რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას?! - "ტელევიზიებიდან "სიბრძნეების ფრქვევის" ნაცვლად, უშუალო კომუნიკაცია და რთული დიალოგის დაწყებაა საჭირო"
ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები უფრო მკაფიოდ აჩენს დილემას - შეუძლია თუ არა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შეინარჩუნოს პოლიტიკური მრავალფეროვნებაც და ამავე დროს ჩამოაყალიბოს ისეთი ფორმატი, რომელიც ორიენტირებული იქნება ხელისუფლების შეცვლაზე. მთავარი კითხვა კი ასეთია - როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, რომ უპასუხოს ამომრჩევლის მოთხოვნას და შექმნას ეფექტიანი, გამარჯვებაზე ორიენტირებული ერთობაც. ამ თემაზე საკუთარ შეფასებებს გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
- პრობლემა ის არის, რომ ლიდერები რეალურ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებენ. პოლიტიკა მხოლოდ შიდა გადაადგილებებითა და საინფორმაციო აქტივობით არ ყალიბდება, მთავარი საყრდენი მაინც საზოგადოების მხარდაჭერაა. ოპოზიციური პარტიები კი მხარდაჭერის გაძლიერებაზე მუშაობის ნაცვლად, საკუთარ საინფორმაციო სივრცეში იკეტებიან, რაც ნდობას ვერ ქმნის.
ტელევიზიებიდან "სიბრძნეების ფრქვევის" ნაცვლად, უშუალო კომუნიკაცია, კითხვებზე პასუხების გაცემა და რთული დიალოგის დაწყებაა საჭირო. ხშირად ჩანს პარადოქსიც: ოპოზიციური პარტიების მიერ დღის განმავლობაში ერთმანეთის მწვავე კრიტიკა და საღამოს ერთიანობაზე საუბარი. ასეთ პირობებში პოლიტიკური პროცესი ვერ გარდაიქმნება რეალურ პოლიტიკურ ძალად. ფორმალური ერთიანობა შედეგს ვერ მოიტანს.
- ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი ლიდერები ხშირად საუბრობენ რეგიონებში გასვლასა და ადგილობრივი პრობლემების გაცნობაზე.
- ერთჯერადი ვიზიტები, მხარდამჭერებთან შეხვედრები და შემდეგ ამის საჯაროდ წარმოჩენა შედეგს ვერ იძლევა. აუცილებელია მუშაობა მათთანაც, ვინც კრიტიკულად უყურებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ნდობის აღდგენა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც კომფორტულ გარემოს არ გულისხმობს. საზოგადოებას შეიძლება არ მოსწონდეს ხელისუფლება, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს ოპოზიციის მხარდაჭერას. კვლევებიც აჩვენებს, რომ ორივე მხარის ნდობა პრობლემურია. ამიტომ ნებისმიერი ფორმალური გაერთიანება ან ცალკე მოქმედება უშედეგო იქნება, თუ ნდობა არ აღდგა. რეგიონებში გასვლა მხოლოდ "დასტუკებით" არ უნდა შემოიფარგლოს, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ რეალურ ალტერნატივასაც სთავაზობს და ქვეყნის მართვის უნარი აქვს.
- რეალისტურია ოპოზიციის ლიდერების შეხედულება, რომ არჩევნები მოიგეს და ხელისუფლებამ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდით მოახერხა გამარჯვების გაფორმება?
- ცალ-ცალკე არც ერთ პარტიას არა აქვს საკმარისი საფუძველი ასეთი კატეგორიული დასკვნებისთვის. ჯამურად ოპოზიციურმა სპექტრმა შედეგი აჩვენა, მაგრამ როცა პარტიები ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, რთულია ეს "ჯამური გამარჯვება" რეალურ შედეგად გადაიქცეს. გახარია მოღალატედ რომ გამოაცხადეს, როგორ უნდა ითქვას, რომ ერთიანად მოიგეს არჩევნები? თუ ამბობენ, რომ ოპოზიციამ მოიგო არჩევნები, მაშინ იქ ისინიც იგულისხმებიან, ვისაც თავად ლანძღავენ როგორც მოღალატეს, ეს კი არანაირ პოლიტიკურ არითმეტიკას არ ემთხვევა.
- შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის დროს საზოგადოებაში არსებობდა განწყობა: "ვინც გინდა, ოღონდ ეს არა". ჯერ არ დამდგარა ასეთი პოლიტიკური მომენტი?
- გარკვეულწილად მსგავსი განწყობა დღესაც ჩანს, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალური ალტერნატიული პოლუსი არ იკვეთება. საჭიროა ისეთი ძალა, რომელიც არა მხოლოდ უკმაყოფილებას, არამედ შესაძლებლობასაც აჩვენებს და შექმნის განცდას, რომ შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლა და ეფექტიანი მართვა.
- ოპოზიციურ ველზე სამი ძირითადი ძალა იკვეთება განსხვავებული სტრატეგიითა და მოქმედების მეთოდებით: "ოპოზიციური ალიანსი", გახარიას პარტია და "ლელო". რომელი პოლიტიკური ძალის ტაქტიკა ჩანს უფრო შედეგიანი?
- თითოეულ მათგანს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მთავარი პრინციპი უცვლელია: ნებისმიერი ტაქტიკა უნდა ამართლებდეს შედეგით საკუთარ თავს. ტელევიზიებიდან ხმაურიან განცხადებებს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ამას ხალხის დარწმუნება და რეალური მხარდაჭერის ზრდა მოსდევს.