შესაძლებელია თუ არა საპენსიო ბარათის დაყადაღება? - კვირის პალიტრა

შესაძლებელია თუ არა საპენსიო ბარათის დაყადაღება?

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

მაქვს ძველი შექმნილი შპს, რომელსაც წლებია არ ვიყენებ, აუცილებელია თუ არა მისი გაუქმება? ჯარიმა ხომ არ დამეკისრება და სად უნდა გავაუქმო?

- შპს-ს გაუქმებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი გზა:

1. თქვენი შპს-ს სახელით მიიღოთ გადაწყვეტილება მისი ლიკვიდაციის თაობაზე, ასევე უნდა აირჩიოთ/დანიშნოთ ლიკვიდატორი, ლიკვიდატორი შეგიძლიათ თავად იყოთ ან სხვა პირი და ამ გადაწყვეტილებას მიიტანთ საჯარო რეესტრში; ასევე თქვენი გადაწყვეტილება უნდა ატვირთოთ თქვენი საწარმოს პორტალზე (მის გახსნაშიც საჯარო რეესტრი დაგეხმარებათ). თქვენს განცხადებას ერთი თვის ვადაში განიხილავენ, თქვენი შპს-ს მონაცემებს გადაუგზავნიან შემოსავლების სამსახურს, ხოლო თუ შემოსავლების სამსახური თანხმობას განაცხადებს თქვენი შპს-ს გაუქმებაზე/ლიკვიდაციაზე, ამ ერთი თვის შემდგომ ისევ წერთ განცხადებას და გიკმაყოფილდებათ მოთხოვნა;

2. თუ თქვენი შპს რეგისტრირებულია 2022 წლის 1-ლ იანვრამდე, თქვენ ვალდებული ხართ 2026 წლის 01 აპრილამდე მოიყვანოთ შპს-ს სარეგისტრაციო მონაცემები "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენს შპს-ს შეუჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს მიაწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს შპს-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისთანავე. მარეგისტრირებელი ორგანო 2027 წლის 1-ლი იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. თუ ამ სამი თვის ვადაში არ აღმოვფხვრით ხარვეზს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შპს-ს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

ეჭვი მაქვს, რომ სახლში უკანონოდ დაყენებულია მოსასმენი მოწყობილობა. ვის შეიძლება შევამოწმებინო ისე, რომ პოლიცია არ ჩავრიო?

- თქვენი კითხვა არის არასამართლებრივი ტექნიკური საკითხი, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოები ვერ მოახდენენ რეაგირებას. შეგიძლიათ მიმართოთ კერძო კომპანიებს, რომლებიც ახდენენ სივრცის სკანირებას შესაბამისი მოწყობილობებით.

ვმუშაობდი დისტრიბუტორად, ამის გამო ჩამადებინეს ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე შვილებთან ერთად. რამდენიმე პატარა მაღაზია, რომელთაც ვაწვდიდი პროდუქციას, დაიხურა, ახლა ჩემგან ითხოვს კომპანია იმ თანხების ანაზღაურებას. რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა და როგორ შემიძლია ჩემი უფლებები დავიცვა? იმ შპს-ს მფლობელებს რატომ არ აწერენ ამ თანხას და რატომ ითხოვენ ჩემგან?

- მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პროდუქტის მაღაზიაში შეტანის გადაწყვეტილებას ვინ იღებდა. თუმცა რამდენადაც აღნიშნულ საკითხზე აღწრილია გარემოება, შეიძლება ითქვას, თქვენ არა ხართ სათანადო მოპასუხე. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურებს, იმისათვის, რომ სადისტრიბუციო კომპანიამ დისტრიბუტორს მოსთხოვოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ამისთვის ჯერ სადისტრიბუციო კომპანიამ სასამართლოს მეშვეობით უნდა დაამტკიცოს, რომ დისტრიბუტორის ქმედებამ მიაყენა ზიანი, თუ დისტრიბუტორის ქმედებებში არ იკვეთება მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დისტრიბუტორის ქმედებას არ გამოუწვევია კომპანიის ზიანი, დისტრიბუტორი პასუხს არ აგებს. ასევე პროცედურულ ნაწილში გასათვალისწინებელია, რომ სადისტრიბუციო კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მაღაზიის ვალი არის მისი კომპანიის ზიანი და არა ვალი, რომლის მაღაზიიდან ამოღებასაც ვერ შეძლებს სხვა საშუალებებით.

