კრემლის "ქართული გეგმები" - პუტინს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის საქართველოზე გატარება სურს?! - კვირის პალიტრა

კრემლის "ქართული გეგმები" - პუტინს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის საქართველოზე გატარება სურს?!

ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ახალი მარშრუტის დაგეგმვა თურქეთზე გასასვლელად საქართველოს გავლით არის შესაძლებელი. ამის შესახებ რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელ ალექსანდრ შოხინმა განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.

მისი შეფასებით, ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „განვითარებას საჭიროებს, რომლის ფარგლებშიც, ასევე, სხვა მარშრუტებიც უნდა იქნეს განხილული.

„უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუ რკინიგზა აფხაზეთის გავლით თურქეთს დაუკავშირდებოდა“

„კერძოდ, კარგი მიმართულება იქნებოდა ჩრდილოეთ და „სამხრეთ“ ოსეთის გავლით საქართველოსა და თურქეთისკენ მიმავალი მარშრუტი. ამისთვის საქართველოსთან როგორმე ურთიერთობების აღდგენა არის საჭირო,“ - ამბობს შოხინი.

მისი თქმით, „კიდევ უფრო უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუ რკინიგზა აფხაზეთის გავლით თურქეთს დაუკავშირდებოდა.“

„ცხადია, ეს რთული გადაწყვეტილებებია, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან შედარებით, ხვდები, რომ მათი მოგვარება უფრო ადვილია,“ - ამბობს შოხინი.

მან ანალოგიური მოსაზრება გასული წლის სექტემბერშიც გამოთქვა, როცა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი” სამხრეთისკენ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის შექმნას შეძლებს, თუ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს გააფართოებს. შოხინის აზრით, ადრე თუ გვიან “სამხრეთ ოსეთის” სატრანზიტო პოტენციალი აღდგება და მისი ტერიტორია და ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო არტერიად გადაიქცევა. ის ამბობს, რომ “ამ ალტერნატიული მარშრუტით ჩინეთი არის დაინტერესებული, ამიტომ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად უნდა იქნეს აღქმული, რომელშიც ძლიერი მოთამაშეები მონაწილეობენ.” ამ პროექტის განხორციელებას შოხინი საშუალოვადიან პერსპექტივაში მოელის.

ცნობისთვის: იანვარში დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ხელისუფლება რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია VEB.RF-სთან ერთად ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტს ამუშავებს, რომელიც რუსეთიდან “სამხრეთ ოსეთის” გავლით ამიერკავკასიაზე, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთამდე გავა. გაგლოევის თქმით, ზემო ლარსის გავლით გზა ყველა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს და ადრე თუ გვიან “სამხრეთ ოსეთზე” გამავალი რკინიგზის მშენებლობის საჭიროება გაჩნდება.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ალაგირ-ცხინვალის რკინიგზის პროექტი ცხინვალში გამართულ ე.წ. პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე წარადგინა. მისი შეფასებით, ეს მარშრუტი ევრაზიის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია და რუსეთს, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს შორის „ხიდს“ წარმოადგენს.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მასშტაბური რკინიგზის პროექტი კომპლექსური სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურას, საწყობებსა და ლოგისტიკის ობიექტებს მოიცავს.

პროექტის პარტნიორი, რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაცია, VEB.RF 2018 წლამდე “ვნეშეკონომბანკის,” ხოლო 1988 წლამდე სსრკ-ის “ვნეშტორგბანკის” სახით ფუნქციონირებდა. კორპორაცია ფედერაციის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს აფინანსებს და რუსეთის განვითარების მთავარი ინსტიტუტია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა