რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპი?! - ამერიკის პრეზიდენტმა ერთ წელიწადში 1.4 მილიარდი დოლარი იშოვა
კრიპტოვალუტის ბიზნესი და ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილებები გახდა ის საკვანძო ფაქტორები, რამაც აშშ-ის პირველ პირს და მილიარდერს საშუალება მისცა, 2025 წელს თავისი ქონება მნიშვნელოვნად გაეზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Forbes 400-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ვერ მოხვდა (ის 645-ე ადგილზეა), მისი ქონება ერთ წელიწადში 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადამ მილიარდერს უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ფინანსები. იქნება ეს გარიგებები ახლო აღმოსავლეთში, საკუთარი კრიპტოვალუტის პოპულარიზაცია თუ საქმიანი ვახშმები ცნობილ მოღვაწეებთან - ტრამპმა დაამტკიცა, რომ ის და მისი ოჯახი კვლავ აქტიურად ავითარებენ თავიანთ ბიზნესს.
Forbes USA-ის ახალი რეიტინგის მიხედვით, პრეზიდენტის ქონება დღეს 6.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 1.4 მილიარდით მეტია გასულ წელთან შედარებით. ის მსოფლიოს 3 428 მილიარდერს შორის 645-ე ადგილს იკავებს.
ფინანსური ზრდის ძირითადი წყაროები:
კრიპტოვალუტა
ტრამპმა დაახლოებით 550 მილიონი დოლარი გამოიმუშავა World Liberty Financial-ის ტოკენების გაყიდვით. გარდა ამისა, მან და მისმა პარტნიორებმა კომპანიის აქციების 49% მიჰყიდეს არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებს, რამაც ტრამპს დამატებით 200 მილიონი დოლარი მოუტანა.
მისი წილი ამ ბიზნესში 240 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
სასამართლო გადაწყვეტილება
აგვისტოში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციული ჯარიმა თაღლითობის საქმეზე, რამაც ტრამპი 517 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.