მუხის პარკეტი: თაფლისფრიდან ნისლისფრამდე - სილამაზე, რომელიც საუკუნეებს უძლებს
იცით რამდენია 12 000 თვე? ეს არის 10 საუკუნე - დრო, რომელსაც მუხის ხე უძლებს.
წარმოიდგინეთ, იატაკის საფარზე, რომელსაც ახლა დააგებთ, თქვენი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც კი გაივლიან. ეს ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ძალიან შორეული მომავალი იყოს, მაგრამ სრულებით შესაძლებელია თუ ხარისხიან მასალას აარჩევთ.
თაფლისფერი, კარამელისფერი, მარგალიტისფერი, ნისლისფერი, შოკოლადისფერი - ეს იმ ტონალობათა მცირე ჩამონათვალია, რითაც ნატურალური მუხის პარკეტი გამოირჩევა.
მუხის მასალად გამოყენების ისტორია მრავალ წელს ითვლის. ადამიანები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მიხვდნენ, თუ რაოდენ ძვირფასია ეს მერქანი.
ნატიფი, გემოვნებიანი, სადა, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მდიდრული - სწორედ ასეთია მუხის პარკეტი. ის ნებისმიერ სახლს მთელი თავისი დიდებულებით ერწყმის და დახვეწილ შტრიხებს სძენს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ ინტერიერს.
შთამბეჭდავია მისი მახასიათებლები - გამძლეობა და ბუნებრივი სილამაზე. ეს არის ნედლეული, რომელიც თავის ხარისხზე თვითონვე საუბრობს.
როდესაც დრო უძლურია
მუხაში საუკუნეების სიმტკიცე ერთიანდება. ამ ჯიშის ხეები ზოგჯერ 1000 წლამდე აღწევენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი 1300-1500 წელს ითვლის. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ და გამძლე მასალად ითვლება.
მსგავსი იატაკის საფარი გარემო პირობებისა და რთული მეტეოროლოგიური ფაქტორების მიმართ განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა. ამის გამო მუხის პარკეტი იდეალურია ნებისმიერ სივრცეში - იქნება ეს ხალხმრავალი საცხოვრებელი სახლები თუ კომერციული ფართები.
ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებებისადმი მდგრადობის წყალობით, ის ბუნებრივ ხიბლს მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადვილად რესტავრირდება.
ზედაპირის დამუშავების მრავალფეროვნება შესაძლებლობას იძლევა, რომ ხის პარკეტი ინტერიერის სტილს სრულად მოარგოთ. მუხის პარკეტის განსაკუთრებულობას სწორედ ეს უნიკალური თვისებები განაპირობებს.
მერქანი, რომელზეც ცხოვრების გზას გაივლით
ბავშვების პირველი ნაბიჯები, წარმატებით გამოწვეული სიხარული, ნაზი ცეკვა, სამეგობროს შეკრება თუ სევდიანი მომენტები - პარკეტი ყველაფრის თვითმხილველი და უშუალო მონაწილეა.
იატაკის საფარი უფრო მეტია, ვიდრე ინტერიერის შემადგენელი ნაწილი. ეს არის ზედაპირი, რომელიც ისტორიას ინახავს. მასზე ჩვენი ცხოვრების გზას გავდივართ. და რაც უფრო თავდაჯერებულად მივაბიჯებთ, მით უფრო უკეთ წარიმართება ჩვენი ყოველდღიურობა. ამიტომაც, ისეთი მნიშვნელოვანი სივრცისთვის, როგორიც სახლია, მაღალი ხარისხის პროდუქცია უნდა აარჩიოთ.
