"ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა... “ - რას იხსნებენ ოჯახის მეგობრები მერაბ სეფაშვილის მეუღლეზე?
ქართული ესტრადის ვარსკვლავის, მერაბ სეფაშვილის ოჯახში ტრაგედიაა - მომღერალს მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაეცვალა, რომელთანაც თითქმის 40-წლიანი თანაცხოვრება და საერთო ისტორია აკავშირებდა. ინფორმაცია თავდაპირველად წყვილის უახლოესმა მეგობარმა, პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა გაავრცელა.
ნინო ჯურხაძე წლების განმავლობაში ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მისი ინსულტის შესახებ იყო ცნობილი, გარდაცვალების მიზეზი კიდევ უფრო მძიმე სენი აღმოჩნდა.

- გია გოგორიშვილი: "ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა“
AMBEBI.GE დაუკავშირდა მერაბ სეფაშვილის უახლოეს მეგობარს, გია გოგორიშვილს, რომელმაც ნინო ჯურხაძის პიროვნებასა და მისი ცხოვრების ბოლო პერიოდზე ისაუბრა:
- ძალიან მეგობრული, თბილი, გადასარევი გოგო იყო. გადაყოლილი იყო მერაბიზე, შვილებზე... ვუყვარდით მერაბის მეგობრებიც, ყველასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მარტო ჩემთან კი არა, სულ ყველასთან. ანგელოზებივით ბიჭები ჰყავს, ისეთი კაი გაზრდილები. იყო კარგი დიასახლისი, მეტი რა გითხრათ.

- თუმცა საზოგადოებაში გამოჩენა მაინცდამაინც არ უყვარდა.
- არ უყვარდა ახლა აფიშირება და კამერები. ჟურნალისტებს არ სწყალობდა, უფრო მეოჯახე იყო. მერაბიც ხომ იცით, ძალიან მოვლილი რომ დადიოდა, ახლა ყველა მეუღლისთვის თავისი მეუღლე განსაკუთრებულია, მაგრამ ეს მაინც სხვა ამბავია - არტისტი რომ ხარ და სულ ლუპის ქვეშ ხარ, იქ სხვანაირად ფასობს ეს ყველაფერი.