეს მუზეუმი.
საჭიროება ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებისა
შეიარაღებული ძალების ვეტერანი დიმიტრი ქართლელიშვილი საშვილიშვილო შეცდომად მიიჩნევს შალიკაშვილების კერის ადმინისტრაციული ცვლილებების მძევლად დატოვებას. "ამ ისტორიული სახლის ბედი არ უნდა განისაზღვროს კონკრეტული უწყებების ან პიროვნებების კეთილგანწყობით. აუცილებელია ერთიანი ეროვნული კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს ამ სივრცის ფუნქციას, როგორც ქართული სამხედრო ისტორიის ცენტრალურ მუზეუმს, - ამბობს ბატონი დიმიტრი და დასძენს, - მუზეუმი უნდა იქცეს არა მხოლოდ ექსპონატების საცავად, არამედ საგანმანათლებლო და პატრიოტული აღზრდის სივრცედ, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძის, ზაზა დამენიას, ალექსანდრე ონიანისა და სხვათა ისტორიებს, საზოგადოება კი შეძლებს სამხედრო წარსულის გააზრებას თანამედროვე კონტექსტში".
მართლაც, შალიკაშვილების ოჯახმა ეს სახლი სახელმწიფოს სწორედ იმ მიზნით გადასცა, რომ აქ შექმნილიყო სამხედრო-ისტორიული მუზეუმი. დღევანდელი რეალობა, როდესაც პროექტი კვლავ დაუმთავრებელია, აჩენს კითხვებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა და ისტორიული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების შესახებ.
ხათუნა ბახტურიძე