"ჩვენი ემიგრანტების ნაწილი იქცა ოჯახების დამხმარე მექანიზმად, სხვა ყველაფერი დაივიწყეს, სიცოცხლის გაფრთხილების ჩათვლით“
ქართველი ერის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა მხოლოდ ემიგრაციაში გადინების ან შემცირებული შობადობის ნაყოფი არ არის. ამ მოცემულობაში განმსაზღვრელ როლს ასრულებს გარდაცვალების სტატისტიკა, განსაკუთრებით ემიგრაციაში, სადაც გარდაცვალების შემთხვევები ახალგაზრდა ასაკში განსაკუთრებით ხშირია.
უკანასკნელ დღეებში, ერთსა და იმავე დღეს, ქართულ ემიგრაციას ორი ახალგაზრდა: ამერიკაში - ამირან ნიკოლაიშვილი, საბერძნეთში კი სალომე ქოჩიაშვილი გამოაკლდა, რაც, უბრალოდ, სტატისტიკაა, რეალობაში კი ერთდროულად რამდენი ქართველი ემიგრანტი იღუპება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომელთა გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს.
ამირან ნიკოლაიშვილის ახლობლების თქმით, ამირანს ამერიკაში ჩასვლისა და მუშაობის დაწყებისათვის თავისი მოკრძალებული საცხოვრებლის გაყიდვა მოუხდა. მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა, მაგრამ შვილებთან განშორებას მისმა გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. რაც შეეხება სალომე ქოჩიაშვილს, ის დილით საწოლში ვეღარ გააღვიძეს იმ ოჯახის წევრებმა, სადაც ის მუშობდა. ექსპერტიზამ თრომბით გარდაცვალება დაადგინა. ეს ორი ადამიანი სიმბოლოა იმისა, თუ რამხელა სტრესია უმრავლესობისთვის ემიგრაცია; განსაკუთრებით მათთვის, ვინც იძულებულია ოჯახი დატოვოს... და არა მხოლოდ...
თუ რას განიცდის ამ მხრივ ჩვენი ემიგრაცია, ამის შესახებ იტალიაში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელს, ქალბატონ ფიქრია კუჭუხიძეს ვკითხეთ.
- ქალბატონო ფიქრია, თავადაც გითქვამთ, რომ ემიგრაცია ადვილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში სტაბილური სამსახური გაქვთ და წარმატებებიც არ გაკლიათ, რასაც ჩვენი ემიგრაციის აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია.
- უცხო ქვეყანაში ჩამოსული ადამიანი საოცრად დიდ სტრესს განიცდის, განსაკუთრებით, პირველ წლებში. შემდგომში ზოგი მეტ-ნაკლებად დგება ფეხზე, თუმცა ზოგის მდგომარეობა უცვლელია ათეული წლების განმავლობაში, რაც უპირველესად ფსიქიკაზე მოქმედებს. ამიტომაც არის ემიგრაციაში პირველ ადგილზე ფსიქიკური დაავადებები, შემდეგ მოდის სიმსივნე და გულის დაავადებები. ყველა, ასე ვთქვათ, სტრესზეა აწყობილი. პირველი ორი დაავადებათა ჯგუფი უმეტესად საშუალო ასაკის ქალებში გვხვდება. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების ხშირი მოწმე ვარ და ამას არა მხოლოდ განვიცდი, შეუსვენებლივ ვიბრძვი, რომ ასე არ იყოს, მაგრამ არაფერი გამომდის. მოხუცების მომვლელად დასაქმებული ჩვენი ქალებისთვის ცნება "ექიმთან ვიზიტი" არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი თვეების მანძილზე ოჯახებში მთელი კვირით გამოკეტილი ავადდება. შემდგომ ეს მდგომარეობა ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას, მათ შორის, სიმსივნის, მაგრამ არაფრით მიდიან ექიმთან, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიკვლიონ და დაავადება დასძლიონ, მით უფრო, რომ იტალიის მთავრობა მოხუცების მომვლელებსაც უნიშნავს ოჯახის ექიმს, რომელსაც შეუძლია ყველამ მიმართოს. შემდეგ კი, როდესაც უკვე ადამიანი ძალიან სუსტდება, მუშაობის თავი აღარ აქვს, საკაცით გადაჰყავთ კლინიკაში და საუბედუროდ, გვიან არის. ახლა, ალბათ, შემეკითხებით, რატომ არ მიდიან ექიმთანო? იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის ფულის გამეტება არ უნდათ. ამას წინათაც მქონდა შემთხვევა, როდესაც ადამიანს ონკოლოგი სჭირდებოდა და დახმარება შევთავაზე, თუმცა მან ტაქსის ფულის გადახდაზე უარი თქვა და ექიმთან არ წავიდა. რით აიხსნება ეს? აიხსნება იმით, რომ ჩვენი ემიგრანტების ნაწილი, საუბედუროდ, იქცა ოჯახების დამხმარე მექანიზმად და სხვა ყველაფერი დაივიწყეს სიცოცხლის გაფრთხილების ჩათვლით, რაც საბოლოოდ ართულებს ფსიქიკურ დაავადებებსაც. არაერთხელ ქვეყნდება ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფებში, რომ ემიგრანტი დაიკარგა და მერე ფსიქიკურად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში იპოვეს.
- შედარებით ახალგაზრდებში რატომ არის სიკვდილიანობა გახშირებული?
- მიზეზი ნაწილისთვის ნარკოტიკის მოხმარებაა, ნაწილს ფსიქიკური პრობლემები ეწყება, თუმცა უფრო მეტი გულის დაავადების ან თრომბის შემთხვევებია, რითაც არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს დარდი, გამოკეტვა, ადამიანს იმუნიტეტს უნადგურებს, რის შემდეგაც ორგანიზმს დაავადებები ადვილად ერევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა იყოს ასე გახშირებული თრომბით გარდაცვალების შემთხვევები?! არავინ კითხულობს, როგორ უნდა შეიცვალოს ეს მდგომარეობა და არც ემიგრანტთა ნაკადი მცირდება. ერთადერთი, რაც ემიგრაციაში ახალჩამოსულებს შემიძლია ვურჩიო, ის არის, რომ იმ ქვეყნის ენა, სადაც ჩადიან, თუნდაც ელემენტარულად შეისწავლონ. ეს დაეხმარებათ ღირსების თუნდაც იმ დონეზე შენარჩუნებაში, რომ სრულიად იგნორირებული არ აღმოჩნდნენ. ეს სტრესს ოდნავ მაინც შეამცირებს და ესეც შვება იქნება.