წლების წინ "მოგომ" გამიყიდა დალომბარდებული ავტომობილი, ახლა მეუბნებიან, რომ მანქანის თანხა არ ეყო გადასახადებს და დარჩენილი თანხის გადახდას მთხოვენ. ამბობენ, რომ საქმე გადაეცა აღსრულებას და ქონებას დამიყადაღებენ. მანქანის წართმევიდან გასულია 10 წელზე მეტი, აქვთ თუ არა ამ თანხის მოთხოვნის უფლება და განულება თუ არის შესაძლებელი?

- მოცემულ შემთხვევაში შესასწავლია როგორც ხელშეკრულებები, ასევე ის პროცედურა, თუ კრედიტორმა როგორ გაასხვისა ავტომობილი; კერძოდ, ექსპერტიზის შედეგად რა თანხად იქნა შეფასებული ავტომობილი და ა.შ. გარდა აღნიშნულისა, თუ ავტომობილი კრედიტორს გადაეცა 10 წლის წინ, შეიძლება მოთხოვნა ხანდაზმული იყოს. ასევე საქმე შესასწავლია იმ მხრივაც, კრედიტორს ნაწარმოები აქვს თუ არა საქმე სასამართლოში.

მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი ქონებიდან პირის გამოსახლებაზე. მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გადავიხადე მათი მომსახურების თანხაც, მაგრამ ვერა და ვერ ხდება აღსრულება, არადა, ამდენი წელი ველოდებოდი სასამართლოს, ახლა კიდევ გაურკვეველი ვადით უნდა ველოდო აღმასრულებელს. რა შეიძლება გავაკეთო? თუ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ჩემი კუთვნილი ქონებიდან პირი გამოვასახლო?

- როგორც აღნიშნეთ, თქვენ მიმართული გაქვთ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის, ამდენად თქვენ შეგიძლიათ აღსრულების ეროვნულ ბიუროში იკითხოთ, თუ ვინ არის თქვენი საქმის აღმასრულებელი, დაუკავშირდეთ მას დეტალური ინფორმაციის მისაღებად და იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რა ეტაპზეა თქვენი სააღსრულებო წარმოება. ზოგადად, გამოსახლებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებები ძალიან ხანგრძლივდება, ხშირად წლებიც სჭირდება აღსრულებას საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმ პირს, ვინც თქვენს ბინაში ცხოვრობს, შეგიძლიათ სასამართლოს დამატებით მიმართოთ სარჩელით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნით და დააკისროთ იმ პერიოდის თანხა, რა პერიოდიც ფლობდა და სარგებლობდა თქვენი ქონებით.

ინტერნეტით გამოვიწერე ხელსაწყო, რომელიც მეორე დღეს გაფუჭდა, თანხის დაბრუნებაზე უარი მითხრეს და მას შემდეგ არც მპასუხობენ მესიჯებზე. ტელეფონის ნომერი კი არ აწერია. როგორ მოვიქცე?

- შეგიძლიათ მიმართოთ განცხადებით საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თქვენი უფლებების დასაცავად, განცხადებას თან დაურთეთ მტკიცებულებები.

ბებიამ უნდა გადმომიფორმოს სახლი. შემიძლია თუ არა ნოტარიუსის სახლში მოყვანა, რადგან მას გადაადგილება არ შეუძლია. რას მირჩევთ, ჩუქებას თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებას? ჩუქება თუ გაფორმდა, შემდეგ შეუძლია ვინმეს ამ ქონებაზე შემოდავება? ყველამ იცის, რომ მე ვუვლი და მე მიტოვებს ქონებას.