მუხა ის ნატურალური მასალაა, რომელსაც სახლებსა თუ ოფისებში ბუნების ძალა და ენერგია შემოაქვს. გაითვალისწინეთ, რომ იატაკის ეს საფარი სუნთქავს და ოთახში მიკროკლიმატს აყალიბებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე სამყაროში ადამიანები დროის დიდ ნაწილს სწორედ დახურულ სივრცეებში ვატარებთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხე გამორჩეულად გამძლეა. თუ გყავთ ბავშვები, რომლებიც იატაკზე თამაშობენ; მოუსვენარი შინაური ცხოველების პატრონი ხართ ან თქვენი სახლი სტუმრებითაა ხოლმე სავსე - შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მუხის პარკეტი ყველაფერს გაუძლებს და ძვირფას მოგონებებს შეინახავს.
მუხის კიდევ ერთი უპირატესობა იატაკქვეშა გათბობასთან იდეალური თავსებადობაა. ხის ფორმამდგრადობის გამო, იატაკის საფარი ტემპერატურის ცვლილებისას სტაბილურობას ინარჩუნებს და სითბოს თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს.
მუხის პარკეტის ფერთა გრადაცია და ფაქტურები
ხის პარკეტი ფერთა ფართო სპექტრით გამოირჩევა. დაწყებული ღია ნოტებით და დამთავრებული ბუნებრივი ყავისფერით ან მუქი, მათ შორის, smoked ტონებით.
ეს საშუალებას გაძლევთ, რომ ინდივიდუალური დიზაინი შექმნათ, სადაც ხასიათი მკვეთრად იგრძნობა. იატაკის საფარი არა მხოლოდ სივრცეს ალამაზებს, არამედ მას ხის მაცოცხლებელი ენერგიითაც ავსებს.
ზედაპირის ბუნებრივი დამუშავების წყალობით, ისეთი ფერები და სტრუქტურა იქმნება, რომელიც არ მეორდება. მეტიც, ხარისხი მხოლოდ ვიზუალურად კი არ აღიქმება, არამედ შეხებითაც იგრძნობა. აღსანიშნავია, რომ პარკეტის ზეთებით, ცვილით ან ლაქით დაფარვა მის გამძლეობასა და ექსპლუატაციის ვადას ზრდის.
როგორ უნდა მოუაროთ ხის პარკეტს?
მუხა არის მასალა, რომელიც საუკუნეებს უძლებს და თავისი სილამაზით ყველას ხიბლავს. რა თქმა უნდა, ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოუვლით ძვირფას მერქანს. მისი პირვანდელი იერსახის შენარჩუნება მხოლოდ ზრუნვითა და ყურადღებითაა შესაძლებელი. ამგვარად, მასზე თაობები გაიზრდება.
მუხის პარკეტის სიმკვრივე და ანტისტატიკური თვისებები მტვრის დაგროვებას ხელს უშლის. რეგულარული მოვლისთვის საკმარისია მტვერსასრუტის გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში, სველი წმენდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში, ბუნებრივი ცვეთა ნორმალურია. დროდადრო სპეციალური მოვლის საშუალებების გამოყენება კი დაგეხმარებათ, რომ იატაკმა პირვანდელი ფერი და ბზინვარება არ დაკარგოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მუხა ბუნებრივად ანტიალერგიულია, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა.
ინვესტიცია, რომელიც გამართლებულია
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუხის პარკეტი გრძელვადიანი ინვესტიციაა. მას თავისი ფერთა გრადაციით, ბუნებრივი ფორებითა და უნიკალურობით სივრცეში არა მხოლოდ სილამაზე, არამედ ბუნების ჩუმი ძალაც შემოაქვს.
ხის პარკეტი დახვეწილობის, გამძლეობისა და პრაქტიკულობის ერთგვარი ნაზავია. იქ, სადაც იატაკის მსგავსი საფარია გამოყენებული, მფლობელის გემოვნება და ინდივიდუალიზმი სახეზეა. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ სხვებისგან გამორჩეული საცხოვრებელი სივრცე გქონდეთ - ადგილი, სადაც ნამდვილად იგრძნობთ, რომ სახლში ხართ, უკვე იცით, არჩევანი რომელ მასალაზეც უნდა შეაჩეროთ. ენდეთ მერქანს, რომელიც 10 საუკუნესაც კი უძლებს.
R