"ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა" - თეონა აქუბარდია - კვირის პალიტრა

"ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა" - თეონა აქუბარდია

საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს იცავენ - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მისი ფოტოების დაწვის საქმეზე რეაგირებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ალიევის მოთხოვნას უკავშირდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევით გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აღარ ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლის ვალდებულებაც აქვს, არა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმებებით, არამედ ადგილობრივი კანონებითაც.

„სტრასბურგის სასამართლოს დროებით ზომად იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია არ შეიძლებოდა. როგორც მისი ადვოკატი საუბრობდა, ისინი მუშაობდნენ სადიგოვის ჰუმანიტარულ გაყვანაზე იმ ევროპულ ქვეყანაში, სადაც მისი ცოლ-შვილი სარგებლობს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსით. მე სოციალურ ქსელში ვნახე, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხაზგასმა და აქცენტი იყო მის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფოტოს დაწვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ეს ფაქტი იყო ყველაზე დიდი გამაღიზიანებელი „ქართული ოცნებისთვის“, რის გამოც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი დაარღვიეს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა წინა ისტორია, მათ შორის აფხან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით. ახლა უკვე ეს არის მეორე შემთხვევა. პროცესები ძალიან სინქრონულად წავიდა - ჯერ აზერბაიჯანმა მოუხსნა მას ბრალი. მისი აყვანის სპეცოპერაციაც საკმაოდ მძიმე სანახავი იყო. გამთენიისას უამრავი ადამიანი მიუვარდა სახლში, აიყვანეს. სოციალურ ქსელში პოსტის გამო მოაწყვეს სასამართლო, შემდეგ გააძევეს. ეს მეტყველებს ერთ რამეზე - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მისი ფოტოების დაწვის ფაქტზე რეაგირებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ალიევის მოთხოვნას უკავშირდება, იმიტომ, რომ ის ახლა აზერბაიჯანშია და ჯერჯერობით მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. ამის რისკი არსებობს, მაგრამ აქ მთავარი არის, რომ საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს იცავენ და ეს არის ძალიან საშიშია საქართველოს მომავლისთვის,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს სადიგოვის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ფასის გადახდა მოუწიოს.

„სამწუხაროდა, შესაძლებელია, ქვეყანას ფასის გადახდა მოუწიოს, მათ შორის, ახალი საქმის წარმოების კუთხით სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ. უამრავი თანხა აქვს გადასახდელი საქართველოს უკვე იმ წაგებული არასწორი საქმეების გამო, რა მათ პოლიტიკურად სჭირდებოდათ. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ ორგანიზაციამ, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებებს იცავს, უკვე მიმართა სტრასბურგს სასამართლოს ამასთან დაკავშირებით. დაველოდოთ, რა პასუხი იქნება,“ - აღნიშნა აქუბარდიამ.

ამასთან, მან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევის ჩამოსვლა საკმაოდ მოულოდნელია, რადგან წინასწარ არ ყოფილა დაანონსებული.

აქუბარდია ფიქრობს, რომ ვიზიტი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ირანში არსებულ ვითარებას და ასევე, ახალ სატრანზიტო დერეფნებს.

„მესამე წელია პრეზიდენტი ალიევი საქართველოში არ ყოფილა. ბოლოს ის 2023 წელს იყო თბილისში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობდა. მისი ჩამოსვლა საკმაოდ მოულოდნელია, წინასწარ არ ყოფილა ეს დაანონსებული. ეს გარკვეულწილად მიჩენს განცდას, რომ ერთ მხრივ, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს ირანის კრიზისს. მეორე საკითხი არის ის ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ტრამპის მშვიდობით და ახალი დერეფნების მშენებლობის პროცესში აზერბაიჯანს გააჩნია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. მან დავოსის ფორუმზე ისაუბრა, რომ როდესაც რკინიგზის დაკავშირებადობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი, საქართველო აღარ იქნებოდა საჭირო. გარკვეულწილად იცვლება გეოპოლიტიკა, მათ შორის, ის უპირობო შესაძლებლობები საქართველოსთვის, რომელიც აქამდე იყო, თუმცა საქართველო მოწყვეტილია რეალობას, ყველანაირ საუბარს, იქნება ეს ევროკავშირის ფორმატში შუა დერეფანზე, თუ ეს სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნების საკითხი,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შორსაა ილუზიისგან, რომ ყველაფერი დალაგდება, თუ „ქართული ოცნება“ არაფერს შეცვლის.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა