"გიჟო ნაძირლებო! ჯოჯოხეთში იცხოვრებთ!" - მსოფლიო საბოლოოდ „შეირყა“, რაც ტრამპი პუტინს დაემსგავსა?! - კვირის პალიტრა

"გიჟო ნაძირლებო! ჯოჯოხეთში იცხოვრებთ!" - მსოფლიო საბოლოოდ „შეირყა“, რაც ტრამპი პუტინს დაემსგავსა?!

მსოფლიო საბოლოოდ „შეირყა“, რაც ტრამპი პუტინს დაემსგავსა...

„სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის - ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ. უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს“, - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას 48 საათი მისცა ჰორმუზის სრუტის სრულად გასახსნელად. ამ ულტიმატუმს ვადა სამშაბათს, 7 აპრილს გასდის და თუკი თეირანი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს (და ის, რა თქმა უნდა, არ გახსნის ამ სრუტეს იმ სავაჭრო გემებისა და ტანკერების ნაოსნობისთვის, რომლებსაც თეირანი ისრაელისა და აშშ-ის ინტერესებს უკავშირებს), ტრამპი ირანს ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება…

არაფერი გეცნობათ? კიდევ ვინ ემუქრებოდა და ასრულებდა ამ მუქარას სხვა ქვეყნის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვით?

მართალია - რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომლის ბრძანებითაც 1 503-ე დღეა, რაც მეზობელ უკრაინას „შეუსვენებლად“ ბომბავენ, ელქტროსადგურებისა და ხიდების ჩათვლით...

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მსგავსება მარტო ამაში როდია? ორივე მათგანმა განახორციელა გამოუცხადებელი თავდასხმა სხვა ქვეყნებზე და იმედი ჰქონდათ, ბლიცკრიგით ჩამოეგდოთ მათი მოქმედი ხელისუფლებები და ამ ქვეყნებში თავისი მარიონეტული მთავრობები დაეყენებინათ, რისი ჩანაფიქრიც ორივეს ჩაეფუშა...

როგორც პუტინი რუსეთ-უკრაინის ფართომასშატაბიან ომს, რომლის მსგავსი ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, „მორიდებით“ მოიხსენიებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“, მის მსგავსად, ტრამპიც მოითხოვს ამერიკული მასმედიისგან, რომ ირანთან ისრაელ-აშშ-ის მიერ დაწყებულ ამ ინტენსიურ საჰაერო ომს, რომელიც გაცდა ირანის ფარგლებს და, ფაქტობრივად, მთელი სპარსეთის ყურე მოიცვა, ასევე, მხოლოდ „სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიონ, რადგან ომის დასაწყებად პრეზიდენტ ტრამპს აშშ-ის კონგრესის თანხმობა სჭირდებოდა, თუმცა მან თანამემამულე კონგრესმენებთან შეთანხმებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაჯერება და ირანთან ერთობლივად ომის დაწყება ამჯობინა...

მსგავსება კიდევ ის არის, რომ არც უკრაინა აპირებდა რუსეთზე თავდასხმას, რომ ეს კრემლის პრევენციული ზომით ყოფილიყო გამართლებული და არც ირანული ბალისტიკური რაკეტები მიაღწევდენენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს, რომ თეთრ სახლს აიათოლების რეჟიმის დასწრებაზე ეფიქრა...

ირანზე თავდასხმა, პირველ რიგში, ისრაელის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში გახლდათ, რადგან ნეთანიაჰუს მთავრობას სურს, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული - 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის კიბუცებზე „ჰამასის“ მიერ განხორციელბული სასტიკი ტერორისტული რეიდის შემდეგ ისრაელმა დაიწყო კიდევ უფრო სასტიკი შურისძიება და ღაზას სექტორი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. ამას, 2026 წლის 5 აპრილის ჩათვლით, 72 292 ადამიანის დაღუპვა და 172 073-ის დაჭრა/დაშავება მოჰყვა, ღაზას სექტორში და მათი უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი მოსახლეობა გახლდათ და არა - „ჰამასის“ შეიარაღებული ტერორისტები.

ამის პარალელურად, ისრაელი აგრძელებს ლიბანის სამხრეთ ნაწილის მასობრივ დაბომბვებს, „ჰეზბოლას“ ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად, რასაც ბეირუთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავება და დაღუპვაც თან სდევს.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანის ცაში კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების ძებნა-გადარჩენას ქართველის მოიერიშე და ორი "ჰერკულესიც" შეეწირნენ ...

რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა...

ირანმა მართლაც ჩამოაგდო, ოღონდ არა მეხუთე თაობის ამერიკული "პინგვინი", არამედ - წინა თაობის "არწივი“

ომების პლანეტიდან მთვარისკენ - 54-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანები დედამიწის თანამგზავრს შემოუფრენენ

ისრაელმა დიდ სამხედრო წარმატებებს მიაღწია „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ იმ ტერორისტული დაჯგუფებების შესუსტებაში, რომლებსაც მხარს სწორედ ირანის აიათოლების რეჟიმი უჭერდა, აიარაღებდა და ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად აქეზებდა. შესაბამისად, თელ-ავივში სურთ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ და თეირანში აიათოლების რეჟიმიც დაამხონ, რათა აღარ ჰქონდეთ ირანული პერსპექტიული ბირთვული იარაღის და რეალური ბალისტიკური რაკეტების ისრაელზე თავდასხმის მუდმივი შიში, რისთვისაც ისრაელი მზადაა, ღაზას სექტორს დაამსგავსოს ანუ მიწასთან გაასწოროს ირანის ქალაქებიც და ამაში თუკი აშშ-ის პრეზიდენტი მხარში ამოუდგება, ირანული ელექტროსადგურებისა და ხიდების ამერიკული თვითმფრინავებიდან დაბომბვით, თელ-ავივში ეს მხოლოდ გაუხარდებათ...

პრეზიდენტი ტრამპი კი აკეთებს ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს, მაგრამ, ამასთანავე, დიდი ომის „ჭაობში“ ძირავს თავის ამერიკას, როგორც ეს უკვე გააკეთა მისმა რუსმა კოლეგამ, მშობლიური რუსეთისთვის და ამაშიც ემსგავსებიან თეთრი სახლისა და კრემლის დღევანდელი ბინადრები...