"დედა მოსწრებოდა... 47 წლის მერე ვიპოვეთ და, ერთ უბანში გავზრდილვართ... უთხარით სიმართლე აყვანილ შვილებს!" - რას ჰყვება ოპერატორი გიორგი შეწირული? - კვირის პალიტრა

"დედა მოსწრებოდა... 47 წლის მერე ვიპოვეთ და, ერთ უბანში გავზრდილვართ... უთხარით სიმართლე აყვანილ შვილებს!" - რას ჰყვება ოპერატორი გიორგი შეწირული?

პოდკასტის "ვეძებ' მორიგ ეპიზოდში ოპერატორი გიორგი შეწირული ჰყვება ამბავს, თუ როგორ იპოვა ჯგუფის "ვეძებ" დახმარებით 47 წლის შემდეგ უფროსი და.

- გვიან ასაკში გათხოვდა დედა და გააჩინა პირველ სამშობიაროში პირველი შვილი... მესამე დღეს უთხრეს, რომ გარდაიცვალა, სტანდარტული სქემით, როგორც მერე გავიგე და როგორც ბევრთან მოხდა - ოთხშაბათსო გავაჩინეო, ხუთშაბათი, პარასკევი ვაჭმევდიო, პარასკევს საღამოს მითხრესო, რომ ბავშვი უეცრად გარდაიცვალაო... ისეთი მოულოდნელი იყო, თავიდან რომ ეთქვათო, რომ ცუდად არის, ან რაღაცა გართულებულ მშობიარობა, დავიჯერებდიო, მაგრამ არაფერიო, ჩვეულებრივი სახსალამათი დიდი ბავშვი იყოო... რით გარდაიცვალა, არ უთხრეს არაფერი... თან იმ მომენტში უცებო შოკში ვიყავიო... რომ მოვიკითხეო მერე ამბავი, რით გარდაიცვალა, აი ესე უეცარი სიკვდილი დადგაო, შაბათი-კვირა მოდისო და ვერ გავაკეთებთ ექსპერტიზას, ამიტომ უნდა დავკრძალოთო... ეს იყო ამბავი... ოღონდ მთელი ბავშვობა თითქოს შეგნებულად გვინერგავდა, არ სჯეროდა, რომ გარდაცვლილი იყო, ვერ იჯერებდა...

გიორგის თქმით, მოგვიანებით ჯგუფში დაპოსტა მისმა ბიოლოგიურმა დამ, მარიკამ, რომ დედას ეძებდა და გიორგის ბიძაშვილმა ის ძალიან მიამსგავსა დედას. ასე გავიდნენ კონტაქტზე, მერე გენეტიკურმა ტესტმაც დაადასტურა ეს ფაქტი და გიორგი ამბობს, რომ დღეს მას და მის ძმას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ უფროს დასთან. თითქოს დაკარგული არც ყოფილა. ასევე ამბობს, რომ მთავარი მიზანი, რის გამოც მოყვა ეს ამბავი, არის მიმართვა მშვილებელი ოჯახების მიმართ, რომ აუცილებლად გაუმხილონ ბავშვებს სიმართლე, რადგან ის გაშვილებულ დასთან ერთ უბანში გაიზარდა და არაფერი იცოდა. ასევე მას სურს, მისი მაგალითი გახდეს იმედი ყველასთვის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იპოვო ბიოლოგიური ოჯახი. ვრცლად