აშშ და ირანი ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის პირობებს განიხილავენ
აშშ, ირანი და რეგიონალური შუამავლების ჯგუფი ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის პირობებს განიხილავენ, რამაც შეიძლება ომის სამუდამოდ დასრულება გამოიწვიოს, - ინფორმაციას Axios-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ეს უკანასკნელი მცდელობა ერთადერთი შანსია ომის დრამატული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ აშშ ირანთან „ღრმა მოლაპარაკებებს აწარმოებს“ და რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია სამშაბათამდე, მის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე.
„დიდი შანსია, მაგრამ თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, მე იქ ყველაფერს ავაფეთქებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ ინფორმირებული ოთხი წყაროს განცხადებით, მოლაპარაკებები პაკისტანელი, ეგვიპტელი და თურქი შუამავლების მეშვეობით, ასევე ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში ირანს რამდენიმე წინადადება წარუდგინა, თუმცა ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ისინი არ მიიღეს.
წყაროების ცნობით, შუამავლები მხარეებთან განიხილავენ ორფაზიანი შეთანხმების პირობებს; პირველი ფაზა გულისხმობს 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის დროსაც ომის სამუდამოდ დასრულებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.