“ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო - ამ ფონზე კობახიძის მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თანამდებობა დატოვოს!“ - ტატა ხვედელიანი
ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო. ამ ფონზე კობახიძის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იქნება , თანამდებობა დატოვოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა შეაფასა და როგორც აღნიშნა, ივანიშვილმა აჩვენა, რომ „კონსტიტუციურ წესრიგს პატივს არ სცემს“.
„თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ვიზიტის ფარგლებში მთავარი შეხვედრა იყო ის შეხვედრა, რომელიც „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან გაიმართა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილმა ზოგადად, სახელმწიფო მართვის სისტემა დააკნინა. მან ამ შეხვედრით და იქ განვითარებული მოვლენებით, რაც კადრებში ვნახეთ, ფაქტობრივად, კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო. ეს იყო იმის ნათელი მაგალითი, როგორ არ სცემს პატივს კონსტიტუციურ წესრიგს. მაშინ,როდესაც „ოცნება“ სუვერენიტეტის დაცვის ტყუილი მოტივით ახდენს იმ ადამიანების კრიმინალებად გამოცხადებას, რომლებსაც კრიტიკული აზრი აქვთ, ასევე, არ აღიარებენ კობახიძის მთავრობას და იჭერენ მათ, ვხედავთ იმ კადრებს, რაც ამ ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ. ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილი ხან საკუთარი თანაშემწის ფუნქციას აკისრებს კობახიძეს, ხან არაბული კომპანიის სარეკლამო მენეჯერად აქცევს მას...“