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია იმ ნოტარიუსების შესახებ, რომლებიც სანოტარო საქმიანობას ახორციელებენ ადგილზე მისვლით. ჩუქების ხელშეკრულების შემთხვევაში ბებიას ექნება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების უფლება, თუ იარსებებს კანონით გათვალისწინებული დათქმები, როგორიცაა მძიმე შეურაცხყოფას მიყენება, ან დიდ უმადურობას გამოიჩენთ მჩუქებლის (ბებიის) ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მჩუქებელი (ბებია) შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. ბებიათქვენს უფლება ექნება გაჩუქებული ნივთი გამოითხოვოს თქვენგან, თუ ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

კერძო მევახშე მაძლევს პროცენტით თანხას და სანაცვლოდ ითხოვს გავაფორმო ყიდვა­-ნასყიდობის ხელშეკრულება ბინის გამოსყიდვის უფლებით. ამბობს, რომ ჰყავს ნაცნობი ნოტარიუსი და იქ გაფორმდება. რა რისკებს შეიცავს ასეთი ხელშეკრულების გაფორმება?

- ხელშეკრულების დადებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ვერ შეძლებთ თანხის გადახდას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, თქვენი საკუთრება გადავა მევახშის საკუთრებაში. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკრულების დადებისას თქვენ მიერ გადახდილი ყველა თანხის ქვითარი უნდა შეინახოთ, ან გადაიხადოთ ბანკის მეშვეობით. ასევე მიუთითეთ თანხის გადარიცხვის დანიშნულება, რათა შემდგომში თავიდან აირიდოთ გაურკვევლობა და გქონდეთ თანხის გადახდის დასტური. ასევე ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით არ ნიშნავს საკრედიტო ხელშეკრულებას, რომელზეც პროცენტი უნდა იხადოთ, თუ პროცენტზე შეთანხმებასაც ითვალისწინებს, მაშინ გამოდის, ხელშეკრულება კანონით დადგენილ წესთან წინააღმდეგობაშია.

ამ დრომდე ვიხდიდი საპენსიო დანაზოგს, ახლა ასაკიდან გამომდინარე შემიძლია გამოსვლა ნებაყოფლობით. შემიძლია თუ არა მოვითხოვო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო დანაზოგი?

- შესაძლებელია საპენსიო დანაზოგის ერთჯერადად სრულად გატანა, ასევე რამდენიმე ნაწილად დაყოფა და ისე გატანაც. თუმცა ყველა პირის შემთხვევაში საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, სტატისტიკური ზღვრის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, თუ რა ოდენობისაა თქვენი დანაზოგი. ამიტომ განცხადებით მიმართეთ საქართველოს საპენსიო ფონდს, რათა მიიღოთ ზუსტი პასუხი.

შპს-ს სახელზე მაქვს სესხი ბანკში, რომელსაც ვეღარ ვამუშავებთ, ვეღარ ვახერხებთ შემოსავლების მიღებას, შესაბამისად, შპს-ს სესხს ვეღარ ვიხდი. რა ბერკეტი აქვს ბანკს ჩემს წინააღმდეგ, შეუძლია თუ არა ჩემი პირადი ანგარიშების დაყადაღება? თანამსესხებელი არა ვარ არც ერთ სესხზე, სრულად კომპანიის სახელზეა სესხი.

- მოცემულ შემთხვევაში სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება შპს-ს, მთელი მისი ქონებით. ამიტომ, თუ კრედიტორი დაიწყებს სამართლებრივ პროცედურებს, ნებისმიერი სამართლებრივი ბერკეტი გამოყენებული იქნება შპს-ს მიმართ.

პირის მხარდამჭერ პირად დარეგისტრირება გვინდა სასამართლოში. რა საბუთებია ამისთვის საჭირო და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?

- პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/ განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია, სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით და ბაჟის გადახდა არ არის საჭირო.

- საპენსიოდან კრედიტორს შეუძლია დააკავოს თანხა, მაგრამ სრულად ვერა, ვინაიდან საპენსიო თანხიდან პენსიონერს უნდა დარჩეს საარსებო მინიმუმი.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები